იტვირთება

„ემი“ ჯგუფმა, რომელიც ანტივაქსერებსა და კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გამავრცელებლებს აერთიანებს, Facebook-გვერდზე ვაქცინის შესახებ კიდევ ერთი დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა.

„ემი” ჯგუფი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ლაივში „ემი“ ჯგუფის წარმომადგენლის, ვინმე ზურა ნოზაძის ჩართვას აქვეყნებს, რაზე დაყრდნობითაც ყალბ მტკიცებას ავრცელებს: „გარდა იმისა, რომ ფაიზერი გენური თერაპიაა, როგორც ეს თვით ამავე კომპანიის დირექტორმა ბურლამ აღიარა, მას სრულყოფილად არც კი გაუვლია იმდაგვარი გამოცდა, რასაც საფეხურებრივად საჭიროებს „ვაქცინა“ ბუნებრივ პირობებში (In vivo) შესამოწმებლად (vivid - ცოცხალი). ანუ, რეალურ უსაფრთხოებაზე დასკვნის დასადებად ახალი პრეპარატის გამოცდა ჯერ უნდა ჩატარდეს ცოცხალ ორგანიზმზე, რაც ე.წ. „კოვიდ ვაქცინების“ შემთხვევაში არ მომხდარა!.. კომპიუტერული მოდელირებით“ შესრულებული კვლევების ჩატარება და დასკვნები „ვირტუალურ არსებებზე“ და მათი საზოგადოებისთვის მოწოდება არის საზოგადოების დაცინვა და მოტყუება!“

მტკიცება 1: „[ფაიზერს] სრულყოფილად არც კი გაუვლია იმდაგვარი გამოცდა, რასაც საფეხურებრივად საჭიროებს „ვაქცინა“ ბუნებრივ პირობებში (In vivo) შესამოწმებლად (vivid - ცოცხალი). ანუ, რეალურ უსაფრთხოებაზე დასკვნის დასადებად ახალი პრეპარატის გამოცდა ჯერ ცოცხალ ორგანიზმზე უნდა ჩატარდეს, რაც ე.წ. „კოვიდ ვაქცინების'“ შემთხვევაში არ მომხდარა! „კომპიუტერული მოდელირებით“ შესრულებული კვლევების ჩატარება და დასკვნები „ვირტუალურ არსებებზე“ და მათი საზოგადოებისთვის მოწოდება არის საზოგადოების დაცინვა და მოტყუება!“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„ემი” ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მონაკვეთში გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შექმნაში ხელოვნური ინტელექტის (Artificial Intelligence) როლზე საუბრობს, ხოლო „ემი” ჯგუფი აქედან ასკვნის, რომ ფაიზერის ვაქცინა „კომპიუტერული მოდელირებით” შეიქმნა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ეტაპები სრულყოფილად არ გაუვლია.

ვაქცინის შექმნის პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლი მართლაც დიდია და პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმატებულად გამოიყენება. ხელოვნური ინტელექტის მიერ ვირუსის სტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწრაფად მოპოვებამ მეცნიერებს უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება აარიდა თავიდან. ხელოვნურ ინტელექტს მეცნიერები ეპიდაფეთქებების პროგნოზირებისთვის - ვაქცინის ან მკურნალობის მეთოდების შემუშავების კვლევისას და სხვ., იყენებდნენ.

პრეკლინიკური და კლინიკური ფაზების დროს ვაქცინების გამოცდა ჯერ ცხოველებზე, ხოლო შემდეგ ადამიანებზე განხორციელდა.

Pfizer-ის ვაქცინა ექსტრემალური პირობებიდან გამომდინარე, შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

Covid-19-ის ვაქცინებმა ცხოველებზე ტესტირება გაიარეს. Pfizer-მა და BioNTech-მა 2020 წლის სექტემბერში გამოაქვეყნეს დეტალები იმის შესახებ, mRNA ვაქცინები თაგვებსა და სხვა პრიმატებზე თუ როგორ გავლენას ახდენდა.

Pfizer/BioNTech COVID-19 ვაქცინის კვლევაში 44,000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. კვლევაში Pfizer-თან ერთად გლობალური კვლევის ორგანიზაცია ICON-ი მონაწილეობდა, რომელსაც ებოლას პანდემიის დროს კვლევების ჩატარების გამოცდილება ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეზღუდული დროის პირობებსა და რთულ გარემოებებში შეეძლო ექსპერიმენტების ჩატარება. Pfizer/BioNTech COVID-19 ვაქცინის კვლევა მსოფლიოს მასშტაბით 150 სხვადასხვა ლოკაციაზე აშშ-ის, ევროპის, სამხრეთ აფრიკისა და ლათინური ამერიკის მასშტაბით ჩატარდა.

Pfizer-მა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების - პრეკლინიკური - ექსპერიმენტული ფაზა გაიარა. ვაქცინის გამოცდა თაგვებსა და პრიმატებზე (მაკაკაზე) მოხდა. კვლევის ამ სტადიაზე დადგინდა აღძრავდა, თუ - არა ვაქცინა იმუნურ რეაქციას. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ფაიზერის კლინიკური შემოწმება, რომელიც, თავის მხრივ, სამი ფაზისგან შედგება:

პირველი ფაზა: პირველ ფაზაში Pfizer-ის ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე მოხდა. კვლევა ვაქცინის ოთხი კანდიდატის უსაფრთხოების, იმუნური პასუხის წარმოქმნის დადასტურებისა და სწორი დოზის განსაზღვრის მიზნით ჩატარდა. ვაქცინის შესაბამისი დოზის განსაზღვრისთვის პირველ ეტაპზე კვლევა შეერთებულ შტატებში 360 ჯანმრთელი მოხალისის მონაწილეობით ჩატარდა 18-55 და 65-85 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.

მეორე ფაზა: მეორე ფაზაში კვლევა დაიწყო ვაქცინის შერჩეულ კანდიდატზე (BNT162b2). Pfizer-ის ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, რამდენიმე ასეულ მოხალისეს აცრა ჩაუტარდა. ამ ეტაპზე რამდენიმე გამოცდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და ვაქცინის განსხვავებული შემადგენლობების შესაფასებლად ჩატარდა. ამავე ეტაპზე შესადარებელი ჯგუფის სახით გამოცდაში ჩაერთო ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია.

მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ჩაერთო და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან მოხდა, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. მესამე ფაზის კვლევის შედეგად დადგინდა ფაიზერის ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობა.

ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2021 წლის აგვისტოს სრული ავტორიზაცია მიანიჭა ფაიზერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იყო პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო სრულად ავტორიზებული ვაქცინა.

ამდენად, “ემი” ჯგუფის მტკიცება, რომ ფაიზერის ვაქცინა “კომპიუტერული მოდელირებით” შეიქმნა, ცოცხალ ორგანიზმებზე გამოცდა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ეტაპები სრულყოფილად არ გაუვლია, ყალბია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მტკიცება 2: ი-რნმ ვაქცინები გენური თერაპიაა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„ემი“ ჯგუფის კიდევ ერთი ყალბი მტკიცების თანახმად, ფაიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ, აღიარა, რომ ფაიზერი გენური თერაპიაა.

ი-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების გამოჩენის შემდგომ არაერთხელ გავრცელდა ყალბი ამბავი იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ ვაქცინებით ადამიანებს გენურ თერაპიას ჩაუტარებენ და მათ გენეტიკურ კოდს შეცვლიან. რეალურად, ი-რნმ ვაქცინებსა და გენურ თერაპიას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. გენური თერაპია ექსპერიმენტულ ტექნიკას წარმოადგენს, რომელიც რაიმე დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის გენების მოდიფიკაციას ითვალისწინებს, ხოლო ი-რნმ ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა საერთოდ არ აქვთ და შესაბამისად, მასში ცვლილების შეტანაც არ შეუძლიათ. Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებს.

ამდენად, „ემი“ ჯგუფის მტკიცება, რომ „ი-რნმ ვაქცინები გენური თერაპიაა“ ყალბია. გენური თერაპიისა და ი-რნმ ვაქცინის მოქმედების ტექნიკები ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც პირდაპირ განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ი-რნმ ვაქცინები გენური თერაპიის ნაწილი არ არის და უფრო მეტიც, ი-რნმ ვაქცინებს ადამიანის გენეტიკური კოდის ცვლილება არ შეუძლიათ.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4140 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი