იტვირთება

„რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლეობის სულიერების ამაღლება“ - ამ ქვეპროგრამას მარნეულის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად აფინანსებს. ადგილობრივ ბიუჯეტში გარკვეული თანხა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებისა და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოიყოფა. 2018 წლიდან დღემდე ეკლესია-მონასტრებისა და მეჩეთების დაფინანსება 150 000 ლარით გაიზარდა.

ცხრილი 1. რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდისა და მოსახლეობის სულიერების ამაღლების პროგრამის დაფინანსება, ლარი

წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტი

ქვეპროგრამის მთლიანი დაფინანსების უდიდესი წილი - 400 000 ლარი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვისაა განკუთვნილი. დანარჩენი 10 000 ლარი კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესია-მეჩეთების კომუნალურ ხარჯებზე მიემართება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 20 ეკლესია-მონასტერი და 47 მეჩეთია. მოსახლეობის 83%-ზე მეტს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმი თემი შეადგენს. მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ეთნიკურად სომხები, ასევე, მუსლიმი ეკომიგრანტები და სხვა რელიგიური უმცირესობები. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების უდიდეს ნაწილს ადგილობრივ ეპარქიას გადასცემს.

„ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მტკიცდება ნორმატიული აქტებით, საკრებულოს დადგენილებით და უკვე 2018 წლიდან გვაქვს პრაქტიკა, რომ რელიგიური საქმიანობის, საზოგადოების სულიერი ამაღლების მიზნით არსებული ქვეპროგრამის მთლიანი დაფინანსებიდან, რომელიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 410 ათას ლარს შეადგენს, 10 000 ლარი განკუთვნილია [ყველა კონფესიის გათვალისწინებით] კომუნალური გადასახადებისთვის. დანარჩენი 400 ათასი ლარი კი სრულად გადაეცემა მართლმადიდებლური ჰუჯაბის ეპარქიას”, - აცხადებს თათია კაჭარავა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატი.

„ფაქტ-მეტრმა“ სცადა, გაერკვია, რომელი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ადგილობრივი ხელისუფლება, როცა ქვეპროგრამისთვის განკუთვნილ თანხას კონფესიებს შორის ანაწილებს. ქვეპროგრამის განმარტებაში სიტყვასიტყვით წერია: „ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებისა და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა, კერძოდ, 400 ათასი ლარით დაფინანსდება „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია“, კვარტალში 100 ათასი ლარის ოდენობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად. ხოლო 10 ათასი ლარი განსაზღვრულია რელიგიური დაწესებულებების კომუნალური გადასახადებისთვის. კომუნალური გადასახადების დაფარვა ხდება შემდეგი წესით: 1) იმ ეკლესია-მონასტრებისა და მეჩეთებისთვის, რომლებიც ქალაქ მარნეულში მდებარეობს - 300 ლარამდე; 2) ეკლესია-მონასტრებისა და მეჩეთებისთვის, რომლებიც სოფლად მდებარეობს და არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი - 100 ლარამდე; 3) ეკლესია-მონასტრებისა და მეჩეთებისთვის, რომლებიც სოფლად მდებარეობს და არის შეყვანილი ბუნებრივი აირი - 50 ლარამდე“.

საკითხში გარკვევის მიზნით, მარნეულის საკრებულოს ფინანსური კომისიის წევრებთან დაკავშირება ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ არ იცოდა, ხელი რაზე მოაწერა. რამდენიმემ გვითხრა, რომ ტელეფონით ინტერვიუს/კომენტარის გაკეთება გაუგებარი ამბავია და კითხვაზე პასუხი არ გაგვცა. ამის შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტისგან ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით გამოვითხოვეთ.

მუნიციპალიტეტიდან მიღებულ საპასუხო წერილში ვკითხულობთ: „გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად, 2002 წლის 14 ოქტომბრის ხელმოწერილი დადგენილებით, დამტკიცებულია კონკორდატი “ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის”, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლით, განსაზღვრულია სახელმწიფოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი.

აგრეთვე, 2022 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში 05 02 04 ორგანიზაციული კოდის ფარგლებში, „რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა“, დამტკიცებულია სუბსიდია, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისტორიული ძეგლების მოვლის, პატრონობისა და შენახვის ხარჯების დაფარვის მიზნით“.

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივებს სასამართლოში დასმულ შეკითხვას ზუსტად იგივე პასუხი გასცა. უკვე სამი წელია, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტს ედავებიან და დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითხოვენ, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კონკრეტული ნორმატიული აქტის კონკრეტული პუნქტის ბათილად ცნობას გულისხმობს. მოსარჩელეები არიან ადგილობრივი მკვიდრი, აქტივისტი სამირა ბაირამოვა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს წარმომადგენელი მირთაგი ასადოვი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა, თათია კაჭარავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „კონკორდატი, რომელიც საჯარო დოკუმენტია და ყველას შეუძლია ნახოს, ბიუჯეტის დაგეგმარებისას, თუნდაც განსაკუთრებული როლის მქონე კონფესიისთვის, რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ გულისხმობს. ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს, დავის საგანი საერთოდ არ არის. როგორც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ მიუთითებენ, რომ შესაძლებელია კონკრეტულ კონფესიას სახელმწიფოში ჰქონდეს მნიშვნელოვანი ისტორიული როლი და ღირებულება, მაგრამ ეს მათთვის პრიორიტეტის მინიჭების საფუძველი არ უნდა იყოს. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსურ საკითხებს ეხება“. ასევე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიდგომა დისკრიმინაციულია. „ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შეწყდეს დისკრიმინაცია, დადგინდეს, რომ ეს არის დისკრიმინაცია. ის კონკრეტული ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ხელშეკრულება, ბათილად იქნას ცნობილი. ჩვენი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ თანხა არ იყო სათანადოდ განაწილებული ცალკეულ რელიგიურ დაწესებულებებზე. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო პროცესი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1 ივლისს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა. მარნეულის მერიამ, საკრებულომ და საპატრიარქომ, როგორც მესამე პირმა, სასამართლოს არ მიაწოდეს საჭირო საბუთები და ვერ დაადასტურეს, რეალურად რაში დაიხარჯა გამოყოფილი თანხა. ზოგადად, რელიგიურმა დაწესებულებებმა მუნიციპალიტეტიდან ფული არ უნდა მიიღონ, რადგან საჭირო ფინანსები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს,”- განაცხადა სამირა ბაირამოვამ.

საქმესთან დაკავშირებით 1 ივლისს გამართულ ბოლო სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული კანონი ბათილად ცნო და ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს დააკვირდება და აღნიშნულ თემას მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდებით.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი