როგორც წესი, ტერმინი „ექსპორტი“ - საქონლის ექსპორტის სინონიმად გამოიყენება, თუმცა საგარეო ვაჭრობის არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს მომსახურებით ვაჭრობა წარმოადგენს. მომსახურების ექსპორტი არის ნებისმიერი სერვისი, რომელსაც ერთ ქვეყანაში რეზიდენტი სხვა ადამიანებს ან კომპანიებს აწვდის. მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ისეთი ოპერაციების განხორციელებას გულისხმობს, რომელიც საზღვარზე საქონლის ფიზიკურად გადაადგილებას არ უკავშირდება და მას სხვანაირად „უხილავ“ ვაჭრობასაც უწოდებენ.

მომსახურებით ვაჭრობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მაღალი განვითარების, ისე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის არის. მომსახურების ექსპორტი მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ქმნის და ახალ, განვითარებულ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობას იძლევა, სადაც საქონლით ვაჭრობის ნაკლები პერსპექტივები არსებობს. ის ასევე ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას იძლევა და ხშირად მაღალი დამატებული ღირებულების საქმიანობასთან არის დაკავშირებული (მაგ: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფინანსური მომსახურება, კონსალთინგი, ტურიზმი და ა.შ), რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება. შესაბამისად, შესაძლოა, სამართლიანად დავასკვნათ, რომ ეს სფერო ბევრად მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე მას ეთმობა.

მომსახურებით ვაჭრობის სტატისტიკას, სავაჭრო დარგების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მომსახურებით ვაჭრობა, მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, შესაბამისად, მასზე ინფორმაცია საგადასახდელო ბალანსში [1] გვხვდება. 2021 წელს, მომსახურების ექსპორტმა 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (მშპ-ს 13.6%) , ხოლო იმპორტმა 1.8 მლრდ დოლარი. საბოლოო ჯამში, პროფიციტმა 726 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია რომ პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, საქონლით ვაჭრობისგან განსხვავებით, მომსახურებით ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2019 წელს, მომსახურების ექსპორტი 4.5 (მშპ-ს 26.3%) მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, იმპორტი 2.4 მლრდ დოლარს.

ცხრილი 1: მომსახურებით ვაჭრობის სტატისტიკა 2013-2021 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორც მოსალოდნელია, მომსახურების სფეროებიდან, საქართველო ყველაზე მეტ შემოსავალს მოგზაურობიდან იღებს. 2021 წელს, წმინდა შემოსავალმა მოგზაურობიდან 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 2.6 მლრდ დოლარი. შესაბამისად, ტურიზმი საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დაფარვის და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან დარგს შეადგენს. სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების დარგებიდან 2021 წელს საქართველომ 120 მლნ დოლარის წმინდა შემოსავალი მიიღო, რაც პრე-პანდემიურ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ ზრდას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ცალკე აღებული მუხლებიდან, წმინდა შემოსავალი მაღალია მილსადენების და ელექტროსადენების მომსახურებიდან, საიდანაც ბოლო წლებში, შემოსავლები დაახლოებით 350 მლნ დოლარი იყო.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა მომსახურებით ვაჭრობის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების შესახებაც დაიწყო ინფორმაციის გამოქვეყნება. მათივე ინფორმაციით, მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოება წარმოადგენდა ევროკავშირის „Twinning“-ის პროექტის (2019-2021 წლები) - „საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების განვითარება“ ერთ-ერთ ქვეკომპონენტს. წარსულში, ეს ინფორმაცია საჯაროდ, საქსტატის ვებგვერდზე გამოტანილი არ იყო და შესაბამისად, ყურადღების მიღმა რჩებოდა. ამჟამად გამოქვეყნებულია 2020-2021 წლის მონაცემები. პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მომსახურებით ვაჭრობის კონიუნქტურა „ნორმალურ“ პირობებში განსხვავებულია. შესაბამისად, 2020-2021 წლების სტატისტიკაზე მსჯელობა შესაძლოა სრულ სურათს ვერ ასახავდეს. მომსახურების ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი 2021 წელს მოდიოდა თურქეთზე (365 მლნ დოლარი), აზერბაიჯანზე (240 მლნ დოლარი), უკრაინაზე (206 მლნ დოლარი) და რუსეთზე (189 მლნ აშშ დოლარი). ამ ოთხ ქვეყანაზე, მომსახურების მთლიანი ექსპორტის 40%-მდე მოდიოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოდან მომსახურების ყველაზე დიდი შემსყიდველი გერმანიაა (81 მლნ აშშ დოლარი). ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 423 მლნ დოლარის მომსახურება შეიძინეს, დსთ-ს ქვეყნებმა 920 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება მომსახურების იმპორტს, მომსახურების ყველაზე დიდი მომწოდებელი 2021 წელს საქართველოს რეზიდენტი პირებისთვის ჩინეთი იყო (344 მლნ აშშ დოლარი), შემდგომ მოდიოდა ირანი (121 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (102 მლნ აშშ დოლარი) აზერბაიჯანი (101 მლნ აშშ დოლარი) და გერმანია (83 მლნ აშშ დოლარი). საინტერესოა რომ რუსეთიდან, მომსახურების იმპორტის მაჩვენებელი მხოლოდ 32 მლნ აშშ დოლარი იყო. ასევე, იმპორტი ევროკავშირიდან შეადგენს 400 მლნ აშშ დოლარს, ხოლო დსთ-ს ქვეყნებიდან 329 მლნ აშშ დოლარს. მსგავსი სტატისტიკა, სავარაუდოდ, მოგზაურობის სფეროსთან არის დაკავშირებული.

[1] ქვეყანაში შემავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას ასახავს. ბალანსი მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისგან შედგება. მიმდინარე ანგარიში საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს მოიცავს.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი