იტვირთება

2022 წლის 17 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელზე დაყრდნობითაც პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ჩინეთში ხალხი მოტყუებითა და დაშინებით აცრეს.

აღნიშნული ვიდეო ყაზახურ მედიასივრცეში ფართოდ გაზიარდა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად - რომ პანდემიასა და Covid-19-ით გარდაცვლილთა შესახებ ახალი ამბების სიუჟეტები დადგმული იყო და და მათში მსახიობები თამაშობდნენ, ხშირად გამოიყენებოდა. დასახელებული ვიდეო ფაქტების გადამმოწმებელმა ყაზახურმა მედიამ შეისწავლა.

სინამდვილეში, ვიდეო რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ჩინური დრამის გადაღების პროცესს ასახავს. ვიდეოს ორიგინალი ვერსია ჩინეთში ვიდეოების გაზიარების ონლაინ პლატფორმა Douyin-ზე მომხმარებელმა Jin Jin-მა 2020 წლის 19 აპრილს შემდეგი აღწერილობით გამოაქვეყნა: „გადაღების დროს მთელი დღის განმავლობაში პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სრულ კომპლექტს ვატარებ. სრულიად დალუქულს. თითქმის შეუძლებელი იყო სუნთქვა. შევიგრძნობ თეთრებში გამოწყობილი მეომრების შრომატევად საქმიანობას“. პლატფორმაზე ვიდეო ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ჰონგ-კონგში დაფუძნებული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Annie Lab-მა ფილმის გადაღების პროცესიდან Jin Jin-ის მიერ გავრცელებული ვიდეოების ეკრანის ანაბეჭდები შეინახა.

Annie Lab-ის მიერ გადაღებულ ეკრანის ანაბეჭდზე ჩინური დრამის გადაღების კადრი სხვა რაკურსიდანაც ჩანს. ვიდეოს აღწერაში Jin Jin ამბობს: „[ჩემზე] როგორც მსახიობზე, ანტი-პანდემიურ დრამაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. შინაარსთან სრულ კავშირს ვგრძნობ!“

ფილმის იმავე სცენის კადრები kuaishou-ზეც, კიდევ ერთ პლატფორმაზე, გავრცელდა. ვიდეოს ავტორის აღწერაში კვლავ დასტურდება, რომ მსახიობი ფილმის გადაღებაში მონაწილეობს და კადრები გადასაღებ მოედანს ასახავს.

2020 წლის 25 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოს კიდევ ერთ ეკრანის ანაბეჭდზე ფილმის სხვა კადრის გადაღების პროცესი ჩანს.

Annie Lab 2022 წლის 9 ივნისს თავად მსახიობს დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ ფილმის გადაღება უკვე დასრულდა თუმცა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

ცნობისთვის, პანდემიის თემატიკაზე დაფუძნებული რამდენიმე ფილმი ჩინეთში აქამდეც გადაიღეს. მაგალითად „ჩინელი ექიმები“(2021), ვუჰანის პროვინციაში პანდემიასთან ბრძოლას ასახავს, სატელევიზიო სერიალი „Zai Yi Qi“ კი, რომლის გამოშვება 2020 წელს დაიწყო, პანდემიასთან დაკავშირებულ რეალურ ამბებსა და ადამიანთა ისტორიებს ეფუძნება.

შესაბამისად, სოციალური ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერილობა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩინეთში ხალხი მოტყუებითა და დაშინებით აცრეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოში არსებული კადრები ფილმის გადასაღებ მოედანს ასახავს.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი