იტვირთება

სიმონ გულედანი: საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. მუშაობა უკვე დაწყებულია, პროექტი დღევანდელ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოწონებულია, რაც უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ეს იქნება გარდამავალი პროექტი და ის 2020-2021 წლებს მოიცავს.

ვერდიქტი: არ შესრულდა

რეზიუმე: 2020 წლის ზაფხულში გორში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა დაიგეგმა. მუნიციპალიტეტის მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 98 000 ლარად შეისყიდა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე პროექტი მოიწონეს. გადაწყდა, რომ ობიექტის მშენებლობისთვის 5 მლნ ლარი დაიხარჯებოდა. სამუშაოები 2020-2021 წლებში უნდა განხორციელებულიყო.

საფეხბურთო აკადემიის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეები მოჭრეს, თუმცა იქ დღემდე არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა.

ანალიზი:

2020 წლის აგვისტოში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც გორში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის საკითხი განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ, გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანმა განაცხადა: „საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ - მთლიანად ქვეყნისთვის. მუშაობა უკვე დაწყებულია, პროექტი დღევანდელ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოწონებულია, რაც უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ეს იქნება გარდამავალი პროექტი და ის 2020-2021 წლებს მოიცავს.“

2020 წელს, გორის მერიისა და სპორტული კომპლექსის შენობების მიმდებარედ, 33 კვ მ მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე, უეფას სტანდარტების ორი სტადიონის, საცხოვრებელი კომპლექსის, სკვერებისა და საპარკინგე ადგილის მოწყობა დაიგეგმა. საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გორის მერიამ 2020 წლის აპრილში გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანია შპს „კარკასმა“ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რისთვისაც შემსყიდველმა 98 000 ლარი გადაუხადა. საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 3 მლნ 700 ათასი ლარით განისაზღვრა.

პროექტის თანახმად, სტადიონებს შორის გათვალისწინებულია 200-400 გულშემატკივარზე გათვლილი 4-იარუსიანი გადახურული ტრიბუნა. საცხოვრებელი კორპუსი კი სამსართულიანია. პირველი სართული მოიცავს სასადილოს, სამზარეულოს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, ტექნიკურ და დაცვის ოთახებს. მეორე და მესამე სართულებზე განთავსებულია საცხოვრებელი ოთახები სანიტარული კვანძებით, ასევე - საკონფერენციო დარბაზები. გათვალისწინებულია დამატებითი კორპუსიც მსაჯის ოთახით, ტრენაჟორებით, საშხაპეებითა და დელეგატის ოთახით.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაცია 2020 წლის აგვისტოში ჩააბარა, მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რატომ არ დაიწყო პროექტის განხორციელება. ჩვენ თითქმის ყველა იმ უწყებას მივმართეთ, რომლებიც საკითხის განხილვაში იყვნენ ჩართული. დავუკავშირდით გუბენრატორის მოადგილეს, რომელმაც აკადემიის მშენებლობა პირადად დააანონსა. აღმოჩნდა, რომ პროექტი „დაკონსერვებულია“ და ტერიტორია, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის შეირჩა, ასე გამოიყურება:

გორის მუნიციპალიტეტის მერია საკითხზე განმარტების ვალდებულებას სამხარეო ადმინისტრაციას აკისრებს. გუბერნიაში კი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავის იკავებენ და გვირჩევენ, ზემდგომ უწყებებს დავუკავშირდეთ.

ფაქტ-მეტრმა, საჯარო ინფრომაციის გამოთხოვის მიზნით, სპორტის სამინისტროსაც მიმართა. უწყებამ წერილის მიღება დაადასტურა. 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავუკავშირდით და შევახსენეთ, რომ ინფორმაციას ველოდებოდით. სამინისტრო დაგვპირდა, რომ გვიპასუხებდა, თუმცა დღემდე პასუხი არ მიგვიღია.

იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული ობიექტის მშენებლობა დაიგეგმა, შიდა ქართლის გუბერნატორი იყო გიორგი ხოჯევნიშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია. აკადემიის ბედის გასარკვევად მასაც მივმართეთ.

„2021 წელს გორში, ჭალის დასახლებაში, საფეხბურთო აკადემიის ასაშენებლად გამზადდა საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია, პროექტის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 4 812 000 ლარით. აკადემიის მშენებლობა იგეგმებოდა გარდამავალი პირობით, ორწლიან პერიოდზე. უფრო მეტიც, 2021 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო 700 000 ლარი, რითიც პროექტის განხორციელება დაიწყებოდა, თუმცა შემდგომ ჩანაცვლდა სხვა პროექტით. უნდა ითქვას, აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იყო დაგეგმილი და ქალაქში ფეხბურთის განვითარებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი კონცეფცია იქნა შემუშავებული. მინდა სიამაყით გითხრათ, რომ გუბერნატორობის დროს უშუალოდ ვიყავი ჩართული ზემოხსენებულ პროცესში, თუმცა ჩემი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ, როგორც აღვნიშნე, პროექტი ჩანაცვლდა სხვა პროექტებით“,- ამბობს ფაქტ-მეტრთან საუბრისას გიორგი ხოჯევანიშვილი.

ექსპერტების შეფასებით, არსებული ვითარება საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე მიანიშნებს.

„ის, რომ მუნიციპალიტეტს ხარჯთაღრიცხვის გაკეთება თავად არ შეუძლია და ამისთვის დამატებით თანხებს ხარჯავს, ესეც მის სისუსტეზე მიუთითებს. თუ ყველა მომსახურებაზე გარეშე პირების შემოყვანა მოხდება, მაშინ რაღა საჭიროა მერიაში ამდენი პროფესიონალის დასაქმება. ესეც კრიტიკის საგანია, რომ ყველა აქტივობაზე მუნიციპალიტეტს სჭირდება გარე ჩარევა, რაც თანამედროვე სამყაროში აღარ ითვლება თანხების ეფექტურ ხარჯვად. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს საჯარო დაწესებულების თანამშრომლები და გარდა ამისა, მერია დამატებით გვახარჯინებს თანხას გარე მომსახურებისთვის. მით უმეტეს, რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენისთვის თანხებიც არაეფექტურადაა დახარჯული. იმ პერიოდში დათვლილი თანხები, ბუნებრივია, დღეს იგივე ვეღარ დარჩება, ფასების გაძვირებიდან გამომდინარე. ყველა ხარჯი ხელახლა უნდა დაითვალონ, თუ კი ამ პროექტის განხორციელებას გადაწყვეტენ. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ და არაეფექტურ ხარჯვასთან“, - განმარტავს ექსპერტი ადამიანის უფლებებისა და გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში, მორეტა ბობოხიძე.

ამ ეტაპზე საფეხბურთო აკადემიის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია მიტოვებულია და უცნობია, როდის დაიწყება პროექტის განხორციელება. არც ადგილობრივ, არც სამხარეო და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი