4 ოქტომბერს Facebook-მომხმარებელმა მიხეილ უკრაინოლოგმა სოციალურ ქსელში სატირული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციიდან“ ამოჭრილი და დამონტაჟებული ვიდეო ერთოდა, რომელშიც ცნობილი ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია შემდეგ ციტატას ამბობს: „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ძვირფასი მამაკაცი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია“. მიხეილ უკრაინოლოგი ვიდეოს შემდეგი სათაურით აქვეყნებს: “ვერ ივიწყებს ❤️🔥❤️🔥❤️🔥”.

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო, რომელსაც 1000-ზე მეტი რეაქცია, 150-ზე მეტი კომენტარი და 120-მდე გაზიარება აქვს, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და სატირული შინაარსი აქვს. რეალურად, 4 ოქტომბერს „TV პირველის“ ეთერში გასულ გადაცემა „რეაქციაში“ ინგა გრიგოლიას ჩართვა უკრაინის დუმის დეპუტატ ლიზა იასკოსთან ჰქონდა, რომელთანაც ინტერვიუს დაწყებამდე ჟურნალისტმა იასკოს სიტყვები წაიკითხა და შესაბამისად, ციტატის ბოლოს თავადვე დასძინა, რომ ეს ციტატა ლიზა იასკოს ეკუთვნოდა. „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ძვირფასი მამაკაცი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია. მაშინ რომ მცოდნოდა რამდენი მოღალატეა მის ირგვლივ, მხარს არ დავუჭერდი მის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ - ეს ლიზა იასკოს სიტყვებია“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ უკრაინოლოგის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ ნაწილში ეკრანზე ჩნდება წარწერა „ლიზა იასკოს განცხადება“. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მომხმარებლისთვის ვიდეო შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა.

ამდენად, ციტატა, რომელსაც Facebook-მომხმარებელი ინგა გრიგოლიას მიაწერს, სინამდვილეში, უკრაინის დუმის დეპუტატ, ლიზა იასკოს ეკუთვნის, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის 1 წლის თავთან დაკავშირებით კომენტარი გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ უკრაინოლოგი, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ზე 11 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, მანიპულაციურ და სატირული შინაარსის პოსტებს აქამდეც ავრცელებდა, ხოლო „ფაქტ-მეტრს“ მის შესახებ არაერთი სტატია აქვს მომზადებული (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5457 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი