იტვირთება

„ალტ-ინფოს“ დღის ეთერში „ინოვაციურ საწარმოთა გაერთიანების“ თავმჯდომარე თამაზ ვაშაკიძე იმყოფებოდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა. გადაცემაში სტუმარმა ამერიკელ დიპლომატსა და ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ზბიგნევ ბჟეზინსკის ყალბი ციტატა მიაწერა. თამაზ ვაშაკიძის მტკიცებით, 1998 წელს ბჟეზინსკიმ თავისივე წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა – აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები“ დაწერა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის მიზანი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა და რუსეთის დანგრევაა, რისთვისაც, შეერთებულ შტატებს უკრაინის გამოყენება სურს: „98 წელს, როდესაც ბჟეზინსკიმ დაწერა ის წიგნი „დიდი ჭადრაკის დაფა“ [„დიდი საჭადრაკო დაფა“] იმ წიგნში პრინციპში ჩამოაყალიბა ის პოლიტიკა, რაც შეერთებულ შტატებს დანარჩენ მსოფლიოსთან აქვს და ავტორმა თავისივე წიგნის კომენტარებში ასეთი რამე დაწერა, რომ სსრკ დავანგრიეთ, ახლა უნდა ვებრძოლოთ მართლმადიდებლობას, დავანგრიოთ რუსეთი, რისთვისაც უნდა გამოვიყენოთ უკრაინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან ცნობილია რუსების მიმართ თავისი მოღალატეობრივი პოლიტიკით”, - აცხადებს თენგიზ ვაშაკიძე.

სინამდვილეში, ბჟეზინსკის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების და მასთან დაახლოებულ პირებთან ინტერვიუების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ გავრცელებული ციტატა ყალბია და ისინი ბჟეზინსკის წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა” არსად გვხვდება.

ბჟეზინსკის წიგნში სიტყვა მართლმადიდებლობა/ორთოდოქსი სულ 5-ჯერ აქვს გამოყენებული და აქედან არც ერთი არ არის იმ ფორმით ან იმ კონტექსტით, როგორც მას თენგიზ ვაშაკიძე ციტირებს. ბჟეზინსკი წიგნში საბჭოთა კავშირის დოგმატურ, ორთოდოქსულ დოქტრინაზე საუბრობს და წერს, რომ კომუნიზმმა რუსულ მართლმადიდებლობას უღალატა.

თენგიზ ვაშაკიძე იმასაც ამტკიცებს, რომ ამერიკის მიზანი რუსეთის დანგრევაა, რისთვისაც უკრაინის გამოყენება სურს. სინამდვილეში, რუსეთის დაშლაზე წიგნში არსად არის საუბარი. სიტყვა „დაშლა“ წიგნში მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის კონტექსტში გვხვდება. რაც შეეხება უკრაინას, ბჟეზინსკი წიგნში უკრაინის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე წერს, თუმცა, რუსეთის დაშლისთვის უკრაინის „გამოყენებაზე“ არსად საუბრობს. თენგიზ ვაშაკიძის მტკიცებით, ბჟეზინსკი უკრაინას რუსეთის მიმართ მოღალატეობრივი პოლიტიკით ახასიათებს, თუმცა სიტყვა „მოღალატე“ წიგნში უკრაინას არსად მიემართება.

უკრაინასთან დაკავშირებით ბჟეზინსკი თავის წიგნში წერს, რომ რუსული ევრაზიული იმპერიის პროექტი უკრაინის გარეშე წარუმატებელი იქნება, რადგან რუსეთი, ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტებით გადატვირთულ, არა ევროპულ, არამედ აზიური ტიპის იმპერიად ჩამოყალიბდება. ბჟეზინსკი წიგნში რუსეთის განადგურებაზე არსად საუბრობს და უმეტესად რუსეთის განვითარების შესაძლებლობებს და უკრაინასთან ურთიერთობებს მიმოიხილავს. ის აღნიშნავს, რომ უკრაინა საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ეთნიკურად რუსეთთან ყველაზე ახლოს მდგარი ქვეყანაა, რომლის დასავლურმა პერსპექტივამაც რუსულ იმპერიულ ინტერესებს დიდი ზიანი მიაყენა. ბჟეზინსკი იმასაც აღნიშნავს, რომ აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობისთვის აუცილებელია ამ უკანასკნელმა თავისი იმპერიული ნოსტალგია გადალახოს, გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო და კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: უკრაინა და საქართველო.

ავტორი იმედოვნებს, რომ სწორედ რუსეთის ახალი თაობა აქცევს ზურგს რუსეთის ეროვნულ-იმპერიალისტურ პროექტს და დემოკრატიისა და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ შემობრუნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბჟეზინსკი ოპტიმისტურად აღიქვამს რუსეთის სამომავლო განვითარებას და ხაზს უსვამს უკრაინის მნიშვნელობას რუსეთის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესებისთვის. ავტორი რუსეთის დასავლური ტიპის სახელმწიფოდ გარდაქმნის შესაძლებლობას და რუსეთის ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივასაც განიხილავს. წიგნის მეოთხე თავში („შავი ხვრელი“) რუსეთისა და დასავლეთის დაახლოების შესახებ ბჟეზინსკი შემდეგნაირად წერს: „რა არის რუსეთის და სად არის რუსეთის“ რედეფინიციის პროცესი, მოხდებოდა, ალბათ, მხოლოდ თანდათანობით და, ამისთვის, დასავლეთმა უნდა დაიკავოს ბრძნული და მტკიცე პოზიცია. ამერიკასა და ევროპას მოუწევთ მას დაეხმარონ. მათ რუსეთს უნდა შესთავაზონ არა მარტო სპეციალური ხელშეკრულების დადება ანდა ნატოსთან ქარტია, არამედ რუსეთთან ერთად თანამშრომლობის ტრანსკონტინენტალური იმ სისტემის მომავალი შესაძლებელი ფორმის შესწავლის პროცესის დაწყება, რომელიც მნიშვნელოვანწილად სცილდება ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ბუნდოვანი სისტემის ფარგლებს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ციტატა, რომელსაც ბჟეზინსკის მიაწერენ, წლებია სხვადასხვა ფორმით კრემლისტურ მედიაში ვრცელდება. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) პროექტის, EUvsDisinfo-ს თანახმად, 2017 წელს მსგავსი ციტატა, რომელიც ბჟეზინსკის წიგნს „დიდი საჭადრაკო დაფა“ მიეწერებოდა, Esquire magazine-ის რუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა: „აი, რას წერდა ის თავის ცნობილ წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“ (გამოქვეყნდა 1997 წელს): „ახალი მსოფლიო წესრიგი აშენდება რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის ხარჯზე. ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, ჩვენ დავანგრევთ რუსეთს“. მსგავსი შინაარსის ციტატა მიაწერა ბჟეზინსკის რუსმა რომანისტმა და მემარჯვენე რადიკალმა ზახარ პრილეპინმაც: „ოცდამეერთე საუკუნე აშენდება რუსეთის ხარჯზე, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის წინააღმდეგ“. ამ ციტატას სხვადასხვა ფორმით იმეორებდნენ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ნატალია ნაროჩინიცკაია და აკადემიის ჯილდოს მფლობელი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი.

გავრცელებულ ყალბ ციტატებთან დაკავშირებით ბჟეზინსკის კოლეგები Polygraph-თან კომენტარში აცხადებენ, რომ ყალბი ციტატის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია, ხოლო ბჟეზინსკი, სინამდვილეში, რუსეთის მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედოვნებდა, რომ რუსეთი დემოკრატიისკენ და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ შემობრუნდებოდა. Polygraph-თან ინტერვიუში CEPA-ს უფროსი მკვლევარი განმარტავს, რომ რუსეთის მთავრობა ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ცდილობდა, რომ ბჟეზინსკი ჯერ საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ რუსეთის დაშლის შესახებ განცხადებებში დაედანაშაულებინა, რასაც ამერიკელი დიპლომატი თავის წიგნებსა და გამოსვლებში, რეალურად, არსად ამბობდა. „ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია, რაც არა მხოლოდ ბჟეზინსკის, არამედ მოსკოვში არსებული შიშის გამო ხდება, შიშის იმისა, რომ იმპერიას, რომელსაც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ, დაშლის პირასაა. ამიტომ, ისინი განტევების ვაცს ეძებენ, რათა დასავლეთის წინააღმდეგ თავიანთი კამპანია გაამართლონ“, - აცხადებს ბუგაისკი.

ამდენად, ალტ-ინფოს ეთერში თენგიზ ვაშაკიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. ციტატა, რომელსაც ვაშაკიძე ამერიკელ დიპლომატსა და ყოფილ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ზბიგნევ ბჟეზინსკის მიაწერს, გამოგონილია და მის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა - აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები“, არსად გვხვდება.

------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4553 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი