კახა ოქრიაშვილი: 2021 წელს - 2012 წელთან შედარებით, დოლარში გამოსახული მშპ 14%-ით გაიზარდა, ინფლაციის გათვალისწინებით შემცირდა. 2017 წელს კი - 64 $-ით შემცირდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა ოქრიაშვილის განცხადება არის მანიპულირება
რეზიუმე:
ეკონომიკის ზრდა/კლება მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებით იზომება, რაც ქვეყანაში წარმოებული საქონლის და მომსახურების მოცულობას ასახავს. ამ განსაზღვრებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების მაჩვენებელი წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობის ცვლილებას და არა მათი ფასების, ან დოლარში კონვერტირებული ღირებულების დინამიკას, ასახავდეს. ეკონომიკის ზრდა ლარში გამოსახული რეალური მშპ-ს ცვლილებით იანგარიშება, რაც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს (თავისუფალია ინფლაციის გავლენისაგან). 2012-2021 წლებში, რეალური მშპ ერთ სულზე 36.3%-ით გაიზარდა. 2017 წელს კი, 2012 წელთან შედარებით - 20.3%-ით.
პოლიტიკოსი თავდაპირველად დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ-ს მონაცემებით მსჯელობს, რაც ყველაზე მცდარი მიდგომაა, რადგან ინფლაციის გავლენის გაუთვალისწინებლობასთან ერთად სურათს ვალუტის კურსის მერყეობაც დამატებით ამახინჯებს. განცხადების ნაწილს, სადაც პოლიტიკოსი ინფლაციაზე მიუთითებს, ანალიზში ერთი შეხედვით სწორი მდგენელი შემოჰყავს. დოლარში გამოსახული რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, მართლაც შემცირებულია, თუმცა საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას მაინც არ ასახავს, რადგან ვალუტის კურსის მერყეობის გავლენა რეალურ სურათს ამახინჯებს.
შესაბამისად, განცხადებაში გამოყენებულია მონაცემები, რაც რეალობას შეესაბამება. თუმცა მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების შედეგად ეკონომიკური განვითარების რეალური სურათი დამახინჯებულია. შესაბამისად, კახა ოქრიაშვილის განცხადება მანიპულაციურია.
ანალიზი:
საქართველოს პარლამენტის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა, ეკონომიკური ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „2012 წელს [მშპ ერთ სულზე ]4 421 აშშ დოლარი იყო, 2017 წელს - 4 357 აშშ დოლარი, დაიკლო 64 $-ით. 2021 წელს 5 047 $ - 10 წლის მანძილზე ეკონომიკა 14%-ით გაიზარდა, საშუალოდ ყოველწლიურად 1,1 %-ით იზრდებოდა და ინფლაციის გათვალისწინებით შემცირდა“.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის. ეკონომიკის ზრდა, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებით იზომება. მშპ-ს განსაზღვრებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების მაჩვენებელი წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობის ცვლილებას ასახავდეს და არა მათი ფასების, ან დოლარში კონვერტირებული ღირებულების განსაზღვრას.
მეორე მხრივ, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ მასში ინფლაციური გავლენის გამორიცხვა ხდება - კერძოდ, ნომინალური მშპ ფასების დონის ცვლილებაზე კორექტირდება და ამგვარად მიიღება რეალური მშპ. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. ანალიზისთვის არარელევანტური ერთეულის შერჩევას მცდარ დასკვნამდე მივყავართ. მაგალითად - ნომინალური მშპ ინფლაციური პროცესების გავლენისაგან თავისუფალი არ არის და მისი გამოყენება დროში ანალიზისთვის (სხვადასხვა წლის მონაცემის ერთმანეთთან შედარება) არასწორია. კიდევ უფრო არასწორია ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა, რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს. განცხადების პირველ ნაწილში, პოლიტიკოსის მიერ ანალიზისთვის სწორედ ეს მაჩვენებელი გამოიყენება, რომელიც არსებულ ალტერნატივებს შორის ყველაზე მცდარ სურათს აჩვენებს.
განცხადების ნაწილს, სადაც პოლიტიკოსი ინფლაციაზე მიუთითებს, ანალიზში ერთი შეხედვით სწორი მდგენელი შემოყავს. დოლარში გამოსახული რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, მართლაც 30%-ით არის შემცირებული, თუმცა საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას მაინც არ ასახავს, რადგან კურსის მერყეობის გავლენა რეალურ სურათს ამახინჯებს.
მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკა, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში. კახა ოქრიაშვილის მიერ მოყვანილი, დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, ეს მაჩვენებელი, შინაარსობრივად, ეკონომიკის ზრდას არ ასახავს. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2012-2021 წლებში 36.3%-ით გაიზარდა. 2017 წელს კი, 2012 წელთან შედარებით - რეალური მშპ ერთ სულზე 20.3%-ით იყო გაზრდილი.
ცხრილი 1: ნომინალური მშპ ერთ სულზე, გამოსახული დოლარში და რეალური მშპ ერთ სულზე, გამოსახული ლარში 2012-2021 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აღსანიშნავია რომ 2015 წელს, დოლარი მსოფლიო მასშტაბით გამყარდა, რასაც მთელ რიგ ქვეყნებში, დოლარში გამოსახული მშპ-ს მაჩვენებლის კლება მოჰყვა. ანალიზის საილუსტრაციოდ, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ნორვეგია, სადაც 2014 წელს, დოლარის გამყარების შედეგად, 2015 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, გამოსახული ნომინალურ დოლარში - დაახლოებით 23.7%-ით, 97 000 აშშ დოლარიდან 74 000 დოლარამდე შემცირდა, თუმცა ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს რომ ამ წელს, ნორვეგიის ეკონომიკა შემცირდა/მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაზრდილა. 2014 წლის მაჩვენებელს ნორვეგიის დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ დღემდე არ დაბრუნებია.