იტვირთება

14 აგვისტოს ტრისტან წითელაშვილმა „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „განსხვავებული აზრი“ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა. გადაცემა რამდენიმე დეზინფორმაციულ მსჯელობას მოიცავს, მათ შორის მტკიცებას, რომ NATO-მ 1999 წელს სერბეთი ტრადიციების და მართლმადიდებლობის დაცვის გამო დაბომბა, რუსეთი იძულებული გახდა კიევის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაეწყო, რადგან უკრაინაში ლაბორატორიებში ბაქტერიოლოგიურ იარაღს ამზადებდნენ, რუსები უკრაინულ ტყვეებს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ექცევიან და დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილს სამხედრო დახმარებას უკრაინელი მაღალჩინოსნები ითვისებენ.

დეზინფორმაცია #1: NATO-მ სერბეთში მიზანმიმართულად მართლმადიდებლური სოფლები და ეკლესიები დაბომბა

ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე 90-იან წლებში დაწყებული კოსოვოს ომი შეერთებული შტატების მიერ იყო წაქეზებული. მისი თქმით, ვაშინგტონმა ეთნიკურ სერბებსა და ალბანელებს შორის კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. წითელაშვილმა აღნიშნა, რომ NATO-მ, რომელიც კონფლიქტში 1999 წელს ჩაერია, ტრადიციების დამცველი სერბეთის სადამსჯელო ოპერაცია განახორციელა და სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ობიექტები კი არა, მართლმადიდებლური სოფლები და ეკლესიები დაბომბა.

რეალურად, კოსოვოს ომი დასავლეთის პროვოცირებული არ ყოფილა. სერბებსა და კოსოვარ ალბანელებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება ომის დაწყებამდე ბევრად ადრე დაიწყო. 1974 წელს იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ლიდერმა იოსიპ ბროზ ტიტომ სერბეთის შემადგენლობაში არსებულ რეგიონ კოსოვოს ფართო ავტონომია მიანიჭა. ამ გადაწვეტილებამ სერბებს შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კოსოვოს რეგიონს ისინი სერბეთისთივს ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორიად მიიჩნევდნენ. 1987 წელს სერბეთის კომუნისტური პარტიის ლიდერად სლობოდან მილოშევიჩი სწორედ იმ პირობით აირჩიეს, რომ კოსოვოს რეგიონზე სერბეთის კონტროლს აღადგენდა. 1989 წელს სერბეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მილოშევიჩმა კოსოვოს დამოუკიდებლობა ჩამოართვა და მისი მთავრობის დასაშლელად 1990 წელს სამხედროები გაგზავნა. იუგოსლავიის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ კოსოვარებსა და სერბებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება დაიწყო. 1996 წელს კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია ჩამოყალიბდა და კოსოვოში განლაგებულ სერბ პოლიციელებს დაესხა თავს. საპასუხოდ სერბეთის არმიამ 1998 წლის დასაწყისში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რომლის შედეგადაც კოსოვოს დატოვება ასობით ათას ალბანელს მოუწია. Human Rights Watch-ის ანგარიშების თანახმად, 1999 წლის 24 მარტიდან 12 ივნისამდე სერბეთისა და იუგოსლავიის სამთავრობო ძალებმა კოსოვარი ალბანელების წინააღმდეგ ტერორის, მკვლელობებისა და ეთნიკური წმენდის კარგად ორგანიზებული კამპანია აწარმოეს. კონფლიქტს 8000-ზე მეტი კოსოვარისა და 1500 მეტი სერბი მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა.

საერთაშორისო საზოგადოებამ თავდაპირველად კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სცადა, თუმცა 1999 წლის თებერვალში საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში გამართული მოლაპარაკებები მომდევნო თვეს ჩაიშალა. NATO-მ კონფლიქტის შესაჩერებლად საჰაერო დარტყმები 24 მარტს დაიწყო. დაბომბვის კამპანია 11 კვირას გაგრძელდა და სერბეთის დედაქალაქი ბელგრადიც მოიცვა. საბოლოოდ, NATO-მ და იუგოსლავიამ სამხედროების გამოყვანისა და ერთ მილიონამდე ეთნიკური ალბანელი ლტოლვილის დაბრუნების შესახებ შეთანხმებას ივნისში მიაღწიეს. საჰაერო დარტყმების სამიზნეს არა მართლმადიდებლური ეკლესიები და მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების წარმოადგენდა. თუმცა, კამპანიას ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად NATO-ს დაბომბვების შედეგად დაახლოებით 1000 სამხედრო და 500 მშვიდობიანი პირი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ NATO რეგიონში ეთნიკურ და რელიგიური ნიშნით ძალადობას ნებისმიერი ჯგუფის, მათ შორის მართლმადიდებლების წინააღმდეგაც, ეწინააღმდეგებოდა. 1999 წლის ზაფხულში სვეტი სპასას მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქება ალიანსმა დაგმო და შემთხვევას „სალოცავი ადგილზე ლაჩრული თავდასხმა“ უწოდა.

დეზინფორმაცია #2: უკრაინაში ბაქტერიოლოგიურ იარაღს ამზადებდნენ და რუსეთი ამიტომ გახდა იძულებული უკრაინას თავს დასხმოდა

უკრაინაში არსებული კვლევითი ლაბორატორიები კრემლის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნედ რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე იქცა. მოსკოვი ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ უკრაინაში განხორციელებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ლეგიტიმურია, რადგან რუსეთის მეზობლად აშშ-ის დახმარებით ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი იქმნებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ 6 მარტს ირწმუნებოდა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს აღმოაჩინეს სამხილები, რომ უკრაინამ აშშ-ს მიერ დაფინანსებულ „სამხედრო-ბიოლოგიურ“ ლაბორატორიებში მიმდინარე პროგრამების კვალი საგანგებო რეჟიმში გააქრო. აღნიშნულის შესახებ მოგვიანებით თავად საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოჩენილმა ფაქტებმა აშშ-ის არალეგიტიმური ქმედებების კოლოსალური ფარგლები აჩვენა, რომლის მიზანიც მთელ მსოფლიოში ამერიკული სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიების გავრცელებაა. მოგვიანებით, 24 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოს მომავალში რუსეთი წარმოადგენდა ორიგინალ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ პენტაგონში დამტკიცდა პროექტი - Ю-Пи-2 - რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის ენდემურ, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე ანალიზის ჩატარებას. აღნიშნული სამუშაო მოიცავდა ციმბირის წყლულის ახალი შტამების მიღებას.

საკუთარი ბრალდებების დასასაბუთებლად რუსეთს დღემდე არანაირი სარწმუნო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სინამდვილეში, უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო. უკრაინა პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად.

დეზინფორმაცია #3: რუსები ტყვეებს საერთაშორისო კონვეციით გათვალსიწინებული ნომრების ფარგლების მიხედვით ექცევიან

კრემლი და მისი მხარდამჭერები ხშირად ავრცელებენ გზავნილს, რომ რუსეთი დატყვევებულ უკრაინელებს ჰუმანურად ექცევა და შესაბამის საერთაშორისო ნორმებს იცავს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების მისიის თანახმად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ტყვეებს აწამებენ და არაადამიანურად ექცევიან. მისიამ აღნუსხა ტყვეების უფლებების შელახვის მთელი რიგი ფაქტები, რომლებიც შესაძლოა ომის დანაშაულებად კვალიფიცირდეს. უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების მისიის ხელმძღვანელი მატილდა ბოგნერის თქმით, უკრაინული მხარისგან განსხვავებით, რომელიც გაეროს ტყვეების ბანაკებზე შეუზღუდავი მონიტორინგის საშუალებას აძლევს, კრემლი სამონიტორინგო ჯგუფს დაწესებულებების მონახულების საშუალებას არ აძლევს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელები, რომლებმაც რუსულ ტყვეთა ბანაკებს თავი დააღწიეს აცხადებენ, რომ რუსები "ჯოჯოხეთურ პირობებში" ამყოფებდნენ. მათი თქმით, ბადრაგები პატიმრებს რეგულარულად სცემდნენ და მხოლოდ იმდენ საკვებს აძლევდნენ, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. რუსების მიერ დატყვევებულმა უკრაინის მშვიდობიანმა მოქალაქემ სტას ჰლუჩკომ, რომელიც კოლონია N 120-დან, იგივე ოლენივკას ციხიდან, 4 ივლისს გაათავისუფლეს, New York Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბანაკის მცველები ერთგვარ „კორიდორს“ აკეთებდნენ, ახალ მოსულ პატიმრებს მასში გავლას აიძულებდნენ და ჯაჭვებით და მეტალის მილებით სცემდნენ. ჰლუშკომ ასევე განაცხადა, რომ მისი ბანაკში ყოფნის პერიოდში, ერთ-ერთი პატიმარი ელექტროენერგიითაც აწამეს. 35 წლის სამოქალაქო პირმა ვიტალი სიტნიკოვმა, რომელიც მაშინ დაატყვევეს, როცა მარიუპოლიდან სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანას ცდილობდა, და შემდეგ ასევე კოლონია N120 მოათავსეს, აღნიშნა, რომ პატიმრების ბანაკში მისი ყოფნის განმავლობაში ომის პატიმრებს, განსაკუთრებით აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ ჯარისკაცებს, ყოველ დღე სცემდნენ. ომის ყოფილი ტყვეები ასევე აღნიშნავენ, რომ ოლენივკას კოლონიაში არ იყო გამდინარე წყალი და პატიმრებს გადაჭედილ საკნებში ანტისანიტარიულ პირობებში უწევდათ ყოფნა. მაგალითად, 6 ადამიანისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ საკანში რუსებს 50 ადამიანი ჰყავდათ გამოკეტილი.

საგულისხმოა, რომ 29 ივლისს ოლენივკას ციხეში აფეთქება მოხდა, რომელსაც 53 ურკაინელი ტყვე ემსხვერპლა 75 კი დაიჭრა. კრემლმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კიევმა ტყვედ ჩავარდნილი საკუთარი ჯარისკაცები HIMARS-ის მეშვეობით ააფეთქა, რათა მათ მიერ ჩადენილი დანაშუალები დამალა. უკრაინულმა მხარემ, ტყვეების სიკვდილზე პასუხსიმგებლობა რუსეთს დააკისრა და მოხმდარის საერთოაშირორისო ინსტიტუტიების მიერ გამოძიება მოითხოვა. უკრაინულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ არსებული მასალები მიხედვით, მომხდარი არა საარტილერიო თავდასხმამ, არამედ შიგნიდან აფეთქებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ Washington Post-ი ექვს სამხედრო ექსპერტს დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ აფეთქებული შენობის სურათები HIMARS-ით თავდასხმის კვალს არ შეესაბამება.

დეზინფორმაცია #4: უკრაინის შესაიარღებლად გამოყოფილ თანხებს მაღალჩინოსნები ითვისებენ და ჯარისკაცებს მოძველებული იარაღით ბრძოლა უწევთ

წითელაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო დახმარების სახით უზარმაზარი ოდენობის რესურსები შემოედინება, თუმცა ფულს უკრაინელი მაღალჩინოსნები ითვისებენ. ამის გამო, ფრონტის ხაზე რიგითი ჯარისკაცები მიტოვებულები არიან და მოძველებული იარაღით, მაგალითად 20-იანი წლების ტყვიამფრქვევ „მაქსიმკათი“ იბრძვიან.

ბრალდება თითქოს უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირები დასავლურ დახმარებას ითვისებენ უსაფუძვლოა და არც ერთი ავტორიტეტული გამოცემის მიერ არ დასტურდება. რეალურად, უკრაინა დასავლეთის მიერ მიწოდებულ შეიარაღებას საკმაოდ აქტიურად იყენებს. ომის დაწებამდე რამდენიმე კვირით ადრე და კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე მიღებული დასავლური ანტისატანკო სარაკეტო სისტემები, მაგალითად ჯაველინის რაკეტები, კიევმა დედაქალაქის მახლობლად შეჭრილი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენა. გაზაფხულზე დონბასში გამართულ საარტილერიო ორთაბრძოლებში კი უკრაინა რუსეთის არმიას დასავლური დრონებისა და არტილერიის, მაგალითად M777 ჰაუბიცას, დახმარებით დაუპირისპირდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ივნისის ბოლოსვე დაიწყო დასავლეთს მიერ მიწოდებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ების გამოყენება. ამ უკანასკნელის დახმარებით უკრაინელებმა გაანადგურეს შეიარაღების ისეთი საწყობები და სამეთაურო ცენტრები, რომელსაც მათი შეიარაღება მანამდე ვერ ფარავდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლური იარაღის გამოყენებისა და სწრაფად ათვისების უნარი წარმოაჩინა.

თანამედროვე დასავლური იარაღის გამოყენებით უკრაინამ 29 აგვისტოს ხერსონის, ხოლო 6 სექტემბერს ხარკოვის ოლქში კონტრშეტევა დაიწყო. უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით არსებული რუსული თავდაცვით ხაზი გაარღვია და 8000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი