იტვირთება

2022 წლის 4 ივნისს, ალტ-ინფოს გადაცემა „დღის სიახლეებში“ სიუჟეტი გავიდა სახელწოდებით „უკრაინას ევროკავშირის წევრობისთვის არცერთი დიდი ქვეყანა მხარს არ უჭერს“. დაახლოებით ხუთწუთიანი სიუჟეტი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს შეეხებოდა.

სიუჟეტის თანახმად, ევროკავშირის დიდი სახელმწიფოები უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან, რასაც ადასტურებს იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, იანეზ იანშას განცხადებები. კერძოდ,

„დრაგი: მე მხარს ვუჭერ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას. თუმცა წევრობის სტატუსის მინიჭებას არ უჭერს მხარს ევროკავშირის არც ერთი დიდი წევრი სახელმწიფო, გარდა იტალიისა“ და „იანშა: ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ასპირანტი ქვეყნების მოლოდინის რეჟიმში დატოვება სურთ, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს იაფი მუშახელი უზრუნველყონ შუაგული ევროპისთვის“. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, სიუჟეტში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის ამ განცხადებამ კიევის ოპტიმიზმს ფაქტობრივად წერტილი დაუსვა. გარდა ამისა, სლოვენია ფაქტობრივად აღიარებს, რომ ევროკავშირში ე.წ. ტრიოს გაწევრიანება შორეული დაპირება ან საერთოდ საფუძველს მოკლებული პერსპექტივაა“.

რეალურად, სიუჟეტში მანიპულაციურად არის შერჩეული უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ირგვლივ გაკეთებული განცხადებები იმ ნარატივის განსამტკიცებლად და მცდარი შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ უკრაინასა და მთლიანად ასოცირებულ ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვთ.

მარტსა და შემდგომ თვეებშიც დებატები იმის შესახებ, მიანიჭებდნენ, თუ - არა უკრაინას კანდიდატის სტატუსს, არ შეწყვეტილა. მათ შორის ხშირად აჟღერებენ იმ არგუმენტსაც, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება (საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთად) არ იქნება სამართლიანი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ (ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი), რომლებიც დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინში არიან.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღეებიდან ევროკავშირში სრული კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ უკრაინას ყველა სახის მხარდაჭერა უნდა გაეწიოს, მსგავსი სახის კონსენსუსი ნამდვილად არ არსებობდა მისი კავშირში დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით რომ უთანხმოება არსებობდა, გამოჩნდა 10-11 მარტს პარიზში, ვერსალის სასახლეში გამართულ ევროკავშირის სამიტზეც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, მაშინვე განაცხადეს, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების პროცედურა არ განიხილებოდა, რადგან ეს პროცესი ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ბუნებრივია ქვეყნების დაჩქარებული წესით მიღების პროცედურისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არ ნიშნავს იმას, რომ ასოცირებული ტრიოს მიერ გაკეთებულ განაცხადებზე ქვეყნები დადებით პასუხს არ მიიღებდნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე სამიტის შემდგომ გაკეთებულ საერთო განცხადებაში მთავრობათა მეთაურებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას და აღნიშნეს ისიც, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გამხდარიყო. კერძოდ, განცხადებით, მთავრობათა მეთაურებმა დაგმეს რუსეთის „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ ქმედებები უკრაინაში. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მისი წარმომადგენლები უკრაინისთვის კოორდინირებულ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარული მხარდაჭერას განაგრძობდნენ. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირის საბჭომ ასოცირების ხელშეკრულებით აღიარა უკრაინელი ხალხის ევროპული მისწრაფება და მისი ევროპული არჩევანი. ამასთან, „საბჭომ დაუყოვნებლივ სთხოვა ევროკომისიას, მოამზადოს თავისი დასკვნა ამ განაცხადის შესახებ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის თანახმად“. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ამ დასკვნის მომზადებამდე, წევრი სახელმწიფოები უკრაინასთან კავშირებს გააძლიერებდნენ და პარტნიორობას გააღრმავებდნენ, რათა უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გამხდარიყო. განცხადებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ საბჭომ ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ გაკეთებული წევრობის განაცხადების შესახებაც შესაბამისი დასკვნების შემუშავების თხოვნით მიმართა.

ზოგადად არც ისაა უცხო, რომ ევროკავშირის გაფართოება გარკვეულ პრობლემებთან და დროში გაწელილ პროცესთან არის დაკავშირებული, რაც გამოწვეულია პოლიტიკური და ბიუროკრატიული კრიტერიუმებით (რამდენად შესაბამისობაშია ესა თუ ის ქვეყანა კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან). თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გაცნობიერებული აქვთ თუ რა დატვირთვა აქვს დღეს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნები არსებობდა, გადაჭრით იმის თქმა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო და ზოგადად, ევროკავშირი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია, გაზვიადება და საზოგადოებაში მცდარი განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების პოლიტიკურ მნიშვნელობას ხაზს უსვამენ ევროპელი პოლიტიკოსები და მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტიც, ურსულა ფონ დერ ლაიენიც. აღსანიშნავია, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის გაკეთების შემდეგ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ევროკომისიის პრეზიდენტისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან. მან არაერთგზის განაცხადა, რომ უკრაინა ეჭვგარეშედ ევროპული ოჯახის წევრია- „უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენს გვსურს ის ევროკავშირში“. ის უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკვე ორჯერ ეწვია კიევს, მათ შორის ბოლოს 11 ივნისს. მან პრეზიდენტ ზელენსკისთან აღნიშნა, რომ უკრაინამ წინ წაიწია და ბევრი რამ გააკეთა კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხში, თუმცა კიდევ ბევრი რეფორმის დანერგვაა საჭირო. ლაიენმა ყურადღება გაამახვილა ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციაზეც და განაცხადა, რომ ევროკავშირი შეიტანს თავის წვლილს ამ საქმეში და უკრაინას მხარს დაუჭერს ევროპულ გზაზე სიარულში.

ევროკავშირში ახალი წევრების მიღება კავშირისთვის რომ დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ამას აღიარებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც, თუმცა ამბობს იმასაც, რომ დღეს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აუცილებელია. როგორც მან CNBC-ს განუცხადა, „გაფართოების პროცესი ყოველთვის რთულია - არიან განსხვავებული ქვეყნები, განსხვავებული გზებით, განსხვავებული გადადგმული ნაბიჯებით, განსხვავებული წესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. მაგრამ ეს არის მომენტი, როდესაც ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი უნდა გავაჟღეროთ: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“. მიუხედავად ამ პროცესთან დაკავშირებული სირთულეებისა, ევროპარლამენტმა ღია და აშკარა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ „არ არსებობს გაურკვევლობა ევროპარლამენტის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ის დადებითად აფასებს უკრაინის შემდგომ ნაბიჯს, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი“. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სწრაფად უნდა უპასუხოს ევროკავშირის განაცხადს და თანხმობა განაცხადოს „კარის გახსნაზე“, რათა გააქარწყლოს ეჭვი ბლოკის მოქმედების შესაძლებლობების შესახებ. აქვე, ცნობისათვის, უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც საქართველომ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, ევროპარლამენტმა პირველ მარტს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, მსგავსი რეზოლუცია მიიღეს მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებითაც.

როგორც გამოცემა Politico 13 ივნისს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. Politico-ს წყაროების თანახმად, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში კარგად აცნობიერებენ „უკრაინელების მიერ გაღებულ მსხვერპლს“ და რუსეთისთვის „ძლიერი სიგნალის“ გაგზავნის აუცილებლობას. უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერები ამბობენ იმასაც, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი დემორალიზებას გაუწევს უკრაინას, იმის ფონზე, რომ რუსული ძალები ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებენ და მთლიანი აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის დაპყრობაზე აცხადებენ პრეტენზიას. ამდენად, ცხადია, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს ნამდვილად გაცნობიერებული აქვთ, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რამდენად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სიუჟეტში გაჟღერებულ ნარატივს, რომ ევროკავშირის დიდი წევრი ქვეყნები, იტალიის გარდა, უკრაინისთვის(მოლდოვისა და საქართველოსთვის) კანდიდატი სტატუსის მინიჭებას არ ემხრობიან, სიმართლეს არ შეესაბამება. თან აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ არა იმიტომ, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ უჭერდნენ მხარს, არამედ ისინი აქცენტს ამა თუ იმ სახელმწიფოს ევროკავშირის ოფიციალურ წევრობამდე გასავლელ ხანგრძლივ და პროცედურულად რთულ გზაზე აკეთებდნენ. ამდენად, სიუჟეტში ლიდერების კომენტარები შერჩევითი სახით არის მოყვანილი, რომლის მიზანიც ევროკავშირში ერთიანობის არარსებობის წარმოჩენა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი სკეპტიციზმის გაჩენაა. ამ პროცესში ერთ-ერთ სკეპტიკურად განწყობილ სახელმწიფოდ საფრანგეთს მიიჩნევდნენ. თუმცა, სწორედ „სკეპტიკური საფრანგეთის“ პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტის დროს, ხმამაღლა გააჟღერა რომ ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვას მკაფიო სიგნალს გაუგზავნიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, ევროპულ საქმეებში საფრანგეთის მინისტრის კლემენტ ბონის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინელების მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ უნდა მივცეთ დადებითი სიგნალი, რაც შეიძლება სწრაფად. ამის შემდეგ დაიწყება გაწევრიანების პროცესი, რასაც გულწრფელად ვამბობ, რომ დრო დაჭირდება. პირველ რიგში, ეს არის ომში მყოფი ქვეყანა, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ომის შეჩერება, უკრაინის რეკონსტრუქცია და შემდგომ ევროკავშირში ინტეგრაცია"- განაცხადა ბონმა. ხაზი უნდა გაესვას ამ პროცესში საფრანგეთის პოზიციას, რომელიც არა მხოლოდ დიდი ქვეყანა, არამედ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაცაა.

ასევე, მეორე დიდი ქვეყანა, რომელსაც უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწინააღმდეგედ მოიაზრებდნენ, არის გერმანია. რეალურად კი, გერმანია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერდა სამივე ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას. 2022 წლის 28 აპრილს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“, რომლითაც ევროპულ გზაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე გერმანიის თავისუფალ დემოკრატთა პარტიაში აღნიშნავდნენ, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსის დატვირთვა ექნებოდა, რადგან სხვა შემთხვევაში, უარყოფითი გადაწყვეტილება პუტინისთვის იქნებოდა, რომ ის წარმატებას მიაღწევდა თავისი დესტრუქციული პოლიტიკით, რომლის მიზანიც უკრაინის ევროპისგან დაშორებაა. გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიებიც მოუწოდებდნენ, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარი დაეჭირა. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მომხრე იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ანალენა ბაერბოკი. მინისტრმა მაისში უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ „უკრაინა არის ევროპის განუყოფელი ნაწილი, ვისურვებდი, რომ ჩვენ ვიპოვოთ ძლიერი და დამაჯერებელი პასუხი თქვენი გაწევრიანების სურვილზე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იქნება მოკლე გზა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე“. მანვე უკრაინას იმედი მისცა, რომ სულ მცირე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თაობაზე, დადებით პასუხს მიიღებდა - „როდესაც კანდიდატის სტატუსზე ვსაუბრობთ, დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის პრეზიდენტი იპოვის კარგ გზას, იმისათვის, რომ გზა გავუხსნათ ევროკავშირის შიდა გაღრმავებას“, ეს ცხადყოფს, რომ „უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირს“.

როდესაც ევროკავშირის წევრ დიდ სახელმწიფოებზეა საუბარი, მათ შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს პოლონეთიც, რომელიც ბალტიის (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) სახელმწიფოებთან ერთად უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდგომ, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს აქტიურად ლობირებს. სწორედ ამ მიზნით, არაერთ მხარდამჭერ განცხადებასთან ერთად, ივნისის დასაწყისში პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ევროკავშირის ტურიც წამოიწყო. რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ, სლოვენიის პრემიერ-მინისტრს, უნდა აღინიშნოს, რომ ის მარტის პირველივე დღეებიდან არათუ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე იყო, არამედ მისი ევროკავშირში დაჩქარებით გაწევრიანებასაც უჭერდა მხარს (მომხრე იყო სლოვენიის პრეზიდენტიც).

15 ივნისს, კიევში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანულ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, იტალიის პრემიერმა მარიო დრაგმა და რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად განაცხადეს, რომ ისინი უკრაინისა და მოლდოვისთვის დაუყოვნებლივ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერდნენ.

ამდენად, ევროპელი ლიდერების განცხადებების გაშუქება იმ ჭრილში, რომ ევროპამ უკრაინას ცრუ დაპირებები მისცა და მისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას არ აპირებს, არასწორია და მანიპულაციურია, რაც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაღვივებას ემსახურება.

აღნიშნული მოგვიანებით დადასტურდა, როგორც 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციით, რომლითაც კომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4150 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი