C ჰეპატიტის გავრცელება შემცირებულია 67%-ით

საქართველოს მთავრობა: C ჰეპატიტის გავრცელება შემცირებულია 67%-ით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მანიპულირება.

რეზიუმე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და 2020 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში C ჰეპატიტის აქტიური დაავადების გავრცელების 0.5%-მდე შემცირებას ისახავდა მიზნად.  2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 67%-ით, 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა. ამრიგად, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელება სამიზნე მაჩვენებელს 3.6-ჯერ აღემატება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება, თუმცა 2020 წლისთვის განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. პროგრამის მთავარი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ინფიცირებული პაციენტია დიაგნოზირებული, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ამ დრომდე არ არის პროგრამაში ჩართული. აღნიშნული მენეჯმენტის ხარვეზებითა და მოსახლეობასთან შესაბამისი კომუნიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული. კვლევებით დგინდება, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა -როგორც პროგრამის შესახებ, ასევე C ჰეპატიტის გადაცემის გზებისა და არსებული რისკების შესახებ, დაბალია. 

მთავრობა მხოლოდ C ჰეპატიტის პრევალენტობის შემცირების მაჩვენებელზე აპელირებს, რითაც პროგრამის წარმატებას უსვამს ხაზს  და  იმ ფაქტს უგულებელყოფს, რომ ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია (რომლისთვისაც ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღწია) დღემდე ვერ მოხერხდა.  ამრიგად, მთავრობის გავრცელებული ინფორმაცია შეფასდა, როგორც მანიპულირება. 

ანალიზი

საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ქვეყანაში ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა. 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დახმარებით და „გილეადის“ ხელშეწყობით ამოქმედდა.  ელიმინაციის პროგრამა მოიცავს სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობას. პროგრამის ფარგლებში „გილეადი“ საქართველოს უახლესი თაობის ძვირადღირებულ ანტივირუსულ პრეპარატებს უფასოდ აწვდის.  პროგრამით სარგებლობა აქტიური C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. 

საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა. 2015 წელს ჩატარებული C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, დაახლოებით 150 000 ადამიანს, C ჰეპატიტის აქტიური ფორმა ჰქონდა, რომელიც მკურნალობას საჭიროებდა. C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავდა: აქტიური C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის დიაგნოზირებას/გამოვლენას, რაც დაახლოებით 135 000 ადამიანს შეესაბამება; ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (დაახლოებით 128 250 ადამიანის) მკურნალობას; ნამკურნალებ პირთა 95%-ის (დაახლოებით 122 000 ადამიანის) განკურნებას. საბოლოო მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის აქტიური დაავადების გავრცელების 0.5%-მდე შემცირება იყო.  

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაცია მოხდება, ეს გლობალური ჯანდაცვის სფეროში უდიდესი მიღწევა იქნება. 2020 წელს ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა ვერ მოხერხდა, თუმცა ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება.

„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში 2020-2021“ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც 67%-იან შემცირებას წარმოადგენს. თუმცა სამიზნე მაჩვენებელს (0.5%-მდე) კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება.  

2015-2021 წლებში აქტიური HCV ინფექცია 95,711 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, სამიზნე მაჩვენებლის (150,000 ინფიცირებული) 63.8%-ია გამოვლენილი. მკურნალობა დაიწყო 76,644-მა ადამიანმა, რაც სამიზნე მაჩვენებლის (128,250) 59.8%-ია. დადასტურებულად ( SVR ტესტირებით) C ჰეპატიტისგან განიკურნა 53,815 პირი, რაც სამიზნე მაჩვენებლის (122 ათასი) 44.1%-ს შეადგენს. განკურნების მაჩვენებელი (იმ პირთა შორის, რომელთაც მკურნალობის დასრულების შემდგომ მიმართეს ტესტირებას) 98.9%-ია. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, ირკვევა რომ 27.1 ათასს აჭარბებს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც პირველადი სკრინინგით C ჰეპატიტი დაუდასტურდა და შემდეგი კვლევებისთვის არ მიუმართავს. 19 ათასზე მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც  აქტიური C ჰეპატიტი დაუდგინდათ, საჭიროებს მკურნალობას და არ მიუმართავს მკურნალობისთვის. 17.7 ათასს აჭარბებს იმ პირთა რაოდენობა,  ვინც გაიარა C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი, ექვემდებარებოდა SVR ტესტირებას (რომლითაც დგინდება განიკურნა თუ არა) და ტესტირება არ ჩაიტარა.  

ამრიგად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების მიუხედავად, 2020 წლისთვის განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების (ინფიცირებულთა 90%-ის დიაგნოზირება, 95%-ის მკურნალობა, 95%-ის განკურნება) მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. პროგრამის მთავარი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა, რომელიც თავის მხრივ შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობით არის  განპირობებული. ის ფაქტი, რომ  ათასობით ინფიცირებული პაციენტია იდენტიფიცირებული, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ამ დრომდე მათი პროგრამაში ჩართვა ვერ მოხერხდა, არასწორ მენეჯმენტზე და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობაზე მიუთითებს. 

CDC-ის ანგარიშში საუბარია, რომ COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა HCV სკრინინგსა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე. თუმცა მანამდეც ცხადი იყო, რომ 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ვერ მოხერხდებოდა (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 

C ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედების პირველ ეტაპზე მთელი რიგი ბარიერები არსებობდა, რაც პროგრამაში მოსახლეობის ჩართვას აფერხებდა. მაგალითად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა (საწყის ეტაპზე პროგრამის მომსახურების მიღება საქართველოს ყველა რეგიონში არ იყო შესაძლებელი). ჯანდაცვის სამინისტრომ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის გაფართოება მხოლოდ 2018 წელს დაიწყო. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ეს პრობლემა არ დგას. ასევე, პროგრამის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ფინანსური ბარიერი - პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, პირველ ეტაპზე, არ ფინანსდებოდა. ფინანსური ბარიერი პროგრამის ამოქმედებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ მოიხსნა და 2019 წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო სამედიცინო კვლევები უფასო გახდა. 

C ჰეპატიტის (მისი გავრცელებისა და დაავადების რისკების), ასევე ელიმინაციის პროგრამის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებულობა დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება. CDC-ის ანგარიშის მიხედვით, „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის მიუხედავად, C ჰეპატიტის ვირუსზე ცნობიერების დონე შემცირდა (73%-2015 წელს და 66.1%-2021 წელს)“.

განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში [2020-2021 წლებში], C ჰეპატიტზე  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით სახელმწიფოს აქტივობა მინიმალური იყო. რაზეც ასევე საუბარია, სახელმწიფო აუდიტის 2022 წლის ანგარიშშიც. ამავე ანგარიშის თანახმად, 2021 წელს, C ჰეპატიტის თემაზე საზოგადოების ინფორმირებულობისა და დამოკიდებულებების კვლევა განხორციელდა. კვლევის შედეგების მიხედვით დგინდება, რომ პროგრამის შესახებ ცნობადობა საკმაოდ დაბალია და საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია, როგორც პროგრამის მიმდინარეობის, ისე − C ჰეპატიტის გადაცემის გზებისა და არსებული რისკების შესახებ. 

მთავრობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგზე აპელირებს და უგულებელყოფს მთავარს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ვერ მოხერხდა. აღნიშნული თავის მხრივ პროგრამის მართვის ხარვეზებითა და მოსახლეობასთან სტრატეგიული კომუნიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული.