იტვირთება

სოციალური ქსელში გავრცელდა პოსტი, რომლის თანახმადაც რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-მა გააჩაღა, რათა NATO-ს ერთიანობა შეენარჩუნებინა. აღნიშნულის დასადასტურებლად, პოსტში მოყვანილია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვები - „ნატოს ტვინი მკვდარია და შესაბამისად ალიანსი კვდება“. რეალურად, კონკრეტული პოსტი კარგად ცნობილ რუსულ დეზინფორმაციას წარმოადგენს, რომ თითქოს უკრაინაში ომის დაწყებაში დამნაშავე არა რუსეთი, არამედ აშშ და NATO-ა.

სინამდვილეში, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრა განახორციელა, რომლის გამართლებასაც კრემლი უკრაინის „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციის“ აბსურდული საბაბით ცდილობდა.

24 თებერვლამდე, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის მიზეზი და მაპროვოცირებელი ფაქტორი მოსკოვის ქმედებები იყო, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიასა და მისი საზღვრების სიახლოვეს 190,000-მდე სამხედროსა და დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკის მობილიზებაში გამოიხატა. პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათი ათასობით ჯარისკაცი განალაგა. შემდგომ რუსეთი ამტკიცებდა, რომ დანაყოფების ნაწილი უკან გაიყვანა. თუმცა რუსეთმა მხოლოდ ჯარის მცირე ნაწილი გაიყვანა და უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობის სამხედრო ძალა დატოვა. 2021 წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

2021 წლის დეკემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობის გაუქმება მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდებიან. მოგვიანებით, კრემლმა დასავლეთს „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ მომზადებული სპეციალური პროექტიც გადასცა, რომელშიც, რუსეთი NATO-ს სამომავლო გაფართოებას დაუშვებლად მიიჩნევდა, და ფაქტობრივად, აშშ-სა და NATO-ს სამხედრო ნაწილებისა და შეიარაღების 1997 წლის მდგომარეობით, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებამდე, არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას მოითხოვდა. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასავლეთს „სამხედრო-ტექნიკური პასუხით“ დაემუქრა.

რუსეთის მიერ სამხედრო ძალების კონცენტრაციისა და „უსაფრთხოების გარანტიების“ მოთხოვნის საპასუხოდ, დასავლეთმა მოსკოვს კრიზისის დიპლომატიური დეესკალაციის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. კერძოდ, 2021 წლის 7 დეკემბერს რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ბაიდენმა მკაფიოდ დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებდნენ.

უფრო მოგვიანებით, ბაიდენმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში NATO-ს აღმოსავლეთის საზღვარი გაძლიერდებოდა, რაც ვლადიმერ პუტინმა უკვე იცოდა. ენტონი ბლინკენმაც ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ გზებზე, რომელიც ვაშინგტონმა რუსეთს მიმდინარე კრიზისის განსამუხტად შესთავაზა- „ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ მკაფიო არჩევანი. ერთის მხრივ, არჩევანი დიპლომატიისა და დიალოგის, ან კონფრონტაციისა და შედეგების. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა რუსეთთან დიპლომატიური ჩართულობის ინტენსიური სერია, უშუალოდ ჩვენ შორის, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საშუალებით NATO-ში და ასევე ეუთოში, რუსეთის ფედერაციის საბჭოსთან. და მე კვლავ ვიტოვებ იმედს, რომ რუსეთი ამ დიპლომატიურ გზას გააგრძელებს“.

26 იანვარს ვაშინგტონმა კრემლის მოთხოვნებს წერილობით უპასუხა და მოსკოვს უკრაინის და სხვა საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარება კიდევ ერთხელ შესთავაზა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: „ჩვენ ვერ და არ უარვყოფთ იმ პრინციპებს, რომლებზეც ჩვენი მოკავშირეებისა და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოება დგას. ეს მოიცავს თითოეული სახელმწიფოს უფლებასაც, თავად გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის რა ზომების მიღებაა საჭირო. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებით მუქარისგან, აგრესიული რიტორიკისგან და სხვა ქვეყნების დამაზიანებელი ქმედებებისგან.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, თებერვალში აშშ-ისა და NATO-ს მიერ რუსეთის ულტიმატუმზე წერილობითი დოკუმენტი მედიაში გავრცელდა. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აშშ და NATO მზად არიან, გააგრძელონ რუსეთთან დიალოგი უსაფრთხოებაზე, თუმცა ამის მთავარ პირობად უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციას და უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ასახელებენ. ასევე, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს შესთავაზა მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტების განლაგების თაობაზე, მაგრამ ვაშინგტონმა მკაცრად უარყო ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებების შეზღუდვა, „აირჩიოს ან შეცვალოს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები“. უფრო მოგვიანებით, 17 თებერვალს გადაწყდა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, შეხვედრა ჩაიშალა.

აგრესიის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოსკოვს ევროპელი ლიდერებიც მოუწოდებდნენ. მოსკოვს კრიზისის დეესკალაციისთვის და პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად 7 თებერვალს - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხოლო 15 თებერვალს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი კი 10 თებერვალს სერგეი ლავროვს შეხვდა. ასევე 15 თებერვალს ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ერთმანეთთან სატელეფონო საუბრისას კრიზისის აღმოფხვრის დიპლომატიურ გზას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი.

მიუხედავად დასავლური სამყაროს მცდელობისა, რომ უკრაინის კრიზისი მშვიდობიანად, დიპლომატიური გზებით მოგვარებულიყო, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი წამოიწყო. უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას პრეტექსტად, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოზე რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სამხედრო რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარება უძღოდა. 24 თებერვალს, გამთენიისას კი ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს: „დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს....მე მივიღე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება. მისი მიზანია, დაიცვას ის ხალხი, რომელიც 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის მხრიდან გენოციდის მსხვერპლი იყო. ჩვენ ვიბრძოლებთ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისათვის. ასევე, პასუხისგებაში მიეცემიან პირები, რომელთაც მრავალრიცხოვანი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მცხოვრებლების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ“. ამდენად, მტკიცება რომ უკრაინაში ომი არა რუსეთს, არამედ აშშ-ს თუ NATO-ს სურდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ წამოჭრილ NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხს, რომელიც თითქოსდა რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მის ალყაში მოქცევას ცდილობს, სიმართლეს ასევე არ წარმოადგენს. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერება რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ ხდებოდა.

2014 წლამდე, ალიანსს ბალტიისპირეთში თავისი ძალები განთავსებული არ ჰყოლია, თუმცა 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდგომ, NATO-მ აღმოსავლეთ ფლანგზე მნიშვნელოვნად გააძლიერა თავდაცვისუნარიანობა და ოთხ ქვეყანაში - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთში მრავალეროვნული ჯგუფები განალაგა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, მოკავშირეებმა აღმოსავლეთის ფლანგზე არსებული დანაყოფები გააძლიერეს და შეთანხმდნენ დამატებით ოთხი მრავალეროვნული ჯგუფის განლაგებაზე ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ NATO წლების განმავლობაში რუსეთს პარტნიორად მოიხსენიებდა. მაგალითისთვის, NATO-ს 2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ NATO-ს რუსეთთან თანამშრომლობა სურს და ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „NATO-რუსეთის თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის ხელს უწყობს საერთო მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხო სივრცის შექმნას. NATO რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პირიქით: ჩვენ გვსურს ვიხილოთ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა NATO-რუსეთს შორის, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ და რუსეთის მხრიდანაც იმავეს ველით“,- წერია 2010 წლის NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში.

ხოლო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდგომ, NATO-ს მადრიდის სამიტზე მიღებულ NATO-ს ახალ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ NATO რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობას ვეღარ განიხილავს და ის ალიანსისთვის პირდაპირ საფრთხედ არის გამოცხადებული. „რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ სივრცეში. რუსეთი იძულების, დივერსიის, აგრესიის და ანექსიის გზით ცდილობს გავლენისა და პირდაპირი კონტროლის სფეროების ჩამოყალიბებას. ის იყენებს კიბერ და ჰიბრიდულ საშუალებებს NATO-სა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ“ - აღნიშნულია კონცეფციაში.

საგულისხმოა, რომ პუტინის მმართველობის პირველ წლებში კრემლი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საფრთხედ არ განიხილავდა და მეტიც, ალიანსთან თანამშრომლობის სურვილს გამოხატავდა. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ალიანსის გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონს ჰკითხა NATO რუსეთს წევრად როდის მიიწვევდა. გარდა ამისა, 2003 წელს პუტინმა პრესკონფერენციაზე ნატო-უკრაინის კონტექსტში განაცხადა, რომ „უკრაინა თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოა და თავად აირჩევს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკუთარ გზას“.

კრემლის მტკიცება, რომ უკრაინაში ომი დასავლეთის წაქეზებით მიმდინარეობს, სიცრუეა. რუსეთი ცდილობს საკუთარი აგრესიული ქმედებები სხვა სახელმწიფოებს გადააბრალოს. დღეს მოსკოვი თავის მრავალწლიან პრაქტიკას აგრძელებს და საკუთარი აგრესიული ნაბიჯებით სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას არღვევს, როგორც ეს მოხდა მაგალითად, 2008 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეჭრით, 2014 წელს კი უკრაინაში შეჭრითა და ყირიმის ანექსიის შემთხვევაში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღეს NATO უკრაინაში მიმდინარე ომში არ არის ჩაბმული და კონფლიქტის მონაწილე მხარეს არ წარმოადგენს. NATO გმობს დამოუკიდებელ, მშვიდობიან, დემოკრატიულ და NATO-ს ახლო პარტნიორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულ სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს. რუსული აგრესიის დაწყების შემდგომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. თუმცა უშუალოდ NATO-მ უკრაინას ჰუმანიტარული და არალეტალური დახმარება გადასცა, მაშინ როდესაც ინდივიდუალურად NATO-ს წევრები უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას აგრძელებენ.

NATO, როგორც ორგანიზაცია თავს იკავებს კონფლიქტში ჩართულობისგან, ამიტომაც ის არც საკუთარ სამხედროებს აგზავნის უკრაინაში და არც ცას ხურავს რუსეთისთვის. როგორც NATO-ს ოფიციალური ვებგვერდი განმარტავს, NATO-ს ქმედებები თავდაცვითია და არის მიმართული არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ალიანსს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ომი არ გავრცელდეს უკრაინის საზღვრებს მიღმა და არ მოჰყვეს კიდევ უფრო საშიში და დამანგრეველი შედეგები. ფრენის აკრძალული ზონების ამოქმედება კი NATO-ს ძალებს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაბმას გამოიწვევს, რაც მნიშვნელოვნად გაამწვავებს ომის მიმდინარეობას და მონაწილე ქვეყნებისთვის დამანგრეველ შედეგებს.

შესაბამისად, უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის დაწყების ბრალეულობა რუსეთის ფედერაციას მიუძღვის და აშშ-ს, NATO-ს და სხვა დასავლურ სახელმწიფოებს ომის დაწყებასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი