2022 წლის 17 აგვისტოს ჰომეოპათმა თინათინ თოფურიამ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მორიგი დეზინფორმაცია გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის ტესტირების ეტაპზე აცრილი ფეხმძიმეების 44%-მა ნაყოფი დაკარგა, რაც FDA-ის დოკუმენტებშია აღწერილი. თოფურიას წყაროდ ინგლისურენოვანი გამოცემის - American Greatness - სტატია მოჰყავს, რომელიც ასევე დეზინფორმაციულია.

მტკიცება, თითქოს ვაქცინის გამოცდის ეტაპზე აცრილ ორსულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ნაყოფი დაკარგა ამერიკელ ავტორსა და ჟურნალისტს, ნაომი ვოლფს, ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ვოლფი 2021 წლიდან Twitter-ის მიერ Covid-19-ის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო დაბლოკილია.

ჟურნალისტის თანახმად, კანადის ქალაქ ვატერლოოში, 2021 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში 86 მკვდარშობილი ბავშვი დაიბადა, შოტლანდიაში კი 2021 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ორჯერ მეტი მკვდარშობილი დაიბადა. ვოლფი ასევე ამტკიცებდა, რომ ისრაელის საავადმყოფოში - Rambam Health Care Campus - ვაქცინირებულ დედები არავაქცინირებულებთან შედარებით 34%-ით მეტად კარგავენ ნაყოფს.

სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცებები უსაფუძვლოა. ვატერლოოს ორი მთავარი საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია ნაყოფის უეცარი დაკარგვის მაჩვენებლის/მკვდარშობილების ზრდის შესახებ ყალბია. ვატერლოოს საავადმყოფოების წარმომადგენლების თანახმად კი, წელს ნაყოფის უეცარი დაკარგვის არა 86, არამედ 12 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე დაბალ - 0.2% – 0.4% -ფარგლებში ზის.

შოტლანდიაში 2021 წლის სექტემბერში 21 მკვდარშობილი ბავშვის დაბადება აღრიცხა, რაც 1000 ახალშობილზე 4.9 გარდაცვალებას უდრის, საშუალო მაჩვენებელზე 2-ით მეტი. თუმცა დოქტორ სარა სტოკის განცხადებით, ვინც Covid-19-ის პირობებში ორსულობას იკვლევს, მაჩვენებლის ზრდის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა.

რაც შეეხება ისრაელს, 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მიღება ორსულობის განმავლობაში ნაყოფზე საზიანო გავლენას არ ახდენს.

დეზინფორმაცია Covid-19-ის ვაქცინის ორსულებზე საზიანო გავლენის შესახებ თინათინ თოფურიას აქამდეც გაუვრცელებია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. CDC და დედათა ჯანმრთელობისა და პედიატრიის სპეციალისტები ორსულ ქალებს ვაქცინის მიღების რეკომენდაციას უწევენ. CDC-ის თანახმად, სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ COVID-19 ვაქცინაციის სარგებელი ორსულობის დროს ნებისმიერ ცნობილ ან პოტენციურ რისკს აღემატება. CDC-ის მტკიცებულებად კვლევები მოჰყავს, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინა ორსულებში ეფექტურია და დედებისთვის ან მათი ჩვილებისთვის ზიანის მიყენების რისკი არ არსებობს.

„მეან-გინეკოლოგიის ამერიკული კოლეჯი” (ACOG) რეკომენდაციას უწევს ორსულთა ვაქცინაციას და აცხადებს, რომ CDC-ის აცრილ ორსულთა რეგისტრაციის ბაზაში ახალშობილთა სიკვდილი დაფიქსირებული არ არის. ეს დასკვნა ეფუძნება კვლევას, რომელიც გამოქვეყნდა New England Journal of Medicine-ში, რომელშიც მონაწილეობა 4000-მა ორსულმა მიიღო.

ამრიგად, მტკიცება, რომ ვაქცინას ორსულობის შეწყვეტასა და ნაყოფის დაღუპვასთან კავშირი აქვს, ყალბია.

-------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი