იტვირთება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ე.წ. რეორგანიზაციის პროექტი წარუდგინა საკრებულოს. აღმოჩნდა, რომ მერია აუქმებს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას. საფუძველი - სამსახურის უფროსების აზრი, რომ კონკრეტული შტატები არ არის საჭირო.

- ანუ რა გამოდის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და მერს სთხოვა, გამაუქმე, არ ვიმსახურებ არსებობასო. ასევე ყველა სამსახურში მერია ორ შტატს ამატებს. სად ჩანს კადრების ოპტიმიზაციისა და ხარჯების შემცირების მოტივი?“ - წერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე:

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ ცხრა სამსახურია: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების, სოციალური და ჯანდაცვის, საფინანსო-საბიუჯეტო, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის, ზედამხედველობის, ადმინისტრაციული და შესყიდვების. რეორგანიზაციის პროექტი ექვს სამსახურს შეეხო.

როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი ცვლილება ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურში განხორციელდება. ამასთანავე, დაგეგმილია საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ლიკვიდირება, მისი ყველა საშტატო ერთეულის ჩათვლით. დანარჩენ განყოფილებებში კი, ჯამში, თექვსმეტი პოზიცია (მათ შორის, ორი ვაკანტური იყო) უქმდება. ოფიციალური წერილის მიხედვით, მერის ეს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულების ეფექტურ მმართველობას უკავშირდება. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გათვლებით, რეორგანიზაციის შედეგად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ყოველთვიურად შემცირდება, თვეში - 19 415 ლარის, ხოლო ყოველწლიურად - 232 980 ლარის ოდენობით. ბრძანება გორის მერმა 2022 წლის 9 ივნისს გამოსცა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოსამზადებლად კი ერთთვიანი ვადა დაასახელა. ცვლილებების ძალაში შესვლა 9 სექტემბრიდანაა დაგეგმილი.

ანალიზი: „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის მერია საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას აუქმებს, საფუძველი კი, ოპოზიციური პარტიის განმარტებით, სამსახურის ხელმძღვანელის შტატებთან დაკავშირებული მოსაზრებაა.

„გორის მერია საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას აუქმებს, საფუძველი - სამსახურის უფროსების აზრი, რომ კონკრეტული შტატები არ არის საჭირო. ანუ რა გამოდის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და მერს სთხოვა, გამაუქმე, არ ვიმსახურებ არსებობასო. ასევე ყველა სამსახურში მერია ორ შტატს ამატებს. სად ჩანს კადრების ოპტიმიზაციისა და ხრჯების შემცირების მოტივი?“ - წერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არჩევის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, გორის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. კერძოდ, ზედამხედველობის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ერთი ვაკანტური საშტატო პოზიცია გაუქმდა და შეიქმნა ამავე განყოფილებაში მე-3 რანგის 1-ლი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო პოზიცია.

2022 წლის აგვისტოში, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილებას, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ განყოფილებას, თითო-თითო პოზიცია დაემატა. ამ უკანასკნელში, პარალელურად, ერთი პოზიცია გაუქმდა.

გარდა ამისა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თანამშრომლების შემცირების/მობილობის ცხრაპუნქტიანი გეგმაც გამოაქვეყნა და ცვლილებების საფუძვლები განმარტა.

„საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია ბუნებრივი პროცესია, რაც საჯარო მმართველობის ეფექტურად განხორციელებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. სწორედ ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა განხორციელდეს საჯარო დაწესებულებებში ისეთი სამართლებრივი ღონისძიებები, როგორიცაა მათი რეორგანიზაცია. მიმდინარე რეორგანიზაცია, პრაქტიკაში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ეყრდნობა გარკვეულ გათვლებს, რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარებას, რეორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრას. რეორგანიზაციის შედეგად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ყოველთვიურად შემცირდება თვეში 19 415 ლარის, ხოლო ყოველწლიურად - 232 980 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ „ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებულ წერილში. (დანართი 1)

რაც შეეხება გორის მერიიდან საკრებულოსთვის გაგზავნილ შესაბამის პროექტებს, ის ცვლილებების შეტანას 2017 წლის ნოემბრის სამ დადგენილებაში გულისხმობს. ამ დოკუმენტების რედაქტირება, ბოლო 5 წელში, 30-ჯერ მოხდა. შედეგად, გორის მერიაში თანამშრომელთა რაოდენობა 2019 წელს 276-ით იყო წარმოდგენილი, 2020-2021 წლებში 279-მდე გაიზარდა, 2022 წლის დასაწყისში თანამშრომელთა რაოდენობა ერთი ერთეულით შემცირდა, ამჟამინდელი რეორგანიზაციით (დანართი 2) კი ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 272-ითაა განსაზღვრული რაც, ძირითადად, შესყიდვებისა და ადმინისტრაციულ სამსახურში საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გაუქმებამ გამოიწვია.

ცხრილი 1. საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება

წყარო: საკანონმდებლო მაცნე

როგორც ცხრილიდან ჩანს, აღნიშნული განყოფილების 4 თანამშრომლისთვის 2017-წლიდან თვეში 4400, წელიწადში კი 52 800 ლარი იხარჯებოდა. ამჟამად კი მერიამ და საკრებულომ მისი არსებობა მიზანშეუწონლად მიიჩნია და ეს გადაწყვეტილება თანხების დაზოგვით ახსნა.

საკრებულოსთვის გაგზავნილი ცვლილებების პროექტებში ჩანს, რომ გარდა ერთი მთლიანი განყოფილებისა (რომელიც ოთხი ადამიანითაა დაკომპლექტებული), კიდევ თექვსმეტი პოზიცია უქმდება, ხოლო სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილებას და ახალგაზრდულ განყოფილებას თითო-თითო პოზიცია ემატება. ეს ყველაფერი ჯამში ყოველთვიურად, 21 505 ლარის გამოთავისუფლებას გულისხმობს. ორი პოზიციის დამატება კი თვეში, თანამდებობრივი სარგოს სახით, 2 420 ლარის ხარჯვას ნიშნავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების პირველი ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, ხოლო მტკიცება იმის შესახებ, რომ თანხების დაზოგვის ნაცვლად, ყველა სამსახურს 2-2 პოზიცია ემატება, მოწოდებული საჯარო ინფორმაციით არ დასტურდება. ორი პოზიცია დამატებულია მხოლოდ 2 განყოფილების შემთხვევაში, ჯამში 20 პოზიციის გაუქმების ფონზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში სიმართლის ელემენტებს მხოლოდ სამსახურის გაუქმების საკითხი შეიცავს, დანარჩენი კრიტიკა ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, მცდარია. სამსახური რეალურად უქმდება, თუმცა შედეგად გარკვეული თანხები მართლაც იზოგება.

აქვე აღსანიშნავია, რომ გორის მერიაში უკვე არსებულ ზოგიერთ პოზიციაზე ან სპეციალურად შექმნილ ახალ სამუშაო ადგილებისთვის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კადრებს საკუთარი საახლობლოდან არჩევს და მათზე საბიუჯეტო თანხებს ანაწილებს (რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა), თუმცა ეს საკითხი განხილულ შემთხვევაში ვერდიქტზე გავლენას ვერ მოახდენს.

შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არის მეტწილად მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4553 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი