2011 წელს საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტმა 81 ხმით, მესამე მოსმენით, „თავისუფლების ქარტია“ დაამტკიცა, რომელიც კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლოების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას გულისხმობს.
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „თავისუფლების ქარტიაში“ კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა არ იყო განმარტებული. 2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 87 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის თაობაზე“. კერძოდ, მეორე მუხლს დაემატა „ე“ და „ვ” ქვეპუნქტები, რომლებიც კომუნისტურ ტოტალიტარულ სიმბოლიკას განმარტავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „თავისუფლების ქარტიის“ მეორე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა არის ის, რაც გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით; ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით; წამებითა და მონური შრომით; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით; სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა.
2022 წლის 18 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხილული საკითხებიდან, ერთ-ერთი სწორედ საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი სოფლების სახელწოდებების შეცვლას ეხებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განხილვის საგანი სოფლების: კიროვკასა და შაუმიანისთვის სახელების გადარქმევა იყო. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროს ნინო ბერიძის ინფორმაციით, მარნეულის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც, სოფლის მოსახლეობასთან თანამშრომლობით, სოფელ კიროვკისა და სოფელ შაუმიანისთვის სახელის რამდენიმე ვარიანტი შეარჩია. კერძოდ, სოფელ კიროვკას „მწვანე გორა“ ან „მეგობრობა“ დაერქმევა, ხოლო სოფელ შაუმიანს - „ზემო შულავერი“. ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტების სახელდების კომისიისგან დადასტურების შემდეგ მიიღებს.
ადგილობრივ მედიაში სოფლების სახელების გადარქმევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მოქალაქეები სოციალურ ქსელებში სოფელ კიროვკისთვის „მამეის“ დარქმევას აქტიურად ითხოვდნენ. 20 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ კიროვკის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, ადგილობრივებს შეხვდა. სოფელ კიროვკის მოსახლეობამ მოითხოვა, რომ დასახლებას გასაბჭოებამდე არსებული სახელი „მამეი“ [მამაი] აღუდგეს, მუნიციპალიტეტის მიერ შემოთავაზებული ვერსიები კი „მეგობრობა“ და „მწვანე გორა“ იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ კიროვკის მოსახლეობას არჩევანი ორი სახელიდან ერთ-ერთზე უნდა გაეკეთებინა. ადგილობრივების ნაწილმა „მწვანე გორა“ ამჯობინა. მათ ასევე მოითხოვეს, რომ ტრაფარეტზე სახელწოდება ორ ენაზე - ქართულად და აზერბაიჯანულად დაიტანონ.
პლატფორმა „სალამის“ თანადამფუძნებელმა კამრან მამედლიმ „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას თქვა, რომ მარნეულის თვითმმართველობის მიერ სოფელ კიროვკაში გამართული შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა და მასში ძალიან ცოტა ადამიანი მონაწილეობდა. „მარნეულის თვითმმართველობის მიერ გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას უთხრეს, რომ მხოლოდ ორი ალტერნატივა ჰქონდათ: ან - „მეგობრობა“, ან - „მწვანე გორა“. შესაბამისად, ამ ორი ალტერნატივიდან უნდა აერჩიათ. [შეხვედრის მონაწილეებს] მთლიანად არ აუხსნეს პროცესი და არ განუმარტეს, რომ სოფლის მოსახლეობას შეეძლო ალტერნატიული ინიციატივის დაყენება სახელწოდებასთან დაკავშირებით“, - გვითხრა მამედლიმ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათეული წლის განმავლობაში, სოფელს ოფიციალურად კიროვკა ეწოდებოდა. მიუხედავად ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა „მამეიდ“ მოიხსენიებს. სწორედ ამ სახელწოდებით გვხვდება სოფელი კიროვკა სხვადასხვა ჩანაწერში, მათ შორის, აღსანიშნავია 1771 წელს საქართველოში სამეცნიერო ექსპედიციით მყოფი გერმანელი მკვლევრის, იოჰან გიულდენშტედტის, ჩანაწერები (გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. ტომი პირველი, გვ. 243).
26 აპრილს სოფელ კიროვკის მოსახლეობამ, პლატფორმა „სალამის“ მხარდაჭერით, მარნეულის მერიასა და საკრებულოს მიმართა კოლექტიური წერილით (დაახლოებით 200 ხელმოწერით), სადაც მათი სოფლისთვის ახალი სახელწოდების შერჩევის პროცესში ჩართვა მოითხოვა და თვითმმართველობას სოფლის სახელწოდებად „მამეი“ შესთავაზა. კამრან მამედლი აცხადებს, რომ მოსახლეობას განცხადებაზე პასუხი არ მიუღია.
28 აპრილს, „სალამის“ ორგანიზებით, სოფელ კიროვკის (მამეი) მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს შორის შეხვედრა შედგა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოითხოვეს, რომ სოფლის ტოპონიმის ცვლილების დროს ისტორიული სახელწოდება „მამეი“ აღდგეს. მერი მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა და საქმის განხილვისთვის დამატებითი დრო ითხოვა.
„მერთან შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ ველოდებოდით მერიის გადაწყვეტილებას. სამწუხაროა, რომ მოსახლეობასა და მერს შორის კომუნიკაცია აღარ ყოფილა. თვითმმართველობა იგნორირების გზას დაადგა, მიუხედავად მოსახლეობის მხრიდან არაერთგზის მცდელობისა“, - უთხრა კამრან მამადლიმ „ფაქტ-მეტრს“.
7 ივლისს სოფლის საინიციატივო ჯგუფმა, სოფლის სახელის შეცვლაზე საერთო კრების ჩატარების თხოვნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება დაარეგისტრირა. აღნიშნულ განცხადებაზე პასუხად საინიციატივო ჯგუფმა მერიისგან მიიღო კითხვები სოფლის მოსახლეობის მიერ შემოთავაზებული სახელწოდების „მამეის“ ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით, ასევე დაინტერესდა, წარმოადგენს, თუ - არა მამეი საზოგადო ან სახელმწიფო მოღვაწის სახელს.
პასუხის მიღების შემდეგ, 19 ივლისს, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ მიმართეს თვითმმართველობას, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხები გაეცემა დასახლების საერთო კრების ჩატარების პროცესში, ხოლო ამ ეტაპზე მოსახლეობა მხოლოდ დასახლების საერთო კრების ჩატარებას ითხოვდა.
სოფელ კიროვკის მოსახლეობას დღემდე არ მიუღია პასუხი ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან სოფლის კრების გამართვის თაობაზე. მოსახლეობა თვითმმართველობისგან პასუხსა და რეაგირებას ელოდება.
„ფაქტ-მეტრი” მოვლენების განვითარებას კვლავაც დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ საკითხს დავუბრუნდებით.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი