გიორგი ვაშაძე: წელს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მშპ ერთ სულზე გაგვისწრო მოლდოვამ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი
რეზიუმე: პოლიტიკოსი დოლარში გამოსახული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს ეყრდნობა, თუმცა, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის ასეთი ფორმით შედარება არასწორია, რადგან ეს მაჩვენებელი ინფლაციური და სავალუტო გაცვლითი კურსის მერყეობის გავლენებისგან თავისუფალი
არ არის. ეკონომიკის ზრდა/კლება მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებით იზომება, რაც ქვეყანაში წარმოებული საქონლის და მომსახურების მოცულობას ასახავს. ამ განსაზღვრებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების მაჩვენებელი წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობის ცვლილებას და არა მათი ფასების ან დოლარში კონვერტირებული ღირებულების დინამიკას ასახავდეს.
სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკების შედარებისთვის, ერთგვაროვანი მაჩვენებლის, რეალური (საბაზისო წლის ფასებში დათვლილი) მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით - ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ (GDP per capita in constant PPP dollars), გამოიყენება, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ერთ-ერთი საზომია და ქვეყნებს შორის ცხოვრების დონის სხვაობას ასახავს. ბუნებრივია, ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად ხელოვნურია და ზედმიწევნით ზუსტი ვერ იქნება. თუმცა, სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ქვეყნების შედარებისთვის, სხვა უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს და მთელი რიგი ავტორიტეტული ორგანიზაციები ( როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ.) სწორედ ამ მონაცემს ეყრდნობიან. რეალური მსყიდველუნარიანობის პარიტეტით დათვლილი ერთ სულზე მშპ-ს მიხედვით, ბოლო წლებში, მოლდოვას საქართველოსთვის არ გაუსწრია და მოლდოვასთან „პოზიციის დათმობა“ გაცვლით კურსს უკავშირდება. სხვა სიტყვებით, ამ წლებში, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი საქონელი და მომსახურება იწარმოებოდა, ვიდრე მოლდოვაში. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით, მოლდოვა საქართველოს 2005 წლამდე უსწრებდა.
2012-2021 წლებში, მოლდოვას ეკონომიკა, საბოლოო ჯამში უფრო სწრაფად იზრდებოდა და თუ 2012 წელს, საქართველოს მშპ ერთ სულზე მოლდოვის მონაცემს 1.25-ჯერ აღემატებოდა, 2021 წლისთვის ფარდობა 1.08-მდე შემცირდა. აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის განცხადების კონტექსტის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ ამ წლებში მოლდოვა საქართველოზე სწრაფად ვითარდებოდა, სიმართლეა, თუმცა განცხადებაში სრული სურათი დამახინჯებულია და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე არასწორ წარმოდგენას ქმნის. ამასთან, სიმართლეს არც ის შეესაბამება, რომ მოლდოვამ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით გაუსწრო. ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება მეტწილად მცდარია, რადგან განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა, იგნორირებულია.
ანალიზი:
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ, „TV პირველის“ ეთერში განაცხადა: „წელს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მშპ ერთ სულზე გაგვისწრო მოლდოვამ“.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის.
აშკარაა, რომ გიორგი ვაშაძე დოლარში კონვერტირებულ ნომინალურ მშპ-ზე საუბრობს, რადგან მის მიერ დასახელებული მაჩვენებელი შესაბამის სტატისტიკას შეესაბამება (იხ. ცხრილი 1). აშშ დოლარში დათვლილი მშპ-თი ერთ სულზე, მოლდოვამ საქართველოს 2020 წელს გაუსწრო. 2021 წელს, საქართველოს ნომინალურმა მშპ-მ ერთ სულზე 5042 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოლდოვაში - 5315 აშშ დოლარი. 2020 წელს, იმავე მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში იყო 4256 დოლარი, ხოლო მოლდოვისთვის - 4525 აშშ დოლარი, 2019 წელს კი საქართველოს მშპ ერთ სულზე 4696 აშშ დოლარი იყო, ხოლო მოლდოვაში - 4492 აშშ დოლარი.
არსებული სტატისტიკით და ამ მონაცემის მიხედვით, 2020-2021 წლების გარდა, მოლდოვა საქართველოს მხოლოდ 1995 წელს უსწრებდა. თუმცა, ნომინალური მშპ ინფლაციური პროცესების გავლენისაგან თავისუფალი არ არის და მისი გამოყენება დროში ანალიზისთვის (სხვადასხვა წლის მონაცემის ერთმანეთთან შედარება) არასწორია. კიდევ უფრო არასწორია ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა (და მით უფრო, სხვადასხვა ქვეყნების დინამიკის შედარება წლების მიხედვით), რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს.
სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკების შედარებისთვის, ერთგვაროვანი მაჩვენებელი, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (Purchasing Power Parity) მიხედვით - ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ (GDP per capita in PPP dollars) გამოიყენება, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ერთ-ერთი საზომია და ქვეყნებს შორის ცხოვრების დონის სხვაობას ასახავს. PPP მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტებს განსხვავებული მსყიდველობითი უნარი გააჩნიათ. დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში პროდუქციაზე უფრო დაბალი ფასებია, ვალუტის მსყიდველობითი უნარი კი მეტია (ყოველი 1 დოლარით მეტი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი). მაგალითად, 1 000 დოლარით აშშ-ში ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, ადამიანი რომელსაც საქართველოში აქვს შემოსავალი 1 000 დოლარი, გაცილებით „მდიდარია“ ადამიანზე, რომელიც იგივე 1 000 დოლარს შემოსავლის სახით აშშ-ში იღებს. შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მშპ-ს დინამიკის შეფასებისას ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის ტექნიკურ (არაშინაარსობრივ) გავლენას გამორიცხავს. დროითი ანალიზისთვის, მუდმივ ფასებში, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით დათვლილი მშპ, გამოიყენება, რაც გარდა სავალუტო და გაცვლითი კურსის სხვაობისა, დროთა განმავლობაში, ინფლაციასაც გამორიცხავს. ბუნებრივია, ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად ხელოვნურია და ზედმიწევნით ზუსტი ვერ იქნება, თუმცა, სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ქვეყნების შედარებისთვის, უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.
ცხრილი 1: ნომინალური მშპ ერთ სულზე დოლარში, რეალური მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (2017=100) და რეალური ეკონომიკის % ზრდა 2012-2021 წლებში, საქართველოს და მოლდოვას შემთხვევაში
წყარო: მსოფლიო ბანკი
როგორც ცხრილ 1-ზე ჩანს, რეალური მსყიდველუნარიანობის პარიტეტით დათვლილი ერთ სულზე მშპ-ს მიხედვით, ბოლო წლებში, მოლდოვას საქართველოსთვის არ გაუსწრია. სხვა სიტყვებით, ამ წლებში, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი საქონელი და მომსახურება იწარმოებოდა, ვიდრე მოლდოვაში. აღსანიშნავია რომ ამ მაჩვენებლით, მოლდოვა საქართველოს 2005 წლამდე უსწრებდა. 2021 წელს, მოლდოვას მშპ ერთ სულზე (PPP) 14.2 ათას დოლარს შეადგენდა, რაც 2012 წელთან შედარებით 58.1% ზრდას წარმოადგენდა, ხოლო საქართველოს მშპ ერთ სულზე (PPP) 2021 წელს 15.4 ათასი იყო, რაც 2012 წელთან შედარებით 36.9% ზრდას წარმოადგენდა. უშუალოდ ეროვნულ ვალუტაში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, საქართველოს შემთხვევაში, 2012 წელთან შედარებით 36.2%-ით გაიზარდა, მოლდოვისთვის კი 42.3%-ით. მოლდოვისთვის, ერთ სულზე გადათვლილი მშპ-ს მეტად ზრდა, ქვეყნიდან ემიგრაციის მაღალ მაჩვენებლებს უკავშირდება.