იტვირთება

სალომე სამადაშვილი: ამ კანონპროექტმა გაამარტივა ხელისუფლებისთვის უკანონო მიყურადება, თვალთვალი, ჩაწერა, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევის მომეტებულ რისკებს შეიცავს და არაერთ კითხვას აჩენს. აღნიშნული განაპირობა, როგორც კანონის მიღების პროცესმა, რომელიც საზოგადოებისა და ექსპერტების სათანადო მასშტაბით ჩართულობის გარეშე წარიმართა, ისე თავად რეგულირების შინაარსმა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები და მათი შეტყობინების წესი, ასევე იმ დანაშაულთა წრე უსაფუძვლოდ ფართოვდება, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა შესაძლებელი, რამაც ლოგიკური ეჭვი გააჩინა, რომ ცვლილებებით კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მიღწევა შეუძლებელია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ცვლილებები ინიციირდა და ბერკეტები, რითაც კანონპროექტმა სახელმწიფო აღჭურვა, ხელისუფლების მხრიდან - თვითნებობისა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტის გაუარესების დამატებითი რისკები გამოკვეთა.

ანალიზი:

2022 წლის 8 ივნისს საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებული ცვლილებები გააკრიტიკა. ჰარცელის განცხადების თანახმად, ,,მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე’’.

აღნიშნულ განცხადებას ლელოს დეპუტატი - სალომე სამადაშვილი, გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი ,,პოლიციური სახელმწიფოს გამყარებაა ქვეყანაში და ის ამარტივებს ხელისუფლებისთვის უკანონო მიყურადებას, თვალთვალს, ჩაწერას და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევას“.

მიმდინარე წლის 7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები და მათი შეტყობინების წესი იცვლებოდა, ასევე იმ დანაშაულთა წრე ფართოვდებოდა, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა შესაძლებელი. ინიციირებულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

საყურადღებოა, რომ ,,ევროკავშირმა საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობის საბოლოო შემუშავებამდე მისი ვენეციის კომისიაში გადაგზავნა შესთავაზა, რათა კანონპროექტის ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შესაბამისობა შეფასებულიყო’’, თუმცა საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, რამაც სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, კანონპროექტის ადეკვატურობა და ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ცვლილებები საგამოძიებო მოქმედებების ვადებთან დაკავშირებით:

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა შესაძლებელია, ორჯერ გახანგრძლივდეს. აღნიშნული ვადა ჯამში 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადა ხანგრძლივდება. კერძოდ, მოქმედებების ჩატარება შესაძლებელი იქნება სამ ეტაპად (თითოეულ ეტაპზე - არაუმეტეს 3 თვისა) - საერთო ჯამში, არაუმეტეს 9 თვისა. გარდა ამისა, კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს.

შეტყობინების წესის ცვლილება

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს. ვადა გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, მაქსიმუმ 2 წელიწადს შეიძლება გაგრძელდეს.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, დანაშაულების მიმართ შეტყობინების ვადა შესაძლოა იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება იმისთვის, რათა სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებას, საფრთხე არ შეექმნას. კერძოდ, კანონპროექტით ასეთი 100 დანაშაულია გათვალისწინებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარკვეული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, პირმა შეიძლება ვერასდროს გაიგოს, რომ მის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა.

დამატებით 27 დანაშაული, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი

დანაშაულებს, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაა შესაძლებელი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს.

შემოთავაზებული ცვლილებების კანონპროექტით, დანაშაულების ჩამონათვალს კიდევ 27 დანაშაული ემატება, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასეთი დანაშაულები იქნება, მაგალითად, რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, საქართველოს სახელმწიფო ალმის უკანონოდ აღმართვა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლა, მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოებისაკენ და ა.შ.

კანონპროექტი საერთო ჯამში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას 75-ზე მეტ-ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ითვალისწინებს.

ცვლილებების უფრო დეტალურად გასაცნობად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების საფუძველს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტის დაცვა წარმოადგენს. აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საშუალებად კი კანონმდებელს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების იმგვარად მოწესრიგება ესახება, რომელიც, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობის კუთხით, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ,,ადამიანის უფლების შეზღუდვა დასაშვებია სხვა კონსტიტუციური სიკეთის დაცვის მიზნით“. უფლების შეზღუდვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმი ე.წ. ,,თანაზომიერების ტესტი’’, რომელიც კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში არის აუცილებელი. სამწუხაროდ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მხოლოდ მცირე მითითებაა გაკეთებული შემოთავაზებული რეგულაციის თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობის საჭიროების შესახებ და დასაბუთებული არ არის, საკანონმდებლო ცვლილებები პირის უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მიღწევას როგორ უზრუნველყოფს.

თანაზომიერება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იმას, რომ უფლების შემზღუდველი ნორმები კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად შემზღუდველი საშუალება იყოს. აღნიშნულთან კი ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდის, როგორც შეტყობინების ვადის ისე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელების განუსაზღვრელობა. ამასთან, როდესაც უფლების შეზღუდვისას არ გაითვალისწინება სამართლებრივი სიკეთისადმი მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმე, ნორმათა კონსტიტუციურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კანონპროექტის თანახმად კი, საერთო ჯამში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება 75-ზე მეტ ნაკლებად მძიმე დანაშაულზეა შესაძლებელი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ინიციირებული ცვლილებები კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრულ ბალანსს არ ირეკლავს და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტთან შეუსაბამობას გამოკვეთს. გარდა ამისა, პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ცვლილებები ინიციირდა და ბერკეტები, რომლებითაც კანონპროექტმა სახელმწიფო აღჭურვა, დამატებით რისკებსაც შეიცავს.

პირველ რიგში, ცვლილებების პრობლემურობა ცხადყოფს, რომ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავად რჩება. ,,პირადი ცხოვრების და ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ადეკვატური მოწესრიგების საკითხი რელევანტურია როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ევროინტეგრაციის კონტექსტში, რისი დასტურიც არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის 196-ე კითხვა სწორედ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტს შეეხება“ (იხ. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული გამოხმაურება აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებით).

გარდა ამისა, აღსანიშნავია 2021 წლის სექტემბერში, ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გავრცელებული დოკუმენტები - ე.წ. კრებსები, რომელთა ავთენტურობა, მართალია, დღემდე დადასტურებული არ არის, თუმცა იმ რისკებზე მიანიშნებს, რაც სახელმწიფოს პირადი ცხოვრების შემზღუდველი ბერკეტებით აღჭურვას თან ახლავს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაილებთან მიმართებით განაცხადა, რომ ,,დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული“. აქედან ჩანს, რომ ეჭვები იმასთან მიმართებით, რომ სახელმწიფო უსმენს იმ სუბიექტებს, რომელთა პირადი ცხოვრების შეზღუდვის ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს, საქართველოში პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხთან მიმართებით, არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ - საერთაშორისო მასშტაბით, აჩენს კითხვის ნიშნებს.

ამასთან, კანონპროექტი სახელმწიფოს აქციების მონაწილეთა უფლებათა შეზღუდვის დიდ ბერკეტებს ანიჭებს (უფრო ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.), რაც ბოლო წლებში საზოგადოების მზარდი პროტესტისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, სამოქალაქო აქტივიზმის შეზღუდვისა და დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითად უნდა მივიჩნიოთ.

საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ ინიციირებული ცვლილებები, რომლის აუცილებლობა ავტორების მხრიდან სათანადოდ არცაა დასაბუთებული, ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს აუარესებს. მეტიც, ზრდის თვითნებობისა და პირად ცხოვრებაში ჩარევის უსაფუძვლო რისკებს. შესაბამისად, სალომე სამადაშვილის განცხადების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რისკების შემცველია, სიმართლეს შეესაბამება.

აუცილებელია, აღინიშნოს, რომ სტატიაში განხილულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. მან ჯერ კიდევ ხელმოსაწერად წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნაში აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს. მეორე მხრივ, კანონის მიღების პროცესი საზოგადოებისა და ექსპერტების სათანადო ფორმითა და მასშტაბით ჩართულობის გარეშე წარიმართა.

ვეტოს გამოყენების დასაბუთებისას სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა და ამ ცვლილებების ინიციირება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტთან შეუსაბამოდ მიიჩნია. „არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, ევროპელები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებას მმართველი გუნდის მხრიდან დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია. გაისმა არაერთი განაცხადი ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით და არაერთხელ აღინიშნა, რომ პრეზიდენტის ვეტო დაუსაბუთებელია. მეტიც, ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ კანონპროექტი ,,მთლიანად არის თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტის შესაძლო არაკონსტიტუციურობის რისკებს არ აღიარებს. შესაბამისად, იმის რისკი, რომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტო დაძლეულ იქნეს, არსებობს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4290 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი