იტვირთება

საქართველოში ბოლო წლებია ლურჯი მოცვის კულტურის გაშენება აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობაში მუსირებს აზრი, რომ ლურჯი მოცვის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება. „ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, გაერკვია, რეალურად ლურჯი მოცვი რომელ ქვეყნებში და რა რაოდენობით გაგვაქვს.

კენკროვანი კულტურების, მათ შორის, მოცვის გაშენება „დანერგე მომავლის“ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა „დანერგე მომავლის“ გაცხადებული მიზანი - მრავალწლიანი კულტურების გაშენებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურად გამოყენებაა, რის შედეგადაც ადგილობრივი პროდუქტი იმპორტირებულს ჩაანაცვლებს და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალიც გაიზრდება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ისეთი კულტურების გაშენებას ენიჭება, რომელზეც საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა არსებობს.

ერთ-ერთ ასეთ კულტურად ლურჯი მოცვი შეირჩა. „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი, რომელსაც მოცვის გაშენება სურს, ბაღის გაშენებისთვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შესაძენად და მოსაწყობად (0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით), ღირებულების 100%-ით ფინანსდება.

ლურჯი მოცვის კულტურა დასავლეთ საქართველოში ხარობს, რადგან მისთვის მჟავე ნიადაგია ხელსაყრელი. აქედან გამომდინარე, მოცვის გაშენების რეგიონებია: იმერეთი, აჭარა, გურია და სამეგრელო. პროგრამის ფარგლებში ნერგების ღირებულების 100% ფინანსდება, იმის მიუხედავად პროგრამის მონაწილე ნერგებს ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს თუ იმპორტირებით. ლურჯი მოცვის შემთხვევაში 0.5 ჰა-ზე 1500 ნერგია გათვალისწინებული. ერთ ნერგზე დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ადგილობრივ ბაზარზე არის 7 ლარი, იმპორტირებულ ნერგზე - 7.8-8.8 ლარი.

2015-2021 წლებში ლურჯი მოცვი საქართველოში 1,543 ჰექტარზე გაშენდა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულმა ინვესტიციამ 46,717,066 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 22,319,935 ლარი იყო. შესაბამისად მთლიან ინვესტიციაში სახელმწიფოს წილმა 48% შეადგინა.

უშუალოდ 2021 წელს ლურჯი მოცვი დაახლოებით 706 ჰექტარზე გაშენდა. განხორციელებულმა ინვესტიციამ 22,959,677 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო დაფინანსება 10,320,642 ლარი, მთლიანი დაფინანსების 45% იყო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ლურჯი მოცვის გაშენება აქტიურად მიმდინარეობს, რაც ამ კულტურის საექსპორტო პოტენციალს უკავშირდება. ქვემოთ ლურჯი მოცვის ექსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ.

ცხრილი 1: ლურჯი მოცვის ექსპორტი (1000 აშშ დოლარი)

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, ლურჯი მოცვის ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება - 80%-ზე მეტი, გამონაკლისი მხოლოდ 2018 წელი იყო, როდესაც რუსეთში მოცვის ექსპორტმა 54% შეადგინა. აღნიშნულ წელს რუსეთის შემდეგ ლურჯი მოცვის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა კატარი (51 000 აშშ დოლარი - 11.5%) და არაბთა გაერთიანებული საემიროები (94 000 აშშ დოლარი - 21.1%) იყო. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, 2015 -2021 წლებში ლურჯი მოცვი ექსპორტზე ევროკავშირის მხოლოდ სამ ქვეყანაში - პოლონეთში, ბულგარეთსა და გერმანიაში, გავიდა, ისიც უმნიშვნელო რაოდენობით. დანარჩენ წლებში რუსეთის გარდა, ლურჯი მოცვის ექსპორტი ძირითადად შემდეგ ქვეყნებში ხორციელდება: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ქუვეითი, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ინდოეთი, ბაჰრეინი, ჰონგ-კონგი.

მიმდინარე წლის 5 თვეში 168 000 აშშ დოლარის ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა და მოცვის მთლიანი რაოდენობა სომხეთში გავიდა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ძირითადად ლურჯი მოცვის ერთ-ერთი სახეობა - „ლეგასია“ მოჰყავთ, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ რუსეთში სარგებლობს. აღნიშნული ჯიში, მოცვის სხვა ჯიშებთან შედარებით, უფრო მოტკბო გემოსია. ევროპაში უფრო მომჟავო გემოს მოცვს ანიჭებენ უპირატესობას.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურად ლურჯი მოცვის ექსპორტი მზარდია, თუმცა გავრცელებული მოსაზრება, რომ ლურჯი მოცვი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადის, სიმართლეს არ შეესაბამება. ლურჯი მოცვის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია - მთლიანი ექსპორტის 80%-ზე მეტი. მოცვის კულტურა ქართული ენდემური ჯიში არ არის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი გაშენება იმიტომ დაიწყეს, რომ ჩაითვალა, რომ აღნიშნულ კულტურას საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. რეალურად კი, როგორც გაირკვა, მოცვი ძირითადად რუსეთში გადის, რუსეთზე დიდი დოზით დამოკიდებულება და ამისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო სახსრების ხარჯვა კი კონტრპროდუქტიულია.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს და ახლაც გავიმეორებთ, რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან და არამარტო, სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. აქედან გამომდინარე, თუ ლურჯი მოცვის კულტურის განვითარებას სახელმწიფო სამომავლოდაც გეგმავს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლურჯი მოცვის ევროკავშირისთვის მისაღები სტანდარტების დანერგვაზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე უნდა იზრუნოს.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4290 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი