იტვირთება

24 აგვისტოს „ალტ-ინფოს“ ეთერში, გადაცემა „ალტერნატიულ ხედვაში“ მისმა წამყვანმა - თათია გაბრიჭიძემ, განაცხადა: „ 9 წლის განმავლობაში 2003-დან 2012 წლამდე არ ჩატარებულა არცერთი არჩევნები რომლის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო, უფრო სწორად, ყველა არჩევნები ყალბდებოდა 100%-ით ლევან თარხნიშვილის წყალობით. გვახსოვს ცესკოს აჭედილი კარიც, გვახსოვს ის სახალხო პროტესტიც, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს თან სდევდა, თუმცა მაშინ ვერავინ გაიხსენებს თუნდაც ერთხელ გამობრძანებულ დიპლომატსა თუ დამკვირვებელს, რომელიც ამბობდა, რომ არჩევნები დაუშვებელი დარღვევებით ჩატარდა“.

რეალურად, თათია გაბრიჭიძის მტკიცება, თითქოს 2003-2012 წლებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით არცერთ უცხოელ დიპლომატსა თუ დამკვირვებელს არ უთქვამს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. სინამდვილეში, არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებს 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდეც, ჰქონდა მწვავე გამოხმაურებები, თანაც არაერთხელ.

ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული შეფასება, წინა ხელისუფლების პირობებში, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა დაიმსახურა, რომელსაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების დამკვირვებლებთან ერთად უწევდნენ მონიტორინგს.

OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის დასკვნითი ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არსებითად შეესაბამებოდა ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებს, მან, ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოავლინა.

ანგარიშის თანახმად, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც OSCE/ODIHR -ისა და ვენეციის კომისიის ბევრ რეკომენდაციას ითვალისწინებდა, „თუმცა, კოდექსში კვლავ რჩებოდა შეუსაბამობები, ხარვეზები და ორაზროვანი ნაწილები, განაპირობებდა გაურკვევლობას და დაინტერესებული მხარეების მიერ არაერთგვაროვანი სამართლებრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა“.

დოკუმენტში, ასევე, საუბარია საარჩევნო კამპანიის დროს დაშინებასა და ზეწოლაზე, რაც საჯარო მოხელეებსა და ოპოზიციის აქტივისტებზეც ვრცელდებოდა და თავად სადამკვირვებლო მისიამაც არაერთხელ დაადასტურა. საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, ასევე, აღნიშნულია, რომ განსხვავება სახელმწიფო ღონისძიებებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ იმჟამინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის, საარჩევნო კამპანიას შორის, ბუნდოვანი იყო.

სადამკვირვებლო მისია ტელეკომპანიების მიკერძოებაზეც ამახვილებდა ყურადღებას. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიები, რომელიც არჩევნებს აშუქებდნენ, არ იცავდნენ ბალანსს და მათ ეთერში მმართველი პარტიის კანდიდატი ყველაზე ხშირად შუქდებოდა. ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ოპოზიციურმა ტელეკომპანია „იმედმა“ ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა.

სადამკვირვებლო მისიის თანახმად, საერთო ჯამში, ხმის მიცემის პროცესი არჩევნებზე დამკვირვებელთა დიდი ნაწილის მიერ დადებითად შეფასდა, თუმცა უბანთა მნიშვნელოვან ნაწილში პროცესი ხანდახან დეზორგანიზებული და ქაოსური იყო. „დაფიქსირდა ორგანიზაციული და პროცედურული ნაკლოვანებები, რაც განსაკუთრებით მარკირების, ორმაგი ხმის მიცემის გამორიცხვის საშუალების, პროცედურის არასისტემატურ გამოყენებას შეეხებოდა. დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს სერიოზულ დარღვევათა გარკვეული რაოდენობა, რაც ასევე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრასაც მოიცავდა“, - წერია ანგარიშში.

დამკვირვებლების შეფასებით, ხმების დათვლა და შეჯამება, ასევე, არჩევნების შემდგომ შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცესი, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ეუთო-ს წინაშე ნაკისრი ზოგიერთი ვალდებულების შესრულებას. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბევრ საუბნო საარჩევნო კომისიას შეექმნა პრობლემა შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსებასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ასახელებდნენ შემთხვევებს, როდესაც ხდებოდა საარჩევნო სიების, შედეგებისა და ოქმების შეცვლა. შეჯამების პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიის დონეზე ნელი და ხშირად ქაოსური იყო. ზოგიერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ ქვეყნის საერთო მაჩვენებელზე გაცილებით დიდი აქტივობა დააფიქსირა“.

ანგარიშში მწვავე შეფასებებს ვკითხულობთ საჩივრებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში ოფიციალურ საჩივართა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა შევიდა და თითქმის ყველა მათგანი მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატის წინააღმდეგ იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ ცესკო და სასამართლოები ყოველგვარი საფუძვლიანი ინტერპრეტაციის გარეშე ცდილობდნენ მოერგოთ კანონი მმართველო პარტიის კანდიდატისა და საჯარო მოხელეების სასარგებლოდ:„არჩევნების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა სრულყოფილად და ჯეროვნად არ განიხილეს და არ გამოიძიეს საჩივართა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც დარღვევებს შეეხებოდა“.

არანაკლებ კრიტიკულად შეაფასა OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიამ იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებიც, რომელიც 21 მაისს ჩატარდა.

OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შევიდა გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, თუმცა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები მაინც გადაუჭრელი დარჩა. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კოდექსი შეიცავდა დებულებებს, რომლებმაც არათანაბარი პირობები შექმნეს მმართველი პარტიის - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ. „საარჩევნო კოდექსში არსებულმა შეუსაბამობებმა, ხარვეზებმა და ორაზროვნებამ მის ეფექტურ განხორციელებას ხელი შეუშალა“, - ვკითხულობთ შეფასებაში.

მისიამ უარყოფითად შეაფასა ცესკოს მუშაობაც. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცესკო არ მოქმედებდა, როგორც კოლეგიალური ორგანო. ასევე, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ცესკო-ს წევრები სადავო საკითხებთან მიმართებაში დამოუკიდებლად ვერ მოქმედებდნენ და გადაწყვეტილებებზე ხმას პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე აძლევდნენ. იქვე ვკითხულობთ, რომ ზოგჯერ ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები გამოთიშული იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობებიდან.

სადამკვირვებლო მისია წერდა დაშინების შემთხვევებზეც, რომელთაგანაც არაერთი შემთხვევა OSCE/ODIHR-მაც დაადასტურა: „მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მხარდამჭერებზე, განსაკუთრებით კი, მასწავლებლებზე განხორციელებული ზეწოლის რამდენიმე შემთხვევა, რომლის მიზანს, მათ მიერ კამპანიის წარმოებაზე უარის თქმა წარმოადგენდა“.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ განსხვავება სახელმწიფოსა და პარტიას შორის ხშირად ბუნდოვანი იყო. „ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო თანამდებობის პირები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო ღონისძიებების პარალელურად, ან კიდევ ერთმანეთს ერწყმოდა სამთავრობო სოციალური პროგრამები და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ღონისძიებები“.

იმავე ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ადგილობრივი დამკვირვებლებისა და პარტიის წარმომადგენლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის, ასევე, საარჩევნო უბნებიდან და საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მათი გამოძევების მრავალი ფაქტი დააფიქსირეს.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ კრიტიკულად შეაფასა საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცესიც და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლოები უმეტესწილად სათანადოდ არ განიხილავდნენ საჩივრებსა და განცხადებებს და აშკარა მიკერძოებას ამჟღავნებდნენ მმართველი პარტიისა და საჯარო მოხელეების მიმართ. „ზოგიერთ შემთხვევაში ისინი უარს აცხადებდნენ მოწმეთა ჩვენების მოსმენაზე ან დოკუმენტირებული მტკიცებულების ნახვაზე, ვერ ახერხებდნენ ყველა სათანადო ფაქტის განხილვას, მიმართავდნენ კანონის არაგონივრულ ინტერპრეტაციას, უგულებელყოფდნენ კანონის არსს, ან ვერ იძლეოდნენ სრულყოფილ და მკაფიო ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას“.

ხმის მიცემის პროცესი სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების უმრავლესობამ, საერთო ჯამში, დადებითად შეაფასა, თუმცა გარკვეულ ხარვეზებზე, მათ შორის, სერიოზულ დარღვევებზეც (როგორიცაა, მაგალითად, ბიულეტენების ჩაყრა) მიუთითა.

ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, დამკვირვებლებმა ხმების შეჯამების პროცესი განსაკუთრებულად მწვავედ შეაფასეს. კერძოდ, ანგარიშში საუბარია, რომ ხმების დათვლასთან და შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის - სერიოზული.

„ადგილი ჰქონდა მასშტაბურ და მნიშვნელოვან დარღვევებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ აღნიშნული საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. სერიოზული დარღვევების გამო, საოლქო საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა 38 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები გააბათილა. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების თაობაზე შესული საჩივრების განხილვისას ცესკო და სასამართლოები არამართებულად ამბობდნენ უარს, განეხილათ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილობის საკითხი“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მსგავსად კრიტიკულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ბიუროს 2008 წლის ანგარიში. არჩევნებისა და პოლიტიკური მონაწილეობის ნაწილში, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის, ხაზს უსვამს სავარაუდო ზეწოლის, დაშინების შემთხვევებს, ხმების დათვლისა და აღრიცხვის პროცესში დარღვევებს, საჩივრების განხილვის პროცესში არსებულ პრობლემებს. ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის 21 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, დამკვირვებლების დასკვნით, იყო არათანაბარი და არასრულყოფილად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მტკიცება, თითქოს 2003-დან 2012 წლამდე არცერთი დიპლომატი თუ დამკვირვებელი არ საუბრობდა არჩევნებთან დაკავშირებულ „დაუშვებელ დარღვევებზე“, სიმართლეს არ შეესაბამება. სტატიაში მაგალითისთვის მოყვანილი OSCE/ODIHR-ის ანგარიშები მოწმობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები (როგორც 2008 წლის საპრეზიდენტო, ისე - ამავე წლის საპარლამენტო) ჩატარებულ არჩევნებს თითქმის ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ. კერძოდ, ანგარიშებში საუბარია ისეთ დარღვევებსა და ნაკლოვანებებზე, როგორიცაა ამომრჩევლის დაშინება და ზეწოლა, მარკირების არასათანადო გამოყენება, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა და ცესკოს მიკერძოებულობა და ა.შ. გარდა ამისა, ორივე ანგარიშში საკმაოდ მწვავედაა შეფასებული არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვის პროცესიც და აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლოები უმეტესწილად სათანადოდ არ განიხილავდნენ საჩივრებსა და განცხადებებს და აშკარა მიკერძოებას ამჟღავნებდნენ მმართველი პარტიისა და საჯარო მოხელეების მიმართ.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4272 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი