იტვირთება

Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ის ამტკიცებს, რომ “პანდემიის ორგანიზების დაწყების წლიდან (2005) მოკლულია და გაუჩინარებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი ცნობილი ვირუსოლოგი, რომელიც არ დაყვა სატანისტების გეგმებს”. პოსტში გავრცელებული მტკიცება უკვე კარგად ცნობილი შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად ვრცელდება და ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ თითქოს პანდემია წინასწარ დაგეგმილია და მსოფლიო ელიტები მათი გეგმისთვის ხელისშემშლელ პირებს - მეცნიერებს, ექიმებს, ვირუსოლოგებს, თავიდან იშორებენ.

სოციალურ ქსელში აღნიშნული მტკიცება არაერთი ვირუსოლოგის (ექიმის, მეცნიერის) გარდაცვალების ინფორმაციის გავრცელების შემდგომ პერიოდულად იჩენდა თავს. ამ შეთქმულების თეორიის ობიექტივში განსაკუთრებით ის ადამიანები ხვდებოდნენ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვირუსთან დაკავშირებულ სხვა საკითხების შესახებ დეზინფორმაციას, ყალბ ამბებსა და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდნენ.

მაგალითისთვის, ანტივაქსერულ წრეებში მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა ფრანგი ვირუსოლოგის, ნობელის ლაურეატის, ლუკ მონტანიეს გარდაცვალებას. სხვადასხვა მომხმარებელი წერდა, რომ “კიდევ ერთი სიმარათლის მთქმელი, … რომელიც დაწყების დღიდან ამხელდა ცრუ პანდემიას და მის შემოქმედებას, მოკლეს!!”. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიებითა და არამეცნიერული განცხადებებით გამორჩეული ფრანგი ვირუსოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ლუკ მონტანიე 8 თებერვალს, ნეილი-სურ-სენიში, ამერიკულ ჰოსპიტალში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. ლუკ მონტანიეს გარდაცვალების შესახებ მკვლელობის ვერსია არც ერთ ოფიციალურ უწყებას არ დაუდასტურებია.

ანალოგიური მტკიცება ვრცელდებოდა PCR-ტესტების გამომგონებელი დოქტორი ქერი მულისის შესახებ, თუმცა რეალურად მისი გარდაცვალება COVID-19-ის პანდემიასთან არანაირად არის დაკავშირებული. დოქტორი მულისი, Sars-CoV-2 ვირუსის გამოჩენამდე და Covid-19-ის პანდემიის დაწყებამდე, გაცილებით ადრე, 2019 წლის აგვისტოში 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეუღლის, ნენსი კოსგროუვ მულისის თქმით, დოქტორის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გულისა და სუნთქვის უკმარისობა გახდა.

ამ კონსპირაციული თეორიის კიდევ ერთი მაგალითია, იტალიელი “ექიმი, მკვლევარი გენეტიკისა და ფარმაკოლოგიის სფეროში” დომენიკო ბისკარდი, რომელიც ასევე თითქოს “სიმართლის თქმას” შეეწირა. რეალურად, ბისკარდი, 53 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით საკუთარ სახლში გარდაიცვალა, ხოლო მისი გარდაცვალების შესახებ კონსპირაციები კასერტას რეგიონის (ბისკარდის გარდაცვალების რეგიონი) გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა რობერტა მანელამ, გამორიცხა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიებით გამორჩეული დომენიკო ბისკარდი, არც ექიმი, არც სამეცნიერო მკვლევარი ან გენეტიკოსი არ ყოფილა.

ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მტკიცებები, რომ თითქოს სხვადასხვა მეცნიერი, ექიმი თუ ვირუსოლოგი გაუჩინარდა ან სიმართლის თქმის გამო თავიდან მოიშორეს, კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს.

------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი