ლევან ხაბეიშვილი: [ევროპარლამენტის რეზოლუციაში] შავით თეთრზე დაწერეს, რომ ივანიშვილი არის საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: მიმდინარე წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო. მასში შეშფოთებაა გამოხატული ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. დოკუმენტში არაერთ საკითხსა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ რეზონანსულ მოვლენაზეა ყურადღება გამახვილებული.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ასრულებს ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი, მიუთითებს მის კონტროლზე მთავრობაზე, მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის პერსონალური და ბიზნესკავშირებით კრემლთან ღრმად შეშფოთებულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას განსაზღვრავს.
მართალია, დოკუმენტში პირდაპირ არ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხეა, თუმცა დოკუმენტის შინაარსი და ოლიგარქთან დაკავშირებით არსებული მძიმე შეფასებები, სწორედ ბიძინა ივანიშვილის როლსა და ამ როლით განპირობებული ფაქტორების პრობლემურობაზე მიანიშნებს. შესაბამისად, განცხადების მთლიანი კონტექსტი სწორია და „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
11 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილისგან მომავალ საფრთხეებზე ევროპარლამენტარები არათუ საუბრობენ, არამედ ეს საკითხი რეზოლუციაშიც ასახეს: „ამ ხალხმა რეზოლუცია მიიღო, სადაც შავით თეთრზე დაწერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხე. არათუ ამბობენ - რეზოლუცია მიიღეს. ხომ საუბრობენ, რომ 2-3 ევროპარლამენტარი რაღაცას იტყვის... და ამასობაში 300-ზე უფრო მეტმა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლის“.
„ფაქტ-მეტრმა“ ლევან ხაბეიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო. მასში შეშფოთებაა გამოხატული ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო.
რეზოლუციაში არაერთ საკითხსა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ რეზონანსულ მოვლენაზეა ყურადღება გამახვილებული. მათ შორისაა:
• 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე თავდასხმა;
• „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, რომელიც 5 ივლისის ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ მალევე გარდაიცვალა;
• „5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღირსების მარშის დროს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოვლენილ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ არასათანადო გამოძიება ან სისხლის სამართლებრივი დევნა;
• მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილზე გადანაცვლება;
• უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჟურნალისტებზე სავარაუდო თვალთვალი;
• ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელისთვის, ნიკა გვარამიასთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება „რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული მართლმსაჯულების სისტემისადმი უნდობლობას“.
• „მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
• „ლგბტ+ პირთა უწყვეტი დისკრიმინაცია“;
• „ხელისუფლების მუდმივი თავდასხმები“ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ და ა.შ.
ამავე რეზოლუციაში ანა ფოტიგას („ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“, ECR), მირიამ ლექსმანისა და („ევროპის სახალხო პარტია“, EPP), პეტრას აუსტრევიჩიუსის (Renew Europe) ინიციატივით შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას მოიცავს.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს, მიუთითებს მის კონტროლზე მთავრობაზე, მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პერსონალური და ბიზნესკავშირებით კრემლთან, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას განსაზღვრავს.
რეზოლუციაში ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღებიდან მალევე, 17 ივნისს, ევროკომისიამ 12 მოთხოვნა გამოაქვეყნა, რომელთა შესრულების პირობითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა. ერთ-ერთი მოთხოვნა „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულების შესრულებას ეხება. კერძოდ, ევროკომისიის თანახმად, საქართველომ უნდა აღმოფხვრას პირადი ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.
აღნიშნული რეკომენდაცია მმართველი გუნდის მხრიდან მანიპულაციების საგანი გახდა (თუ უშუალოდ ვის მიემართებოდა დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა), რასაც მალევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე და განმარტა, რომ EU კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს დებიძინიზაცია ან დეივანიშვილიზაცია სჭირდება: „როდესაც ძირითადი ფიგურები ქართულ ოცნებაში თავს იკატუნებენ და აჩვენებენ, რომ თითქოს არ ესმით, თუ რა ხდება, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ელიტის დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი, მე ვცდილობდი ამეხსნა, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ქვეყანა ხდება მძევალი და პოლიტიკური სისტემა ხდება ერთი პიროვნების მძევალი, რომელიც ცდილობს ყველაფერი ხელში ჩაიგდოს, მისი საკუთარი პირადი მცველები მინისტრებიც კი ხდებიან და ცდილობს ხელში ჩაიგდოს სამართალი, მედია, ყველამ იცის რა არის ქვეყნის ოლიგარქიზაცია“.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციულ როლს მხოლოდ ევროპელი პარტნიორები არ უსვამენ ხაზს. მაგალითისთვის, 2020 წლის ივლისში ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილში ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად მოიხსენიეს და აღნიშნეს, რომ ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა.
რაც შეეხება უშუალოდ ლევან ხაბეიშვილის განცხადების შეფასებას, მართალია დოკუმენტში პირდაპირ არ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხეა, თუმცა დოკუმენტის შინაარსი და ოლიგარქთან დაკავშირებით არსებული მძიმე შეფასებები, სწორედ ბიძინა ივანიშვილის როლსა და ამ როლით განპირობებული ფაქტორების პრობლემურობაზე მიანიშნებს. შესაბამისად, განცხადების მთლიანი კონტექსტი სწორია და „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
შენიშვნა: მოცემულ სტატიაში „ფაქტ-მეტრი“ არ მსჯელობს ბიძინა ივანიშვილის როლზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. სტატიაში განხილულია, ლევან ხაბეიშვილის განცხადება ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსს რამდენად შეესაბამება.