სოზარ სუბარი: ვერ ნახავთ ვერცერთ სიტყვას, სადაც დასავლეთის, ელჩისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ კრიტიკა იყოს.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: ევროპარლამენტის მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებისა და საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, მმართველი გუნდის მხრიდან, ანტიდასავლური კამპანია შესამჩნევად გააქტიურდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ღია კრიტიკას და, ზოგჯერ, შეურაცხყოფასაც ხშირად მიმართავენ.
ხელისუფლების მხრიდან ცილისწამება და კონსპირაციული თეორიები უცხო არაა. „ქართული ოცნება“ თავისი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ მიმდინარე ომს აქტიურად იყენებს. კონსპირაციული თეორიის თანახმად, დასავლეთს „საქართველოს ომში ჩართვა“ სურს და ქვეყანა სწორედ იმის გამო დარჩა EU კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომ ომში არ ჩერთო.
აშკარაა, რომ სწორედ დასავლეთის უფრო მწვავე, ღია კრიტიკას და კონსპირაციული თეორიების გავრცელებას ემსახურება „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დეპუტატის გასვლაც. განსაკუთრებულად აქტიურად ისინი აშშ-ის ელჩს აკრიტიკებენ და საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევის ნორმალიზებაში, ომის რიტორიკის გაღვივებასა და იმ ძალების დაფინანსებაში ადანაშაულებენ, რომლებიც, მათივე თქმით, „საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ”.
ანალიზი
28 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს არ აკრიტიკებენ: „როდესაც ანტიდასავლურობაზე ვლაპარაკობთ ვიტყვი, რომ ვერ ნახავთ ვერცერთ სიტყვას, სადაც დასავლეთის, ელჩისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ კრიტიკა იყოს, მაგრამ კითხვების დასმის უფლება ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა მან.
„ფაქტ-მეტრმა“ სოზარ სუბარის განცხადება გადაამოწმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყნის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკიბენ. ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური კამპანია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის გამოქვეყნებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ შესამჩნევად გააქტიურდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები განსაკუთრებით მგძნობიარედ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ შეფასებებზე რეაგირებენ.
გთავაზობთ ბოლო 2 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან (მათ შორის, მმართველ გუნდს გამოყოფილი დეპუტატების ) ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მისამართით გაკეთებული კრიტიკული და შეურაცხმყოფელი განცხადებების ნაწილს.
შეურაცხმყოფელი განცხადებებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოირჩევა. მაგალითად, 2020 წლის ივლისში მან საერთაშორისო პარტნიორებს არაობიექტურობაში და არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი და ოპოზიციურ პარტიებთან ახლო კავშირშიც „დაადანაშაულა“: „ზოგიერთი მათგანის მხრიდან ჩანს აბსოლუტური არაკომპეტენტურობა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების აბსოლუტური არცოდნა. ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად, აღმაშფოთებელი შეფასება, რომ, თითქოს, ბატონი ივანიშვილი წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს. ადამიანი, რომელიც დღეს ამას იტყვის, უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება დღეს საქართველოში“, - განაცხადა მან.
„ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ... არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა“, - ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი გასულ წელს ევროპარლამენტარს, ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც ამბობდა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე).
შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებებით „ქართული ოცნების თავმჯდომარე“, ირაკლი კობახიძეც გამოირჩევა. მას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები „კრიმინალების“ მფარველობასა და მათ ლობისტობაში არაერთხელ „დაუდანაშაულებია“: „ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მფარველები. ნაცმოძრაობა რა დანაშაულებს ჩადიოდა, 2012 წელს არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან არ იცოდა იგივე რიშმა და ა.შ? ყველამ იცოდა“.
ევროპარლამენტარებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ირაკლი კობახიძე ლობისტებს უწოდებს, რომლებიც ამაში ფულს იღებენ. მისივე თქმით, „კონკრეტულ კრიმინალებს“ ევროპარლამენტში საკუთარი ლობისტები ჰყავთ.
გასული წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ბევრი ევროპარლამენტარი უღირსია“.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარების ნაწილს აკრიტიკებდა და მიიჩნევდა, რომ ეს იყო პატარა ჯგუფი, რომელსაც ხალხისთვის „თავის ევროპად მიყიდვა სურდა“. თუმცა, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია[1] მიიღო, მმართველ გუნდს მოუწია თვალი გაესწორებინა რეალობისთვის, რომ საქართველოში მიმდინარე მთელ რიგ მოვლენებს კრიტიკულად არა მხოლოდ ერთეული ევროპარლამენტარები, არამედ ევროპარლამენტი - როგორც ინსტიტუტი აფასებს.
აღნიშნულ რეზოლუციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მას „ჩალის ფასი“ აქვს. მისივე თქმით, ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი „ფეიკის“ მსხვერპლი გახდა, რამდენადაც მასში „ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილებია შეპარებული“.
მმართველი გუნდი თავისი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის იყენებს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ მიმდინარე ომსაც. „ქართული ოცნების“ კონსპირაციული თეორიის თანახმად, დასავლეთს „საქართველოს ომში ჩართვა“ სურს და ქვეყანა სწორედ იმის გამო დარჩა EU კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომ ომში არ ჩერთო.
„საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ აქ ომი არ არის?! – განაცხადა ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში EU-ს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
აშკარაა, რომ სწორედ დასავლეთის უფრო მწვავე და ღია კრიტიკას ემსახურება „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის გასვლაც [2], მიუხედავად იმისა, რომ მათ გამოყოფის მიზეზად საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება დაასახელეს. თუკი აღნიშნული სამეულის ქმედებებსა და განცხადებებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათ „ქართული ოცნებისგან“ მხოლოდ ის განასხვავებს, რომ უფრო თამამად დაიწყეს საუბარი და იმ კონსპირაციის თეორიის განვითარება, რომლის თანახმადაც, დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას.
აღნიშნულმა სამეულმა თავის პირველივე განცხადებაში EU კანდიდატის სტატუსს არაფრისმომცემი უწოდა, ხოლო სტატუსის თემას - ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს და ქვეყანაში რევოლუციის სურვილით შემოიტანეს.
მმართველი გუნდის ანტიდასავლური კამპანიის კიდევ ერთი მაგალითი ბოლო პერიოდში ელჩების წინააღმდეგ განხორციელებული „თავდასხმებია“. შეგახსნებთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა და სტრატეგიული პარტნიორი იმ ძალების დაფინანსებაში დაადანაშაულა, რომლებიც „საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ”. ყაველაშვილის კოლეგამ, დიმიტრი ხუნდაძემ კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ნედ პრაისს, კელი დეგნანთან დაკავშირებით, მისწერა, რომ ის „შერჩევითი დიპლომატიითაა“ დაკავებული.
„ოცნებიდან წასულებმა“ კიდევ ერთ ღია წერილში ამერიკის საელჩო სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევის ნორმალიზებაში, ომის რიტორიკის გაღვივებასა და „რევოლუციური შეკრების“ მოთხოვნების გაზიარებაში დაადანაშაულეს. „თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას; თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას; თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას“, - აღნიშნულია წერილში.
კრიტიკა, ასევე, გაძლიერდა ევროკავშირის აწ უკვე ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართაც. მას შემდეგ, რაც მას ელჩობის ვადა ამოეწურა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. მისივე თქმით, ჰარცელი საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. ჰარცელთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა „ქართული ოცნების დეპუტატმა“, მიხეილ სარჯველაძემაც და აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობით მაინცდამაინც კმაყოფილი არაა.
სტატიაში მოყვანილი განცხადებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ანტიდასავლური კამპანიისა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გაააქტიურა. მმართველი გუნდის წევრებისგან სტრატეგიული პარტნიორების ცილისწამებამ და შეურაცხყოფამ სისტემატური ხასიათი მიიღო. მეტიც, უფრო მწავე და პირდაპირი კრიტიკისთვის „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე დეპუტატიც გამოეყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოზარ სუბარის განცხადება, რომ სტრატეგიული პარტნიორების მიმართ კრიტიკულ სიტყვასაც ვერ ვნახავთ, არის ტყუილი.
სტატიით განსახილველი განცხადების გაკეთების შემდეგ, „ოცნებიდან წასული“ დეპუტატების ანტიდასავლური რიტორიკა და კონსპირაციები კვლავ გაგრძელდა. მათ აშშ-ის საელჩო - „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და სასამართლოში შეღწევის მცდელობაში[3], ხოლო კელი დეგნანი - „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბარში დაადანაშაულეს.
[1] მიმდინარე წლის 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, „5 ივლისის მოვლენები“, ოპოზიციური ტელევიზიების დამფუძნებლების/მფლობელების წინააღმდეგ აღზრული საქმეები და ა.შ.
[2] დაახლოებით ერთი კვირის წინ დეპუტატების სამეულს „ქართული ოცნებიდან“ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.
[3] „ოცნებიდან წასული“ დეპუტატები აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის სასამართლო რეფორმის შესახებ წარდგენილ დოკუმენტს გამოეხმაურნენ.