იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები და ბინები 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ათასობით დევნილ ოჯახს გადავეცით ბინები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერის დაპირება ვერ შესრულდება

რეზიუმე:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საცხოვრებელი ფართით ჯამში 21 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, საიდანაც „სოფლად სახლის პროექტის“ ფარგლებში და ახალ საცხოვრებელ კორპუსში ფართი 14 921 ოჯახს გადაეცა (13 000 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილებაში პრემიერი სწორედ „სოფლად სახლს“ და ახალ კორპუსებში ბინებს გულისხმობს). შესაბამისად, ამ პროექტების ფარგლებში, ბინა წელიწადში საშუალოდ 1657 ოჯახს გადაეცემოდა. პრემიერის დაპირებით, 13 000 ოჯახმა ბინა 3 წელიწადში უნდა მიიღოს. შესაბამისად, წელიწადში 4 300-მა ოჯახმა, რაც წინა წლების პრაქტიკას 2,6-ჯერ აღემატება. თანაც აღნიშნულს თუ პანდემიას, რუსეთ-უკრაინის ომს და ინფლაციას დავუმატებთ, პრემიერის მიერ გაჟღერებული დაპირება საკმაოდ ამბიციურია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, დევნილთა განსახლების პროგრამისთვის 93 მლნ ლარია გათვალისწინებული - იმაზე უფრო მცირე თანხა, რაც გასულ წლებში საშუალოდ გამოიყოფოდა ( დევნილთა განსახლების პროგრამისთვის წინა წლებში საშუალოდ წლიურად 107 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული), პრემიერის დაპირების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ პრემიერის დაპირება - 2025 წლამდე 13 000 დევნილი ოჯახის ახალ კორპუსებში ბინით და „სოფლად სახლით“ უზრუნველყოფის შესახებ, ვერ შესრულდება.

რაც შეეხება პრემიერის განცხადების ნაწილს, რომელიც ბოლო წლებში ათასობით დევნილი ოჯახის ბინით დაკმაყოფილებას შეეხება, სიმართლეა. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ უბინაოდ არის დარჩენილი და ბინებით დაკმაყოფილბის არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, კიდევ 21 წელი მაინც დასჭირდება. შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს, მანიპულაციურია.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები და ბინები 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა. თბილისში 2400 ოჯახი მიიღებს ბინას, ზუგდიდში -1770, ქუთაისში -720 ოჯახი. 7000 ბინა ახალ კორპუსში გადაეცემათ, 6000 კი - „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ათასობით დევნილ ოჯახს გადავეცით ბინები“.

„ფაქტ-მეტრი“ დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებით, შეეცდება, განსაზღვროს, პრემიერის დაპირება. რამდენად შესრულებადია.

დღეის მონაცემით, დევნილთა ერთიან ბაზაში 92 079 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, რაც რაოდენობრივად 286 442 პირს შეადგენს.

ბოლო მონაცემით, საცხოვრებელი ფართით დევნილთა 43 826 ოჯახია დაკმაყოფილებული, რაც ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 47.6%-ია (დაახლოებით 136 346 პირი). შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ დევნილი ოჯახების 52.4%-ია დარჩენილი (48 253 ოჯახი).

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, განსახლების პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათგან 10 804 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში შესახლდა, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ სახლი 4 117 ოჯახისთვის შეისყიდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობი კი მასში მცხოვრებ 5 334 დევნილ ოჯახს დაუკანონდა. შესაბამისად, 9 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 2 333 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა. შესაბამისად, პრემიერის განცხადების ნაწილი, რომელიც ბოლო წლებში ათასობით დევნილი ოჯახის ბინით დაკმაყოფილებას შეეხება, სიმართლეა. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ უბინაოდ არის დარჩენილი და ბინებით უზრუნველყოფის არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას კიდევ 21 წელი მაინც დასჭირდება. შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს, მანიპულირებაა.

ცნობისთვის, 2012 წლამდე საცხოვრებელი ფართი წელიწადში საშუალოდ 1480 ოჯახს გადაეცემოდა.

როგორც აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე წელიწადში საცხოვრებელი ფართი საშუალოდ 2 333 დევნილ ოჯახს გადაეცემოდა. პრეზიდენტის დაპირების მიხედვით, საცხოვრებლით 13 000 დევნილი ოჯახი 3 წელიწადში უნდა უზრუნველყონ. შესაბამისად, წელიწადში 4 300 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს ბინით, რაც წინა წლების მონაცემს 1967 ოჯახით - 1.8-ჯერ, აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში მხოლოდ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში და ახალ კორპუსებში ფართის გადაცემას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში სტატისტიკური მონაცემები მკვეთრად იცვლება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საცხოვრებელი ფართით ჯამში 21 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული, საიდანაც „სოფლად სახლის პროექტის“ ფარგლებში და ახალ საცხოვრებელ კორპუსში ფართი 14 921 ოჯახს გადაეცა (13 000 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილებაში პრემიერი სწორედ „სოფლად სახლს“ და ახალ კორპუსებში ბინებს გულისხმობს). შესაბამისად, ამ პროექტების ფარგლებში, ბინა წელიწადში საშუალოდ 1657 ოჯახს გადაეცემოდა. პრემიერის დაპირებით, 13 000 დევნილ ოჯახს ბინა 2025 წლამდე - შესაბამისად, 3 წლის განმავლობაში უნდა გადაეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში საცხოვრებელი ფართით 4 300 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს, აღნიშნული კი წინა წლების პრაქტიკას 2.6-ჯერ აღემატება. თანაც აღნიშნულს თუ პანდემიას, რუსეთ-უკრაინის ომს და ინფლაციას დავუმატებთ, პრემიერის მიერ გაჟღერებული დაპირება საკმაოდ ამბიციურია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, დევნილთა განსახლების პროგრამისთვის 93 მლნ ლარია გათვალისწინებული - იმაზე უფრო მცირე თანხა, რაც გასულ წლებში საშუალოდ გამოიყოფოდა ( დევნილთა განსახლების პროგრამისთვის წინა წლებში საშუალოდ წლიურად 107 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული), პრემიერის დაპირების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვა, რომ პრემიერის დაპირება - 2025 წლამდე 13 000 დევნილი ოჯახის ახალაშენებულ კორპუსში ბინით ან „სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში“ საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, საკმაოდ ამბიციურად ჟღერს და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, თითქმის შეუსრულებელია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი