იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: სსფ-ს წინასწარი შეფასებით 190 ქვეყანას შორის მშპ დოლარში ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა საქართველო, ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე. მშპ ერთ სულზე მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და 9000 დოლარს გადასცდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება

რეზიუმე:

სიმართლეა რომ სსფ-ს პროგნოზით საქართველოს ნომინალური მშპ დოლარში 2027 წლისთვის 9000 დოლარს მიაღწევს, რაც 83%-ით ზრდაა. თუმცა, პრემიერ-მინისტრი მშპ-ს ზრდის ტემპს არასწორი (ნომინალური) მაჩვენებლით განიხილავს. ასევე, საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზე ექცევა და არა მესამეზე, ევრაზიის კონტინენტზე კი ერთ სულზე ნომინალური მშპ-ს პროცენტული ზრდით საქართველო მართლაც პირველ ადგილს იკავებს.

მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ასახავს, რომელიც თავის თავში ფასების ზრდის გავლენას გამორიცხავს და შესაბამისად, კონკრეტულ წლებში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობრივი განზომილების ცვლილებას გამოხატავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წელს, 2021 წელთან შედარებით რეალური მშპ ერთ სულზე 36.4%-ით გაიზრდება და არა ორჯერ. ამ პროგნოზითაც - დოლარში დათვლილი ნომინალური მაჩვენებლის შემთხვევაშიც, საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს, ევროპის და აზიის ქვეყნებში კი, საქართველოს მოლდოვა, ინდოეთი, ვიეტნამი და ბანგლადეში უსწრებენ.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება. რადგან, მიუხედავად საკმარისად კარგი საპროგნოზო მაჩვენებლების არსებობისა, განცხადებაში პრემიერი დროს გარკვეული მონაკვეთის ანალიზისთვის, ნომინალურ მაჩვენებლებს ეყრდნობა, რითაც ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ მასშტაბებს გადაჭარბებით წარმოაჩენს.

ანალიზი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „სსფ-მ რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება, აქაც 190 ქვეყანას შორის მშპ დოლარში ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე დასახელდა ჩვენი ქვეყანა, ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე არის საქართველოს პოზიცია და ჯიდიპი პერ კაპიტა მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და 9000 დოლარს გადასცდება“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ; International Monetary Fund) გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. სსფ მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის ასევე განვითარებად ქვეყნებს საჭიროებისამებრ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას სთავაზობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის (WEO) მონაცემთა ბაზა წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ქვეყნდება. პრემიერ-მინისტრის განცხადება, აპრილის პროგნოზებს ემყარება, რომლის მიხედვითაც, 2027 წლისთვის, დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 9200 აშშ დოლარს შეადგენს (შესაბამისი სტატისტიკა, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში), რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 83.3% ზრდას წარმოადგენს. ამ ზრდით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილზე ექცევა, ევროპის და აზიის კონტინენტის ქვეყნებში კი - პირველ ადგილზე.

მეორე მხრივ, მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკაზე სამსჯელოდ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მონაცემის გამოყენება არასწორია. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. ანალიზისთვის არარელევანტური ერთეულის შერჩევას მცდარ დასკვნამდე მივყავართ. მაგალითად - ნომინალური მშპ ინფლაციური პროცესების გავლენისაგან თავისუფალი არ არის და მისი გამოყენება დროში ანალიზისთვის (სხვადასხვა წლის მონაცემის ერთმანეთთან შედარება) არასწორია, განსაკუთრებით კი მიმდინარე კონტექსტში, როდესაც ინფლაცია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოში არსებითია. მაგალითისთვის, 2019 წელს საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მცირედით გაიზარდა, თუმცა რეალური 6.8%-ით შემცირდა. კიდევ უფრო არასწორია ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა, რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს. მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკოსის მიერ ანალიზისთვის სწორედ ეს მაჩვენებელია გამოყენებული, რომელიც ისტორიულად, არსებულ ალტერნატივებს შორის ყველაზე მცდარ სურათს აჩვენებდა. ამ ანალიზის საილუსტრაციოდ, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ნორვეგია, სადაც 2014 წელს, დოლარის გამყარების შედეგად, 2015 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, გამოსახული ნომინალურ დოლარში დაახლოებით 23.7%-ით, 97 000 აშშ დოლარიდან 74 000 დოლარამდე შემცირდა, თუმცა ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს რომ ამ წელს, ნორვეგიის ეკონომიკა შემცირდა/მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაზრდილა.

ცხრილი 1: ნომინალური მშპ ერთ სულზე, გამოსახული დოლარში და რეალური მშპ ერთ სულზე, გამოსახული ლარში 2020-2027 წლებში (ათასი)

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წელს, 2021 წელთან შედარებით, რეალური მშპ ერთ სულზე 36.4%-ით გაიზრდება. ამ პროგნოზით, საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს. ევრაზიის კონტინენტზე, საქართველოს მოლდოვა, ინდოეთი, ვიეტნამი და ბანგლადეში უსწრებენ .

გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ ყველაზე მაღალ ზრდაზე, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საბაზო ეფექტის მომენტიც, რადგან ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, საქართველოზე ბევრად მდიდარია. შესაბამისად, შედარებით მცირე მაჩვენებლის ცვლილება უფრო დიდ პროცენტს იძლევა, ვიდრე დიდი მაჩვენებლების ცვლილება. ამავდროულად, ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი ტემპი განვითარებულ ქვეყნებში, გამოწვეულია ეკონომიკური ეფექტით, რომელიც ე.წ. „კლებადი ზღვრული უკუგების კანონის“ სახელით არის ცნობილი. რაც გულისხმობს, რომ წარმოების ფაქტორის (მაგ. ადამიანური რესურსი, კაპიტალი) ყოველი დამატებითი ერთეული, ნაკლები შედეგის მომტანია. განვითარებული ქვეყნები არსებულ წარმოების რესურსებსა და ტექნოლოგიებს თითქმის სრულად იყენებენ და ახლოს არიან გამოშვების ზედა ზღვართან. შესაბამისად, შემდგომი ზრდის შესაძლებლობა შეზღუდულია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4143 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი