ფულადი გზავნილების სტატისტიკას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სტატისტიკა საქართველოს საბანკო სისტემაში მოქმედი ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებებით (Western Union, Money Gram, Anelik, Unistream და სხვა) საზღვარგარეთიდან საქართველოში და პირიქით ფულადი გზავნილების მოცულობას ასახავს. ინფორმაციის წყაროს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების (არარეზიდენტი ბანკების საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფილიალების ჩათვლით), აგრეთვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშები წარმოადგენს.

საერთაშორისო ფულადი გზავნილები უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წყაროა. უცხოეთიდან განხორციელებულ ფულად ჩარიცხვებს - დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მსყიდველობითუნარიანობაზე, ბიზნეს სექტორისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, დიდი გავლენა აქვს.

2022 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველ ექვს თვეში დაახლოებით 1.1 მლრდ აშშ დოლარი. პროცენტულად, მთლიანი გზავნილები 65%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილების ზრდის ძირითადი ნაწილი, რუსეთზე მოდიოდა. 2022 წლის მაისი-ივნისის განმავლობაში, რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 525 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის, რუსეთიდან გზავნილების მაჩვენებელს დაახლოებით 114 მლნ აშშ დოლარით აღემატებოდა. რუსეთიდან ფულადი გზავნილების გარეშე, მთლიანი გზავნილები სხვა ქვეყნებიდან მხოლოდ 15.4%-ით არის გაზრდილი.2019 წელს, ფულადი გზავნილების მოცულობა დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც პანდემიურ, 2021 წელს, შესაბამისად, 2022 წელს ფულადი გზავნილების 305%-ით ზრდა, მასშტაბიდან გამომდინარე, ეკონომიკური აქტივობის აღდგენით ვერ აიხსნება.

ცხრილი 1: რუსეთიდან ფულადი გზავნილების დინამიკა 2021-2022 წლების პირველ ნახევარში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

აპრილის თვეში ფულადი გზავნილების ზრდა არსებითი იყო. როგორც წესი, უახლოესი წარსულის დინამიკიდან გამომდინარე, რუსეთიდან ფულადი გზავნილების ფარდობითი მაჩვენებელი დაახლოებით 12-20%-ის ფარგლებში მერყეობდაპრეპანდემიურ პერიოდში 28-35%. აპრილში, აპრილში, მაჩვენებელი 43.2%-მდე გაიზარდა, ხოლო მაისში 62.1%-მდე. ფულადი გზავნილების აბსოლუტური ზრდა ყველაზე მაღალი მაისის თვეში იყო და 880% შეადგინა, როცა 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების აბსოლუტური და ფარდობითი მოცულობა, 2021 წელთან შედარებით, მცირდებოდა. შესაბამისად, ნათელია, რომ დინამიკის ცვლილება უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომთან არის დაკავშირებული.

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შემოდის, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად სულ უფრო მზარდია. ისინი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიზეზების ერთობლიობიდან გამომდინარე, მათ შორის - სანქციებთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მოემგზავრებიან. ფულადი გზავნილების მსგავსი მასშტაბებით ზრდაც ამ პროცესთან არის დაკავშირებული. მთელმა რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. თუმცა ჯერ კიდევ მარტში ცნობილი გახდა, რომ ეს პროცესი რუსეთიდან ფულად გზავნილებს ვერ შეაჩერებდა, რადგან იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა რუსულმა კომპანიამ [ფინანსურმა] საქართველოში საქმიანობა შეაჩერა, რამდენიმე ჯერ კიდევ მუშაობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად “Zolotaya Korona”-ს (Koronapay) სისტემიდან დაფიქსირდა (500%-მდე). მეორე მხრივ, სანქციების გამო, შეზღუდულია საბანკო ოპერაციები. რუსეთის მოქალაქეებისათვის საბანკო ოპერაციების განხორციელება (ანგარიშის გახსნა ქართულ ბანკში, ფულის განაღდება რუსული ბარათებით, საბანკო გადარიცხვების განხორციელება) გარკვეულწილად პრობლემურია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ნაწილობრივ, ადგილი აქვს ფულადი ნაკადების მოძრაობის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, რაც სტატისტიკურად ფულადი გზავნილების ზრდაში აისახა.

იმის მიუხედავად რომ საერთო სურათი მეტნაკლებად გასაგებია, მიკრო თვალსაზრისით, ამ ფულის წარმომავლობასა და მიზნობრიობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ერთი მხრივ, ბუნებრივია, რომ პროცესი რუსეთის მოქალაქეების საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლას უკავშირდება, რაც სხვა თუ არაფერი, მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე, უნდა ვივარაუდოთ რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი, ეკონომიკურად, შედარებით შეძლებულ ფენას განეკუთვნება და შესაბამისად, მაღალი მხარჯველობითაც გამოირჩევიან. შესაძლოა, ფულადი ნაკადების ზრდა ნაწილობრივ საქართველოს მოქალაქეებთანაც იყოს დაკავშირებული, რომლებიც თავიანთ დანაზოგებს/სახსრებს საქართველოში გზავნიან, სხვადასხვა მიზეზებიდან თუ მოსაზრებებიდან გამომდინარე. მეორე მხრივ, მთელ რიგ სხვა დეტალთან ერთად, საინტერესოა, გადმორიცხული თანხები უფრო მეტად რას ხმარდება და ყველაზე მსხვილი გადმორიცხვები რა მოცულობის/წარმომავლობისაა.

სავარაუდოდ, გადმორიცხვების ზრდის მნიშვნელოვანი მდგენელი ეკონომიკური აქტივობის, უძრავი ქონების შეძენის/იჯარის და მოხმარების ზრდაა, რაც რუსეთიდან საქართველოში ეკონომიკურად აქტიური პირების მიგრაციას უკავშირდება. ასევე, შესაძლოა გზავნილების ნაწილი წარმოადგენდეს პარალელური იმპორტის დაფინანსების მექანიზმს, როდესაც ხდება იმ საქონლის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ყიდვა და რუსეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, რომელთა მიწოდებაც რუსეთის ფედერაციაში მწარმოებლის გადაწყვეტილებითა თუ დაწესებული სანქციების პირობების შესაბამისად არის შეჩერებული.

მსგავსი ვითარება საკმაოდ უჩვეულოა, ფულადი გზავნილების სტატისტიკის მკვეთრი ზრდა წარსული ტენდენციებიდან ამოვარდნილია და მოვლენების მომავალი განვითარებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, მოკლევადიან ხასიათს ატარებდეს. ქვეყანაში შემომავალი ფულადი ნაკადების ზრდა, როგორც ასეთი, უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს, თუმცა აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები ზოგადად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდას უკავშირდება. ასევე, რუსული კაპიტალის მსგავსი მოზღვავება ეკონომიკურადაც არამდგრადია. ბოლო დროს, უფრო და უფრო ხშირია საუბარი ე.წ ეკონომიკის გადახურებაზე, როდესაც ერთობლივი მოთხოვნის მკვეთრ ზრდას ერთობლივი მიწოდება ვერ ემსახურება, რაც ხშირად ფასების ზრდაში და ხელმისაწვდომი რესურსების დეფიციტში გამოიხატება (ეს ყველაზე ნათლად მაგალითად ბინის დასაქირავებელი ფასების მკვეთრ ზრდაში გამოჩნდა). ამავდროულად, გეოპოლიტიკური ვითარების მეტნაკლებად დასტაბილურების შემთხვევაში, რუსეთიდან მკვეთრად გაზრდილი ფულადი ნაკადების ქვეყნიდან ასევე ერთიანად გასვლამ შესაძლოა, მძლავრი ეკონომიკური რყევები/რეცესია გამოიწვიოს.