იტვირთება

2022 წლის 19 ივლისს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელზეც დეფიბრილატორის ჯიხურია გამოსახული. პოსტს თან დართული აქვს ტექსტი, რომლის თანახმადაც, ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში ძალიან პოპულარული გახდა დეფიბრილატორის ჯიხურები. Facebook-მომხმარებელი ასევე აცხადებს, რომ „ყოველივე წინასწარი არის დაგეგმილი“ და „მათ ძალიან კარგად იცოდნენ (....) შემდგომი შედეგები“.

პოსტის ქვეშ ავტორის და სხვა მომხმარებლების კომენტარებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ, დეფიბრილატორები აცრასთან და მის შედეგებთან მანიპულაციურადაა დაკავშირებული. როგორც Facebook-მომხმარებელი წერს, დეფიბრილატორის ჯიხურები 2020 წლის მერე გახდა აქტუალური, რაც ეჭვებს აჩენს, რომ მის უკან „დიდი მავნებლობა“ დგას.

ანალოგიური ფოტო უცხოურ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. მათი ავტორებიც ირწმუნებოდნენ, რომ დეფიბრილატორები ახლა გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც 2021 წელს ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

დეფიბრილატორი ელექტრონული აპარატია, რომელსაც სამედიცინო პრაქტიკაში გულის კუნთის ფიბრილაციის (არარეგულარული და სწრაფი გულისცემა) შესაწყვეტად იყენებენ. მასზე ხანმოკლე ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით შესაძლებელია ნორმალური გულისცემის აღდგენა ან უეცარი გულის გაჩერების შემდეგ, კუნთის ამუშავება.

დეფიბრილატორების გამოყენება საჯარო ადგილებში დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო და მისი დაკავშირება ვაქცინაციის პროცესთან მანიპულაციურია. 2000 წლის აპრილიდან 2002 წლის ნოემბრამდე ინგლისის ჯანმრთელობის დეპარტამენტმა „ეროვნული დეფიბრილატორის პროგრამის“ ფარგლებში 110 საჯარო სივრცეში 681 დეფიბრილატორი დაამონტაჟა. აღნიშნული ინიციატივის მიზანი საჯარო სივრცეებში გულის შეტევაზე სწრაფი რეაგირება და გარდაცვალების რაოდენობის შემცირებაა. პროგრამის ფარგლებში პირველადი დახმარებისა და დეფიბრილატორის გამოყენების ტრენინგებიც ტარდება.

წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთი საჯარო ადგილების ჩამონათვალს და დეფიბრილატორების რაოდენობას ზრდიდა. აპარატები აეროპორტებში, რკინიგზისა და მეტროს სადგურებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა საჯარო სივრცეებში დამონტაჟდა. 2011 წლის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში 6000-მდე დეფიბრილატორი იყო დამონტაჟებული, 2019 წლისთვის - 8000-მდე.

დეფიბრილატორების განსხვავებული ფორმით, ე.წ. ჯიხურებში დამონტაჟება 2019 წელს სარეკლამო კომპანია JCDecaux-მა დაიწყო. გარდა დეფიბრილატორისა, აღნიშნულ ჯიხურებში შესაძლებელია ტელეფონით, Wi-Fi-ით, USB პორტითა და ინტერაქციული ეკრანით სარგებლობა, რომელიც მომხმარებელს ქუჩების პოვნასა და ქალაქის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება.

2022 წლის იანვრის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 10 000-მდე დეფიბრილატორია, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ივლისში ინგლისის მთავრობამ დააანონსა, რომ მომდევნო წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლა დეფიბრილატორებით უნდა იქნას აღჭურვილი, რადგან ამ აპარატებს მოსწავლეების, სკოლის პერსონალისა და ვიზიტორების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. ბოლო კვლევების თანახმად, გულის გაჩერებიდან 3-5 წუთში აღნიშნულ მოწყობილობაზე წვდომა გადარჩენის შანსს 40%-ით ზრდის.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4145 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი