Facebook-მომხმარებელი Goga Tukhareli სოციალურ ქსელში ვიდეო კოლაჟს ავრცელებს, რომლის ერთ-ერთი ფრაგმენტი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას ასახავს და არასწორი ქართული თარგმანითაა გახმოვანებული. გამოქვეყნებულ ვიდეოში ბაიდენის სიტყვები შემდეგნაირადაა ნათარგმნი: “რატომ არ მიყვარს სერბები? იმიტომ რომ ეს ის ნაციაა, რომელსაც არ ვენდობი. იმიტომ არ მეცოდებიან სერბები, რომლებშიც კარგი ადამიანებიც არიან? იმიტომ, რომ სანამ არ მოუსმენენ თავიანთ გულს, ვერასდროს განიკურნებიან დაავადებისგან, რომელიც მათ გააჩნიათ და სანამ ისინი არ დაემორჩილებიან დასავლეთის სტანდარტებს, დაბომბვები გარგძელდება და გაგრძელდება”.
მსგავსი შინაარსის ვიდეო ფრაგმენტი Tik-Tok-ის მომხმარებლის, pantera_800-ის მიერ რუსული გახმოვანებით 19 მარტს გამოქვეყნდა, ხოლო მოგვიანებით Tik-Tok-ის ამ ანგარიშზე გამოქვეყნებული ვიდეო ქართული თარგმანით Facebook-სივრცეში Facebook-მომხმარებლებმა Goga Tukhareli-მა და დიტო ბიძინაშვილმა გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიდეო კოლაჟი 2021 წელს რუსული ტელეარხის, Россия 1-ის ეთერშიც გავიდა.
სინამდვილეში, ვიდეო არასწორი ქართული თარგმანით ვრცელდება და მანიპულაციას წარმოადგენს. ავთენტურ ვიდეოში ბაიდენი ამბობს: „ზოგიერთი თქვენგანი მეკითხება, რატომ ვარ ასეთი მკაცრი სერბეთისა და პრემიერ მინისტრ კოსტუნიცას მიმართ, რომელსაც არ ვენდობი?! რატომ ვარ ასეთი მტკიცე სერბებისთვის საერთაშორისო დახმარების არ გაგზავნის საკითხში, იმის მიუხედავად, რომ მათ შორის ბევრი კარგი ადამიანია?! რადგან, სანამ გულში არ ჩაიხედავენ, არ განიკურნებიან იმ აზრისგან, რომ, თითქოს, ისინი ჩაგრულები არიან და სანამ ასეთი სტანდარტებით იმოქმედებენ, ეს ციკლი გაგრძელდება და გაგრძელდება“.
ჯო ბაიდენის გამოსვლის გავრცელებული ფრაგმენტი 2002 წლის 28 აპრილს ჩატარებული ამერიკულ-ალბანური კონფერენციიდანაა, რა დროსაც ის აშშ-ში დელავერის შტატის სენატორის პოზიციას იკავებდა. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენი განმარტავს, თუ რატომ არ უწევს სერბებს საერთაშორისო დახმარებას და რა არის მათ მიმართ გამოჩენილი სიმკაცრის მიზეზი. ამასთან, აღნიშნავს, რომ არ ენდობა სერბეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვოისლავ კოსტუნიცას და არა ზოგადად სერბ ხალხს, როგორც ეს ქართულ ენაზე არასწორადაა ნათარგმნი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაიდენს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის მოცემულ მონაკვეთში “დაბომბვა” არ უხსენებია, ამის ნაცვლად, მან განაცხადა: “ეს ციკლი გაგრძელდება და გაგრძელდება”. ხოლო სიტყვა „ციკლში“ ბაიდენმა არა ამერიკელების აგრესიული სამხედრო მოქმედებები, არამედ სერბი ლიდერების მიერ საკუთარი მოსახლეობის ვიქტიმიზაციის პროცესი იგულისხმა, რაც, ბაიდენის შეფასებით, კოსოვოელების წინააღმდეგ სერბების აგრესიულ მოქმედებას იწვევს. შესაბამისად, ბაიდენი ასკვნის, რომ სერბი ხალხი საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმისგან უნდა განთავისუფლდეს. ბაიდენს შედარებისთვის ნიურბერგის პროცესის მაგალითი მოჰყავს, რომლის მთავარი ღირებულებაც, მისი აზრით, არა გერმანელი ხალხის დასჯა, არამედ ნაცისტური გერმანიის ლიდერების გამოაშკარავება იყო, რომლებიც იმავე გზით ახდენდნენ აგრესიის ლეგიტიმაციას. ბაიდენი მხოლოდ ამის შემდეგ აცხადებს, რომ ვიდრე სერბი ხალხი გულში არ ჩაიხედავს, ისინი ვერ განიკურნებიან იმ არასწორი აზრისგან, რომ, თითქოს, ისინი ჩაგრულები არიან და „ვიდრე ასეთი სტანდარტებით იმოქმედებენ, ეს ციკლი გაგრძელდება და გაგრძელდება“.
ჯოზეფ ბაიდენი: „ზოგიერთი თქვენგანი მეკითხება, რატომ ვარ ასეთი მკაცრი სერბეთისა და პრემიერ მინისტრ კოსტუნიცას მიმართ, რომელსაც არ ვენდობი?! რატომ ვარ ასეთი მტკიცე სერბებისთვის საერთაშორისო დახმარების არ გაგზავნის საკითხში, იმის მიუხედავად, რომ მათ შორის ბევრი კარგი ადამიანია?! რადგან, სანამ გულში არ ჩაიხედავენ, არ განიკურნებიან იმ არასწორი აზრისგან, რომ, თითქოს, ისინი ჩაგრულები არიან და სანამ ასეთი სტანდარტებით იმოქმედებენ, ეს ციკლი გაგრძელდება და გაგრძელდება“.
ამდენად, გამოქვეყნებული ვიდეო დამახინჯებული თარგმანით ვრცელდება და მანიპულაციას წარმოადგენს. სინამდვილეში, ბაიდენი არა ზოგადად სერბი ხალხის, არამედ სერბეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ კოსტუნიცას მიმართ უნდობლობაზე საუბრობს. ამასთან, ბაიდენი სიტყვა ”დაბომბვას“ გავრცელებულ ვიდეოს ფრაგმენტში საერთოდ არ ახსენებს და გარკვევით ამბობს, რომ თუ სერბების „ვიქტიმიზაცია“ გაგრძელდება, გაგრძელდება მათი მხრიდან აგრესიული ქმედებებიც.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ბაიდენმა კონფლიქტის გადაჭრაში აშშ-ის როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა საქმეს ბოლომდე მიიყვანს, რაშიც, მისი თქმით, რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იგულისხმება. ბაიდენმა ისიც აღნიშნა, რომ სერბებს ისეთივე ღირსეულ ხალხად მიიჩნევს, როგორც ყველა სხვას ევროპაში, თუმცა, მისი თქმით, სერბებმაც უნდა აიღონ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა ისევე, როგორც გერმანელებმა ნიურბერგის პროცესზე. სენატორი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ სერბეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულება და სამხედრო დანაშაულების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სერბები, როგორც ერი, გერმანელების მსგავსად, არამარტო დასჯიან დამნაშავეებს, არამედ გადაიაზრებენ იმ დანაშაულებს, რომელთაც მათი ხელისუფლება ჩადიოდა. ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხებზე და დასძინა, რომ ბალკანეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის, ხოლო ევროპული უსაფრთხოება - აშშ-ისთვის.
ცნობისთვის, ბაიდენის გამოსვლა 1998-1999 წლების კოსოვოს კონფლიქტსუკავშირდებოდა, რომლის დროსაც სამხედრო დაპირისპირება ეთნიკურ ალბანელებს, ეთნიკურ სერბებსა და ყოფილი იუგოსლავიის მთავრობას შორის მიმდინარეობდა. კონფლიქტმა საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და 1999 წელს ნატოს სპეცოპერაციის შედეგად დასრულდა.
-----------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.