იტვირთება

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, სსიპ ბათუმის ბულვარს და ქალაქ ბათუმის მერიას დაევალათ, რომ მიმდინარე ტურისტული სეზონის პერიოდის გახანგრძლივების მიზნით, აჭარაში კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება უზრუნველყონ. ამისთვის აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 24 აგვისტოს №65 განკარგულება გამოსცა.

უკვე 25 აგვისტოს კი ქალაქ ბათუმის მერიას წერილით მიმართა შპს პრაიმ შოუ სტუდიის დირექტორმა და მესაკუთრე ავთანდილ კვანტალიანმა. ის წერს, რომ 2022 წლის 2 სექტემბერს, საქველმოქმედო ფონდ „გადავარჩინოთ უკრაინასთან“ ერთად, ბულვარში ანრი ჯოხაძისა და ოლია პოლიაკოვას საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კვანტალიანი მერიას, ფინანსური დახმარების სახით, 70 000 ლარს სთხოვს. მეორე დღესვე, 26 აგვისტოს, ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორმა ირაკლი შაფათავამ წერილი ბათუმის მერ ირაკლი ჩიქოვანს გაუგზავნა და აუწყა, რომ ცენტრი მზადაა, შპს პრაიმ შოუ სტუდიას ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს.

ბათუმის მერიისგან მოთხოვნილი თანხა შემდეგ ხარჯებს მოიცავს: ორკესტრის ბენდს - 32 000 ლარი; ბექვოკალს - 2 500 ლარი; შემსრულებლის ჰონორარი - 35 000 ლარი. ჯამში, ცენტრის წერილის თანახმად, ხარჯი 69 500 ლარია.

საკითხთან დაკავშირებით, მოვლენები სწრაფად განვითარდა და იმავე დღეს არჩილ ჩიქოვანმა ცენტრის დირექტორს აცნობა, რომ მერია თანახმაა, შპს პრაიმ შოუ სტუდიას ფინანსური დახმარება გაუწიოს.

ბათუმის მუნიციპალურმა ორგანიზაციამ, ბათუმის კულტურის ცენტრმა, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების ნებართვის მიღების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უკვე მიმართა SMP220002414).

25 აგვისტოს შპს პრაიმ შოუ სტუდიამ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც მისწერა და კონცერტის საორგანიზაციო ხარჯების ანაზღაურება სთხოვა. აღნიშნული თანხა 73 000 ლარს შეადგენს. 26 აგვისტოს კი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტსა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს შესაბამისი ზომების მიღება დაავალა. კერძოდ, სამინისტრომ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 73 000 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვაზე (SMP220002413) თანხმობის მისაღებად. შემსყიდველმა აღნიშნული თხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ღონისძიების თარიღამდე დარჩენილ დროში ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია.

73 000 ლარის ხარჯთაღრიცხვა მოიცავს 40 000 ლარს სცენისთვის (სცენა 20/20, ტენტით გადახურვა, ტექნიკის სამაგრი, ამაღლება 1,5-2 მეტრი, გახმოვანება 50 კილოვატი); 23 000 ლარს განათებისთვის (პროჟექტორები 2,5-6 კილოვატი, led სანათები); 10 000 ლარი 30 კვ. მ led ეკრანისთვის.

სააგენტოში ორივე განცხადება განხილვის ეტაპზეა. თუ უწყება საკითხს დადებითად გადაწყვეტს, შპს პრაიმ შოუ სტუდია ერთი კონცერტისთვის, აჭარის ა/რ რესპუბლიკური და ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან, ჯამურად, 142 500 ლარს ტენდერის გამოცხადების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომლის კონცერტიც ბათუმის ბულვარში მიმდინარე წლის 2 სექტემბერსაა დაგეგმილი, ასევე „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი წამყვანია. გადაცემა ტელეკომპანია „იმედზე“ გადის. კონცერტის ანონსი უკვე აქტიურად ვრცელდება. ბილეთების ფასი 30 ლარიდან იწყება.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4271 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი