იტვირთება

ნიკა მელია: ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის მანიპულირება

რეზიუმე: ევროკომისიის ანგარიშში 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებებია გამოყენებული. კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, თუმცა გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლამ, არჩევნებზე გავლენა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ხარვეზები სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ანგარიშის შეფასებები არ შეიძლება აღქმული იყოს ისე, თითქოს ევროკომისიამ საქართველოს 2020 და 2021 წლის არჩევნების გაყალბება აღიარა.

ანალიზი:

2022 წლის 10 აგვისტოს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - ნიკა მელია, გამოეხმაურა და განაცხადა: „ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე“.

ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება. ანგარიში 2021 წლის 5 თებერვლის შემდეგ პერიოდს მოიცავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, თუმცა კანონის უზენაესობასა და მმართველობის საკვანძო სფეროებთან (მათ შორის სასამართლო სისტემასთან), ასევე, ადამიანის უფლებების სფეროში არსებით უკუსვლასთან დაკავშირებით, შეშფოთებაა გამოთქმული.

დოკუმენტში, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ისე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებებია მოყვანილი. ასევე, მიმოხილულია არჩევნებთან დაკავშირებული რეფორმების და რეკომენდაციების შესრულების ზოგადი პროცესი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნითი ანგარიშის თანახმად, „არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა“.

რაც შეეხება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ევროკომისია ამ შემთხვევაშიც ეუთო/ოდირის შეფასებებს ციტირებს. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ მუდმივმა პოლარიზაციამ, ნეგატიური რიტორიკის გამწვავებასთან ერთად, უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო და კანდიდატებს, როგორც წესი, შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად წარემართათ, მაგრამ ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ გაგრძელდა. რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს და საასპარეზო პირობები შეცვალა.

ამ შეფასებების გათვალისწინებით, ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ( 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები, ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ და ა.შ.), 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს საფრთხეს უქმნიდა.

როგორც ზემოთ განხილულიდან ჩანს, ევროკომისიამ საქართველოში ჩატარებული ბოლო 2 არჩევნები საკმაოდ უარყოფითად შეაფასა. მეტიც, ანგარიშში ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლის შერყევის საფრთხედ სწორედ 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები და 2021 წლის არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზებია დასახელებული. მსგავსი მწვავე შეფასების მიუხედავად, ანგარიშში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საარჩევნო გარემო კონკურენტული და ზოგადად, ამომრჩეველთა ძირეული უფლებები დაცული იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნიკა მელიას მტკიცება, რომ ევროკომისიის ანგარიშში საქართველოში არჩევნების გაყალბების შესახებ არის საუბარი, არის მანიპულაცია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4553 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი