2022 წლის 10 ივლისს „ემი” ჯგუფმა, რომელიც ანტივაქსერებსა და კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გამავრცელებლებს აერთიანებს, ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს თანახმად, ჯგუფი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის ვაქცინების შემქმნელებს კორონავირუსი „არცერთ მიკროსკოპში“ არ უნახავთ. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ - „ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაზე MODERNA-ს წარმომადგენელმა პირდაპირი, დაუფარავი ტექსტით განაცხადა: : „ვირუსი“-ს ნიმუშის გარეშე, ჩვენ ავიღეთ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული გენის თანმიმდევრობა და შევიმუშავეთ „ვაქცინა“ კომპიუტერულ სიმულაციებზე დაყრდნობით“ რეალურად, კოვიდვაქცინების შექმნაზე მუშაობა მას შედეგ დაიწყო, რაც ჩინელმა მეცნიერებმა ვირუსის გენომის გაშიფვრა მოახერხეს და სხვა მეცნიერებს გაუზიარეს. ხოლო ვიდეოში მოსაუბრე პირი ტექნოლოგიური განვითარებების დადებით მხარეებსა და სამომავლოდ მათ ეფექტურ გამოყენებაზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების მაგალითზე.
რეალურად, „ემი“ ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ნამდვილად 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე“ გამართული ერთ-ერთი პანელიდან - „მომავალი პანდემიისთვის მზადება“ ამონარიდს წარმოადგენს. თუმცა, პირი, რომელიც ვიდეოში ჩანს არა Moderna-ს წარმომადგენელია, არამედ Illumina Inc-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ფრანცის დესოუზაა. პანელზე დესოუზა, სხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად-სტეფანი მეჰტასთან (Fast Company), პიტერ სანდსთან (Tuberculosis & Malaria), ბილ გეითსთან (Bill & Melinda Gates Foundation), ჰელენ ე.კლარკთან (Partnership for Maternal, Newborn & Child Health, World Health Organization (WHO)), პოლ ქაგამესთან (Office of the President of Rwanda) განიხილავდა, თუ რა უნდა გააკეთოს საჯარო და კერძო სექტორმა იმისათვის, რომ მსოფლიო მომავალ პანდემიებს მომზადებული შეხვდეს.
ფრანცის დესოუზამ, როგორც სასიცოცხლო მეცნიერების ინსტრუმენტებისა და გენეტიკური ვარიაციებისა და ფუნქციების ფართომასშტაბიანი ანალიზისთვის ინტეგრირებული სისტემების წამყვანი დეველოპერი და მწარმოებელი კომპანია Illumina Inc-ის წარმომადგენელმა, პანელზე მომავალ პანდემიებისთვის მომზადებისა თუ მათი თავიდან არიდების საკითხში ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ემი“ ჯგუფის მიერ გავრცელებული ვიდეო სწორედ ამ საკითხზე საუბრის ვიდეოს ამონარიდს წარმოადგენს.
კერძოდ, დესოუზამ განაცხადა, რომ კოვიდპანდემია მეცნიერებისთვის - ფიზიკოსებისთვისა და ტექნოლოგებისთვის სერიოზული გამოწვევა გახდა, პანდემიასთან საბრძოლველად ტექნოლოგიები როგორ გამოეყენებინათ. მან ერთ-ერთ ტექნოლოგიურ წინსვლად გენეტიკური კოდის თანმიმდევრობის დამდგენი ტექნოლოგია დაასახელა (sequencing), რომელიც მეცნიერებმა კოვიდპანდემიის საწყის ეტაპზევე ვირუსის გენომის გასაშიფრად და ამ ფორმულის გასავრცელებლად, რომლის დახმარებითაც მეცნიერებს ვაქცინებზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობა მიეცათ, წარმატებით გამოიყენეს. დესოუზა ამბობს: „პირველი ცნობა ჯანმომ 2019 წლის 31 დეკემბერს გაავრცელა. 10 დღის შემდეგ კი ვირუსის გენომიც გამოქვეყნდა... მათ (მეცნიერებმა) უბრალოდ აიღეს მონაცემები, ისე რომ ცოცხალ ვირუსთან შეხება არ მოუწიათ. მათ გამოიყენეს ხელსაწყოებიდან (sequencing machines) მიღებული გენეტიკური მონაცემები და ვაქცინების განვითარების პროგრამა დაიწყეს. ახლა, როდესაც „გენების თანმიმდევრობის“ ტექნოლოგია მსოფლიოში 190 ქვეყანაში არის განთავსებული, ჩვენ უკვე შეგვიძლია თვალი ვადევნოთ როგორ განიცდის ვირუსი მუტაციას, როგორ ვრცელდება ის. ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ, ის დიაგნოსტიკური და თერაპიული ხელსაწყოები თუ ვაქცინები, რომელსაც ვიყენებთ, აჩერებს, თუ - არა მას[ვირუსის გავრცელებას] და ასევე გვეხმარება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგალითად, დავაწესოთ, თუ - არა სამოგზაურო შეზღუდვა..“.
ამდენად, დესოუზა ვიდეოში საუბრობს თუ როგორ წარმატებულად იქნა გამოყენებული გენების თანმიმდევრობის გამშიფრავი ტექნოლოგია (sequencing) პანდემიის საწყის ეტაპზევე, ვირუსის გენომის გაშიფვრის შემდეგ. კონკრეტული ფაქტი კი არ შეესაბამება „ემი“ ჯგუფის მიერ გავრცელებულ მტკიცებას, რომ მეცნიერებს ვირუსი არასდროს უნახავთ. კონკრეტული მტკიცება უკვე კარგად გავრცელებული დეზინფორმაციის ნაწილია, რომლის თანახმადაც, ბუნებაში COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის იზოლირება ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი არ არსებობს და კოვიპანდემიაც ხელოვნურად შექმნილი ისტერია იყო. რეალურად, მეცნიერებმა ვირუსის იზოლირება მოახდინეს და მისი ფოტოებიც საჯაროა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით (WHO), 2020 წლის 7 იანვარს, ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის იდენტიფიცირება მოახდინა. 2020 წლის 12 იანვრისთვის, ჩინელმა მეცნიერებმა ვირუსის გენომის გაშიფვრა მოახერხეს, ვირუსის გენეტიკური კოდის ცოდნამ კი მეცნიერებს უკვე საშუალება მისცა კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაზე მუშაობა დაეწყოთ და შესაბამისად, იანვრის ბოლოსთვის, ვაქცინის შექმნის გეგმები რამდენიმე ფარმაცევტულმა და ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ დააანონსა კიდეც.
--------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე