იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა

ვერდიქტი: მცდარი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არაერთი გამოწვევისა და პროვოკაციის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდმა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა. პრემიერ-მინისტრი ამ სიტყვებს - როგორც სამთავრობო უწყებებში სიტყვით გამოსავლისას ისე რეგიონებში ვიზიტისას, სისტემატურად იმეორებს.

„გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, მისი პიროვნული დამსახურებაა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით მოვლენები როგორ ვითარდება და მთავრობის მეთაურის აღნიშნული განცხადება არსებულ რეალობას რამდენად შეესაბამება.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით არ დასრულებულა. ტერიტორიების მიტაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების, ასევე - მკვლელობის ფაქტები დღემდე ფიქსირდება.

„ფაქტ-მეტრისთვის“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონო „ბორდერიზაციას“ დღემდე ახორციელებენ. ეს პროცესი კი, უწყების განმარტებით, ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას, მიწათხრილების, ტრანშეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას გულისხმობს.

„აღნიშნული პროცესი რუსული ოკუპაციის შედეგს წარმოადგენს, რომლის ნიშნები 2009 წელს გამოვლინდა, ხოლო 2011 წელს აქტიური სახე მიიღო და დღემდე, სხვადასხვა ლოკაციაზე, განსხვავებული ინტენსივობით ხორციელდება. საერთო ჯამში, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება“, - წერია სუს-ის მიერ გამოგზავნილ წერილში.

ოფიციალური ინფორმაციით, პირველი, 1 კმ-მდე მავთულხლართი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხურვალეთში, 2011 წლის შემოდგომაზე გაავლეს. შემდეგ ეს პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში გაგრძელდა, სადაც 3 კმ-მდე სიგრძის მავთულხლართი დაინსტალირდა.

2012 წლიდან მავთულხლართებისა და ღობეების გავლების პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევშიც დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში მისმა საერთო სიგრძემ, დაახლოებით, 800 მეტრი შეადგინა.

ე.წ. ბორდერიზაციამ ყველაზე მასშტაბური სახე 2013 წელს მიიღო. ამ პერიოდიდან, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და მავთულხლართების მეშვეობით, ტერიტორიის გაყოფის პირველი მაგალითი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთსა და ქსუისში დაფიქსირდა, საოკუპაციო ხაზის სიგრძემ მაშინ 4 კმ-ს მიაღწია. ამის პარალელურად, 143 მეტრამდე სიგრძის მავთულხლართები და ღობეები სოფელ გუგუტიაანთკარში დაინსტალირდა. დიცში, კი 1.5 კმ-მდე სიგრძის მავთულხლართები გააბეს. 2 კმ სიგრძის მავთულხლართები ასევე სოფელ ბერშუეთსა და ჯარიაშენში დამონტაჟდა.

შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლი ქარელის მუნიციპალიტეტსაც შეეხო, სადაც თავდაპირველად ბორდერიზაციამ დვანის, თამარაშენისა და ატოცის მონაკვეთებზე გაიარა და 6-8 კმ სიგრძის მავთულხლართები დაინსტალირდა. 2013 წლის ბოლოს კი მცოცავი ოკუპაცია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, დვანში, ავლევსა და ცერონისში, დაახლოებით, 3 კმ-მდე სიგრძის მავთულხლართებით დაფიქსირდა, რასაც ღობეების მონტაჟიც მალევე მოჰყვა. მოგვიანებით ის გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითისა და ზემო ნიქოზის ღობეებს შეუერთდა, მისმა საერთო სიგრძემ კი დაახლოებით 12 კმ შეადგინა. 2013 წლის ნოემბერში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიციდან (აქ პროცესი 2013 წლის 26 მაისს 1.5 კმ-მდე სიგრძის მავთულხლართების გავლებით დაიწყო) დასავლეთის მიმართულებით, სოფელ ერგნეთამდე დაინსტალირებული ღობეების სიგრძემ დაახლოებით 5 კმ შეადგინა. იმავე პერიოდში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში ღობეების ინსტალაციის ახალი ტალღა დაიწყო. პროცესი 2014 წლის 7 თებერვლიდან განახლდა და ახლადდამონტაჟებული მავთულხლართების მთლიანმა სიგრძემ 600 მეტრამდე შეადგინა.

ამ პერიოდიდან, შიდა ქართლის მასშტაბით, სადაც საოკუპაციო ხაზთან 56 სოფელი მდებარეობს, „ბორდერიზაციის პროცესი“ უწყვეტ რეჟიმში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. გამყოფი ხაზი გამოჩნდა თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის (E60) სიახლოვეს, სადაც 2015 წლიდან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაინსტალირდა. აღნიშნული ბანერი თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალთან 450 მეტრითაა დაშორებული. ჯამში, ორივე რეგიონის მიმართულებით, 2009 წლიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძემ 105 კმ -ს მიაღწია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ე.წ. ბორდერიზაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დუშეთის, ქარელის, კასპის, გორის, ხაშურის, საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ ხორციელდება, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმდებარედ. პროცესი ვერც გლობალურმა პანდემიამ შეაჩერა.

ამ დასახლებებში საოკუპაციო ძალები მხოლოდ ტერიტორიების მითვისებით არ შემოიფარგლებიან. 14 წლის განმავლობაში, მშვიდობიან მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ და ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. ზოგჯერ კი რამდენიმეწლიან პატიმრობასაც უსჯიან, რაც არაერთხელ დაპატიმრებულის გარდაცვალებითაც დასრულდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 2014 წლიდან დღემდე, განსაკუთრებული სისასტიკით, საქართველოს ოთხი მოქალაქეა მოკლული: 2014 წელს - 18 წლის დავით ბაშარული, 2016 წელს - 31 წლის გიგა ოთხოზორია, 2018 წელს - 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, 2019 წელს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია. ბოლო შემთხვევა 2021 წელს მოხდა, რა დროსაც 2019 წელს დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

რაც შეეხება დაკავების შემთხვევების სტატისტიკას, ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. ბორდერიზაციის მსგავსად, მასობრივი სახე ამ პროცესმაც 2013 წლიდან მიიღო. ჯამში 2009 წლიდან 2022 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, უკანონოდ 3 365 პირი დააკავეს, მათგან 1 911 - ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 454 - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ძირითადად, დაკავებულებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ე.წ. ჯარიმის არაოფიციალურად გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. საოკუპაციო რეჟიმმა 2018 წლიდან ჯარიმის ოდენობა გააორმაგა. საშუალო გაანგარიშებით, ბოლო 14 წლის განმავლობაში, 3 365 პირის გასათავისუფლებლად, ჯამში, 259 105 ლარია გადახდილი.

გრაფიკი 1

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, არარელევანტურია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეფასდეს „მშვიდობად“ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სისტემატურ რეჟიმში შიშის ქვეშ ცხოვრობენ და კარგავენ, როგორც ათეულობით ჰექტარ მიწის ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს, ისე საკუთარ სიცოცხლეს. მიზეზი კი სწორედ უსაფრთხოების სათანადო ზომების არარსებობაა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4290 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი