იტვირთება

ირაკლი ზარქუა: პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რა ჩაწერა იცით? ,,მე არ მაქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუმცა ჩემი ვეტოს დადების არგუმენტი არის პოლიტიკური...“

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი ზარქუას განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ინიციირებული ცვლილებები გაკრიტიკებულია იმ ფონზე, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, რაც ვეტოს გამოყენების პოლიტიკურ არგუმენტს ცალსახად წარმოადგენს.

ამასთან, მოტივირებულ შენიშვნებში რიგი სამართლებრივი პრობლემებია გამოკვეთილი, რომელსაც ინიციირებული კანონპროექტი შეიცავს. მაგალითად, დასაბუთებულია, რომ ახალი რეგულირება კერძო პირსა და ხელისუფლებას შორის გონივრული ბალანსის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს და წარმოდგენილია კრიტიკული შეფასებები კანონის მიღების პროცესთან მიმართებით, რომელიც პრეზიდენტის აზრით, საზოგადოებისა და ექსპერტების სათანადო ჩართულობის გარეშე წარიმართა.

მართალია პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ცვლილებები ინიციირდა, შესაძლოა ვეტოს გამოსაყენებლად (რაზეც ალბათ ის ფაქტიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა ვეტო პირველად გამოიყენა და მოლოდინი აქვს, რომ იგი დაიძლევა) გადამწყვეტი აღმოჩნდა. თუმცა ამის მიუხედავად ირაკლი ზარქუას მტკიცება, პრეზიდენტის განცხადების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რითაც იგი ცდილობს, კანონპროექტზე დადებული ვეტო წარმოადგინოს, როგორც პრეზიდენტის პირადი პოლიტიკური „ახირება“ და შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი პრობლემები არ არსებობს. რეალურად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის, ისე საქართველოს დასავლელი პარტნიორების გზავნილების პათოსს იზიარებს.

ასევე, განცხადებაში პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი ფაქტი, რომ თითქოს პრეზიდენტმა „პირდაპირ ჩაწერა“, თითქოს ვეტო პოლიტიკურია და მას სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული პოლიტიკური მოტივაციის გარდა, პარლამენტისთვის გაგზავნილ შენიშვნებში სწორედ სამართლებრივი არგუმენტები იყო წარმოდგენილი.

ანალიზი:

2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ნეგატიურად შეაფასა. გაისმა არაერთი განაცხადი ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ პრეზიდენტის ვეტო დაუსაბუთებელია.

ამ განცხადებათა პათოსი მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამაც გაიზიარა, რომელმაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან მიმართებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: ,,პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რა ჩაწერა იცით? ,,მე არ მაქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუმცა ჩემი ვეტოს დადების არგუმენტი არის პოლიტიკური...“. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ზარქუას მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება არა თუ სამართლებრივ წინაპირობებს არამედ, პოლიტიკურ კონტექსტს დააფუძნა.

,,ფაქტ-მეტრმა’’ ირაკლი ზარქუას განცხადება გადაამოწმა.

მიმდინარე წლის 7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები და იმ დანაშაულთა წრე, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაა შესაძლებელი, გაიზარდა. ასევე, შეიცვალა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესიც (უფრო ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია).

ინიციირებულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნული განაპირობა, როგორც კანონის მიღების პროცესმა, რომელიც საზოგადოებისა და ექსპერტების სათანადო მასშტაბით ჩართულობის გარეშე წარიმართა, ისე თავად რეგულირების შინაარსმა, რომელმაც ეჭვი გააჩინა, რომ ახალი მოწესრიგებით კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მიღწევა გაჭირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიღებიდან 2 დღის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებით აღნიშნა, რომ ,,მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე“.

საერთო ჯამში, კანონპროექტმა ხელისუფლების მხრიდან - თვითნებობისა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტის გაუარესების მომეტებული რისკები გამოკვეთა, რამაც განაპირობა ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებით ვეტოს უფლება პირველად გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება მის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში სრულყოფილად დაასაბუთა. შენიშვნები კანონპროექტის ხარვეზებსა და მისგან მომდინარე რისკებს ნათლად გამოკვეთენ. ამასთან, დოკუმენტში ცალსახად იკითხება ის ,,პოლიტიკური არგუმენტიც’’, რომელიც მმართველი პარტიისთვის ვეტოს დაუსაბუთებლობის მტკიცების მთავარი საფუძველი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ვეტოს ,,პოლიტიკური’’ სპეციალურ ბრიფინგზე თავად სალომე ზურაბიშვილმაც უწოდა: ,,ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან არ შეიძლება, ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელები“.

რაც შეეხება ოფიციალურ დოკუმენტს, მასში აღწერილია, თუ როგორ აფერხებს კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. დოკუმენტის თანახმად, ,,დღეს, როცა საქართველო ელოდება უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც ნამდვილად არ არის ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი და აფერხებს ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას“.

განვითარებული მსჯელობა სავსებით რელევანტურია იმ ფონზე, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის 196-ე კითხვა სწორედ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტს შეეხება (იხ. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული გამოხმაურება აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებით). პრეზიდენტის პოზიციის რელევანტურობას ადასტურებენ, 2021 წლის სექტემბერში ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გავრცელებული დოკუმენტები - ე.წ. კრებსებიც, რომელთა ავთენტურობა, მართალია, დღემდე დადასტურებული არ არის, თუმცა მიუთითებს იმ რისკებზე, რაც სახელმწიფოს პირადი ცხოვრების შემზღუდველი ბერკეტებით აღჭურვას ახლავს თან.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოტივირებული შენიშვნებიდან იკვეთება, რომ ინიციირებული ცვლილებები არა მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტთან, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ სტანდარტებთანაც შეუსაბამოა.

დოკუმენტის თანახმად, წარმოდგენილი ცვლილებებით უარესდება ის სტანდარტები, რომლებიც 2014 წლის პირველ აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მიერ დადგინდა. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული და სამართლიანი ბალანსის მიღწევის შესაძლებლობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ,,კონსტიტუცია არ უშვებს მცირე ალბათობასაც კი, რომელიმე ლეგიტიმური ინტერესის დაცვა შესაძლებელი იყოს ამა თუ იმ უფლების დარღვევის ხარჯზე“, შესაბამისად, ნათელია, რომ პრეზიდენტის აზრით, კანონპროექტით ვერ ხერხდება ინტერესთა დაბალანსება ,,კონსტიტუციის იმ უპირობო მოთხოვნის დაცვით, რომლის თანახმადაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფუნდამენტური უფლებებით შეუბღალავად სარგებლობის შესაძლებლობა“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ,,ადამიანის უფლების შეზღუდვა დასაშვებია სხვა კონსტიტუციური სიკეთის დაცვის მიზნით“. უფლების შეზღუდვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმი ე.წ. „თანაზომიერების ტესტი“, რომელიც კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში არის აუცილებელი. სამწუხაროდ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მხოლოდ მცირე მითითებაა გაკეთებული შემოთავაზებული რეგულაციის თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობის საჭიროების შესახებ და დასაბუთებული არ არის, საკანონმდებლო ცვლილებები პირის უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მიღწევას როგორ უზრუნველყოფს.

ეს მსჯელობა სავსებით რელევანტურია იმის კვალობაზე, რომ თანაზომიერების კონსტიტუციურ ტესტთან მიმართებით ცალსახა წინააღმდეგობაში მოდის, როგორც შეტყობინების ვადის, ისე ფარული საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელების განუსაზღვრელობა. ამასთან, როდესაც უფლების შეზღუდვისას არ ითვალისწინება სამართლებრივი სიკეთისადმი მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმე, ნორმათა კონსტიტუციურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კანონპროექტის თანახმად კი, საერთო ჯამში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება 75-ზე მეტ ნაკლებად მძიმე დანაშაულზეა შესაძლებელი (უფრო ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია).

ასევე, შენიშვნებში ასახულია ის კონკრეტული საფრთხეები, რასაც კანონპროექტი ადამიანის პირადი ცხოვრებისა თუ სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებით შეიცავს. „წარმოდგენილი ცვლილებებით შესაძლებელი ხდება, პირმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, შესაბამისად რეალური საფრთხე ექმნება ამ პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას“.

დოკუმენტის თანახმად, ხარვეზები არა მხოლოდ შინაარსობრივ, არამედ პროცედურულ მხარესთან მიმართებითაც იკვეთება. ,“გარდა იმისა, რომ მოქმედი რედაქციით დადგენილი სტანდარტები უარესდება მეორე მხრივ დიდ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ კანონის მიღების პროცესი საზოგადოების სათანადო, საჭირო ფორმითა და მასშტაბით ჩართულობის გარეშე წარიმართა. ,,მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ცვლილებების განხილვა მომხდარიყო ფართო საზოგადოების, მათ შორის, ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტების აქტიური მონაწილეობით, ისე როგორც ეს მოხდა 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების მომზადებისა და მიღების პროცესში’“.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მართალია, პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ცვლილებები ინიციირდა, შესაძლოა ვეტოს გამოსაყენებლად (რაზეც ალბათ ის ფაქტიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა ვეტო პირველად გამოიყენა და მოლოდინი აქვს რომ იგი დაიძლევა) გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად ირაკლი ზარქუას მტკიცება, პრეზიდენტის განცხადების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რითაც იგი ცდილობს, კანონპროექტზე დადებული ვეტო წარმოადგინოს, როგორც პრეზიდენტის პირადი პოლიტიკური „ახირება“ და შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი პრობლემები არ არსებობს. რეალურად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები - როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის, ისე საქართველოს დასავლელი პარტნიორების გზავნილების, პათოსს იზიარებს. ასევე, მოტივირებულ შენიშვნებში კანონპროექტი განხილულია კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებებში ჩარევის თანაზომიერების კუთხით. შესაბამისად, განცხადებაში პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი ფაქტი, რომ თითქოს პრეზიდენტმა „პირდაპირ ჩაწერა“, თითქოს ვეტო პოლიტიკურია და მას სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული პოლიტიკური მოტივაციის გარდა, პარლამენტისთვის გაგზავნილ შენიშვნებში სწორედ სამართლებრივი არგუმენტები იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ირაკლი ზარქუას განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4553 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი