იტვირთება

Facebook-მომხმარებელი Ната Лия Facebook-გვერდზე დეზინფორმაციულ პოსტს აქვეყნებს და შეთქმულების თეორიას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ომის არსებობა ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებში შედის და „ევროპა და უკრაინა ამერიკის დიდ თამაშში მხოლოდ პაიკები არიან“. Ната Лия-ს მიერ გავრცელებულ ტექსტში ვინმე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (National Security Agency) მაღალჩინოსნად წოდებული პოლ კრისტის ციტატაა მოყვანილი, სადაც ვკითხულობთ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების მთავარი ამოცანა ევროპის რუსეთისგან დაშორება და ამის საფუძველზე, ევროპა-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაა: „უკრაინაში განვითარებული მოვლენების მთავარი ამოცანა ევროპის რუსეთისგან იმდენად გამოყოფაა, რომ ევროპელებმა უარი განაცხადონ რუსეთთან თანამშრომლობაზე და თავიანთი ეკონომიკა სრულად შეერთებულ შტატებთან დააკავშირონ. უკრაინა მხოლოდ საშუალებაა, რომლითაც ყველა პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი..“. მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია სხვა რუსულენოვან ვებგვერდებზეც გავრცელდა. აღნიშნული დეზინფორმაცია ქართულ ინტერნეტ სივრცეში პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ღია წყაროებში პოლ კრისტიდ მოხსენიებული პიროვნება და ციტატა, რომელსაც მას მიაწერენ, პირველად 2014 წელს გამოჩნდა და ინტერნეტში სხვადასხვა ენაზე გავრცელდა. აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთ რუსულენოვან პორტალზე - Dal.by-ზე, საუბრის ჩანაწერის სახით შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა - „უკრაინის ბედი არავის აინტერესებს“. გამოქვეყნებული საუბრის ჩანაწერის წანამძღვარში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ტექსტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გერმანული მედიის წარმომადგენლისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მაღალჩინოსნის, პოლ კრისტის საუბრის შინაარს წარმოადგენს. სტატიის ავტორის მიხედვით, აღნიშნული დიალოგი კოლუმბიის უნივერსიტეტის „გლობალური პერსპექტივების ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორთან, პროფესორ პოლ კრისტისთან ყოველკვირეული „ევროპული ეკონომიკური ბიულეტენის“ რედაქციაში ბრემენში (გერმანია) გაიმართა.

სინამდვილეში, პოლ კრისტის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან (NSA) ან კოლუმბიის უნივერსიტეტთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება, ეს მაშინ, როდესაც შეუძლებელია ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორს შესაბამის სამეცნიერო სფეროში რაიმე პუბლიკაცია გამოქვეყნებული არ ჰქონდეს. საინტერესოა ისიც, რომ „გლობალური პერსპექტივების ინსტიტუტი“ ან მსგავსი დასახელების სხვა ინსტიტუტი, რომლის აღმასრულებელ დირექტორადაც პოლ კრისტი სახელდება, კოლუმბიის უნივერსიტეტში არ არსებობს. ამასთან, არც ზემოაღნიშნული Dal.by-ზე გამოქვეყნებული საუბრის ჩანაწერებია რეალური, რადგან Dal.by-ის მიხედვით, საუბარი გერმანიაში, „ევროპის ეკონომიკური ჟურნალის“ ოფისში გაიმართა, თუმცა ამ სახელწოდების გამოცემა ინტერნეტ სივრცეში საერთოდ არ იძებნება. მსგავსი გამოცემის არსებობა არც გერმანელი ჟურნალისტების მხრიდან დასტურდება.

მეტიც, 2014 წლის 4 მარტს Dal.by-ზე გამოქვეყნებული აღნიშნული სტატიის თანდართულ ფოტოზე არა პოლ კრისტი, არამედ აშშ-ის 68-ე სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი (ცენტრში), 2014 წელს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი (მარცხნივ) და უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი (მარჯვნივ) არიან გამოსახულნი.

შესაბამისად, პოლ კრისტის პიროვნება, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მაღალჩინოსნად, დოქტორად და კოლუმბიის უნივერსიტეტის „გლობალური პერსპექტივების ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორად მოიხსენიებენ, გამოგონილია და საერთოდ არ არსებობს, ხოლო პოლ კრისტის სახელს რუსული პროპაგანდა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში პროსამთავრობო ერთეულებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის კონფლიქტის კონტექსტშიც იყენებდა. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ამერიკის ფარულ გეგმასთან აკავშირებს, რომელიც ევროპისა და რუსეთის დაშორებას ისახავს მიზნად, დეზინფორმაციაა.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი