იტვირთება

პანდემიამდე პერიოდში, შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან ყოველწლიურად იზრდებოდა. 2019 წელს, საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, 2019 წელს ტურიზმის დარგმა მშპ-ს 8.4% შეადგინა. საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებსაც განვითარებისთვის კაპიტალის დიდი ოდენობა ესაჭიროებათ, ტურიზმიდან შემოსავლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პანდემიის გამო, ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, განსაკუთრებით 2020 წელს, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს საერთაშორისო ტურიზმის ფაქტობრივი პარალიზება, ხოლო შიდა ტურიზმის მკვეთრი შემცირება მოჰყვა.

საერთაშორისო მოგზაურების შესახებ სტატისტიკას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის, ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით, გადაადგილდება. ტერმინი როგორც ტურისტებს, ასევე მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით) და იმ პირებს აერთიანებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს. საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე საქართველოს ტერიტორიაზე გაათენა.

2019 წელს, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვმა დაახლოებით 9.3 მლნ, მათ შორის, ტურისტების რიცხვმა - დაახლოებით 5 მლნ შეადგინა. 2021 წლისთვის, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვმა დაახლოებით 1.9 მლნ შეადგინა (2019 წელთან შედარებით 5-ჯერ კლება), ხოლო ტურისტული ვიზიტების რიცხვმა - 1.6 მლნ (3.2-ჯერ კლება).

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობების ვიზიტების დინამიკა 2017-2021 წლებში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო მაჩვენებელი ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელია პრე-პანდემიურ პერიოდთან - ანუ 2019 წელთან შედარებით. 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ქვეყანას 1.6 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით 42% აღდგენას ნიშნავს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების ვიზიტების რიცხვი 1.2 მილიონს დაუახლოვდა, რაც 2019 წელთან მიმართებით 56.8%-ით აღდგენაა.

2021 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, 2022 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 3.3-ჯერ, ხოლო ტურისტების რიცხვი 2.8-ჯერ არის გაზრდილი. რაც შეეხება 2020 წელს, აქ 6 თვის შედარება არარელევანტურია, რადგან 2020 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, როდესაც მკაცრი შეზღუდვები ჯერ კიდევ დაწესებული არ იყო, დაახლოებით 1.3 მლნ საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რამაც 2020 წლის მთლიან მოგზაურთა რიცხვის 93% შეადგინა. საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილს თურქეთი იკავებს (262 ათასი), მეორეს - რუსეთი (247 ათასი), მესამეს კი - სომხეთი (196 ათასი).

ცხრილი 2: საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების დინამიკა 2019-2022 წლებში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

უშუალოდ ივნისში, საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია: რუსეთიდან - 90 239 ვიზიტი, (წლიური ზრდა 502,9%), თურქეთიდან - 62 192 ვიზიტი (წლიური ზრდა 110,1%), სომხეთიდან - 61 974 ვიზიტი, (წლიური ზრდა 364,5%), საქართველოდან (არარეზიდენტი) - 22 143 ვიზიტი (წლიური ზრდა 103,8%). საინტერესოა, რომ ბელარუსიდან 2022 წელს საქართველოს 42 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 2.1-ჯერ აღემატება. ცნობილია რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე, მათ შორის - სანქციებთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მოემგზავრება. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების დინამიკა 2018-2019 წლებში. ამ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში, ბელარუსისგან განსხვავებით, რუსი ვიზიტორების ვიზიტების რიცხვს პრეპანდემიური პერიოდისთვის არ გადაუჭარბებია და რუსი ვიზიტორების პროცენტული განაწილების დინამიკაც, მთლიან ვიზიტორებთან ფარდობით, მეტნაკლებად მსგავსია. თუმცა, წინა სხვა თვეებთან შედარებით, ივნისის თვეში, ორივე - აბსოლუტური და ფარდობითი თვალსაზრისით, მკვეთრი მატება შეინიშნება

ცხრილი 3: რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა და მათი წილი მთლიან ვიზიტორებში (%)

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ამ დროისთვის 2022 წლის პირველი 5 თვის მონაცემებია გამოქვეყნებული. შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 840 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან მიმართებით 75.3% აღდგენაზე მიუთითებს, 2021 წლის მონაცემს კი 4.7-ჯერ აღემატება, რაც პანდემიის გათვალისწინებით, დამაიმედებელი სტატისტიკაა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ჯამური შემოსავლიდან - 840 მლნ აშშ დოლარიდან, შემოსავლები რუსეთიდან დაახლოებით 150 მლნ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი შემოსავლების 18%-მდეა. ფარდობითი თვალსაზრისით, რუსეთიდან შემოსავლების მაჩვენებელი პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილი არ არის.

ცხრილი 4: შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4145 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი