იტვირთება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს შვეიცარიაში შექმნილი გაზის კრიზისის გამო, შვეიცარიელებს, რომლებიც ზამთარში სახლებს 19 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გაათბობენ, ჯარიმა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შვეიცარულ სოციალურ სივრცეში გავრცელებულ დეზინფორმაციას და რეალური ამბის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

ინფორმაცია, რომ თითქოს შვეიცარიელებს დააპატიმრებენ ან ჯარიმას დააკისრებენ 19°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე სახლების გათბობისთვის სოციალურ ქსელებსა და ონლაინ გამოცემებშიც გავრცელდა, მათ შორის, ერთ-ერთ შვეიცარიულ ტაბლოიდ Blick-ში. 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში Blick წერს - „საგანგებო სიტუაციებში, წესია ნაკლები გათბობა. ენერგო-კანონების დამრღვევ პირებს უნდა ეშინოდეთ. გაზის განკარგულების დარღვევამ შესაძლოა, დაპატიმრება და დაჯარიმება გამოიწვიოს“.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებში მოხსენიებულმა ეკონომიკური საკითხების, განათლებისა და კვლევის დეპარტამენტის სპიკერმა, მარკუს სპორნლიმ, რომელიც ასევე შვეიცარიული Blick-ის სტატიაში არის ციტირებული, SWI swissinfo.ch-სთან საუბარში განმარტა, რომ ამბავი უბრალოდ არასწორად იყო გაგებული ან არასწორად ინტერპრეტირებული გარკვეული პირების მიერ.

სპორნლიმ ცალსახად განაცხადა, რომ სახლში ტემპერატურის აწევისათვის ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს ჯარიმა თუ დაპატიმრება არ ემუქრება - „ამჟამად, შვეიცარიაში ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის დეფიციტი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, არც შეზღუდვები და აკრძალვები არსებობს ენერგო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა დაირღვეს“,- განაცხადა სპორნლიმ SWI swissinfo.ch-თან.

რაც შეეხება გაზის მოხმარებასთან დაკავშირებით გაცემულ განკარგულებას, რომელზეც შვეიცარული Blick წერდა, რეალურად, ის ოთხსაფეხურიანი გეგმის ნაწილია, რომელსაც ოფიციალური ბერნი გაზის დეფიციტთან გამკლავებისთვის წარადგენს და რომლის შესახებაც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ საფეხურების ამოქმედება „ამ ზამთარში გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული“. აღნიშნული განკარგულების პროექტი კონსულტაციებისთვის უკვე გაგზავნილია, რომელზე მოსაზრებების გასაზიარებლად მხარეებს დრო 22 სექტემბრამდე აქვთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შვეიცარიის მთავრობა გადაწყვეტს რომ გაზის მოხმარებასთან დაკავშირებული გეგმა განახორციელოს, გათბობის ლიმიტი არ არის აუცილებელი დაუყოვნებლივ დაწესდეს, ან შესაძლოა მათი დაწესება საერთოდაც არ გახდეს საჭირო, რადგან ყოველივე დამოკიდებული იქნება უშუალოდ მდგომარეობის სიმძიმეზე. ამ გეგმის მიხედვით, თავდაპირველი ნაბიჯი იქნება მოსახლეობისთვის გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოწოდება, მაგალითად თერმოსტატის გამორთვა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ შექმნილი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ხელისუფლება მესამე საფეხურზე გადავა, რომელიც მოსახლეობის - საზოგადოებრივი შენობებითა და ოფისებით დაწყებული, ოჯახებით დამთავრებული - დავალდებულებას გულისხმობს, რომ მათ გათბობის ზედა ზღვრად 19°C დააწესონ. ამასთან, კონკრეტული წესი მხოლოდ გაზზე მომუშავე გათბობის სისტემებზე ვრცელდება.

შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, ოჯახები შვეიცარიაში ბუნებრივი აირის 40%-ს მოიხმარენ, შესაბამისად, მსგავს შეზღუდვებს გაზის საერთო მოხმარებაში შესაძლოა, ხელშესახები შედეგი მოჰყვეს. თუმცა, როგორც მარკუს სპორნლიმ განაცხადა, ყოველივე მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ხოლო თეორიულად ბუნებრივი აირის დეფიციტის შემთხვევაში უფრო რეალურია ჯარიმების შემოღებაც.

რაც შეეხება უშუალოდ ჯარიმებს, კონკრეტული განკარგულების იურიდიულ საფუძველს ეროვნული ეკონომიკური მოხმარების აქტი (National Economic Supply ActExternal link (NESA)) უნდა წარმოადგენდეს, რომელიც დარღვევების შემთხვევებში 30-დან 3000 შვეიცარიულ ფრანკამდე ჯარიმებს ადგენს. ასევე მარკუს სპორნლის განმარტებით, მსგავსი ჯარიმების დაწესება გაზის მოხმარებასთან დაკავშირებით რთული იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლებას თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვა და შეფასება მოუწევს. აქვე, თუ ოდესმე შვეიცარიის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის ვინმე დააჯარიმოს, ეს იქნება გონივრული რაოდენობის შესაბამისი თანხა, მაგალითად, 30 შვეიცარული ფრანკი და არა 3000, ხოლო დაპატიმრება საერთოდაც სცდება გონივრულ ზომას.

მარკუს სპრონლის მოსაზრებით, თუ მომავალში სახლების გათბობაზე შეზღუდვები ამოქმედდება, მეტად სავარაუდოა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა უბრალოდ დაწესებულ ნორმებს მიყვება ისევე, როგორც მიჰყვა და დაიცვა სოციალური დისტანციისა და სახლიდან მუშაობის წესები კორონავირუსის პანდემიის პიკში.

ამდენად, შვეიცარიის ხელისუფლება შვეიცარიელებს სახლების 19°C-ზე მეტად გათბობისთვის არც აჯარიმებს და არც აპატიმრებს. შვეიცარიაში მსგავსი ზომების დაწესებისთვის გაზის დეფიციტიც არ არის შექმნილი. ხოლო მსგავსი ტემპერატორული შეზღუდვის შესახებ შედგენილი განკარგულება ჯერ კიდევ კონსულტაციების პროცესს გადის, რომელიც, სავარაუდოდ, ძალაში მხოლოდ გაზის მწვავე დეფიციტის შემთხვევაში შევა.

-----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4271 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი