იტვირთება

ნაწილი II: ფინანსთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს მთავრობამ ოფიციალურ facebook-გვერდზე, ჰეშთეგით „#შეადარე“, საკუთარი მიღწევების წარმოსაჩენად ვიდეორგოლი გაავრცელა. შედეგები ცალკეული სამინისტროების ქოლგის ქვეშ არის მიმოხილული და მიმდინარე მონაცემები 2012 წლის მაჩვენებლებთან არის შედარებული. „ფაქტ-მეტრმა“ ვიდეოფაილში მოყვანილი მტკიცებების რეალობასთან შესაბამისობა გადაამოწმა. მასალის მოცულობიდან გამომდინარე, გადამოწმებულ ინფორმაციას მკითხველს სტატიების სერიის სახით ვთავაზობთ.

ლოგიკურია, ათწლიან პერიოდში გარკვეული გაუმჯობესება დაფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დინამიკის მხედველობაში მიღებაც. როგორც ანალიზიდან ირკვევა, ვიდეორგოლში მოყვანილი მტკიცებების ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ხშირ შემთხვევაში წარმატება გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი ან/და მოყვანილია მანიპულაციური შედარებები.

ფინანსთა სამინისტრო

მტკიცება: ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წელს იყო 27 227 მლნ ლარი, 2021 წელს არის 60 232 მლნ ლარი

ვერდიქტი: მანიპულირება

ანალიზი: ეკონომიკის განვითარების დინამიკის ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც კონკრეტულ პერიოდში, ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას ასახავს. თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება ინფლაციასაც მოიცავს, რადგან როგორც წესი, იზრდება როგორც წარმოებული საქონლის და მომსახურების რაოდენობა/მოცულობა, ასევე მათი ფასებიც. აღნიშნულ მაჩვენებელს, ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს უწოდებენ. იმისთვის რომ მთლიანმა შიდა პროდუქტმა ეკონომიკის რეალური ზრდა, ანუ საქონლის და მომსახურების ზრდის რეალური მოცულობა ასახოს, ხდება ფასების დაფიქსირება რომელიმე კონკრეტულ წელს და სხვა წლებისთვის, წარმოებული საქონელი/მომსახურების ამ ფასებში გამოთვლა, რაც ინფლაციის გავლენას გამორიცხავს.

2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2.2-ჯერ გაიზარდა. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი, რომელიც ინფლაციის გათვალისწინებით, ეკონომიკის რეალურ ზრდას ასახავს, 1.36-ჯერ გაიზარდა და არა ორჯერ. 2019 წელს, პრეპანდემიურ პერიოდში, 2012 წელთან შედარებით მშპ 32.3%-ით იყო გაზრდილი.

მოცემულ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის დინამიკის აღსაწერად, არასწორი მაჩვენებელია გამოყენებული, შესაბამისად, წარმოდგენილი ინფორმაცია მანიპულაციურია. უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ცხრილი 1: ნომინალური და რეალური მშპ-ს დინამიკა 2012-2021 წლებში, მლრდ ლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მტკიცება: პენსია 2012 წელს იყო 110-125 ლარი, 2022 წლამდე გახდა 240-275 ლარი

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ანალიზი: 2012 წელს, ასაკობრივი პენსია 110-125 ლარს შეადგენდა, ასაკის მიხედვით დიფერენცირებით. 2021 წელს, ასაკობრივმა პენსიამ 240-275 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ნომინალური პენსიის ზრდამ დაახლოებით 120% შეადგინა. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პენსიების დინამიკის განხილვას სამომხმარებლო ინფლაციასთან ერთად, რადგან ინფლაციის შედეგად მცირდება შემოსავლის მსყიდველუნარიანობა, ანუ მოსახლეობას ნაკლები საქონლის და მომსახურების შეძენა შეუძლიათ, რაც მათ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება. 2021 წელს ინფლაციის პრობლემა მოსახლეობისთვის კრიტიკული იყო, განსაკუთრებით კი პანდემიურ კონტექსტში, რომელიც თავისთავად, ეკონომიკური შეზღუდვებით გამოირჩეოდა. პენსიონერებისთვის სიტუაციას ართულებდა ფაქტი, რომ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდა საშუალო ინფლაციას კიდევ უფრო აღემატებოდა.

2012-2021 წლებში, იქიდან გამომდინარე რომ ასაკობრივი ნომინალური პენსია ყოველ წელს არ იზრდებოდა, რიგ წლებში, რეალური პენსია მცირდებოდა, რად პენსიონერებისთვის მსყიდველუნარიანობის კლებაში გამოიხატებოდა. საბოლოო ჯამში, 2021 წლის მდგომარეობით, 2012 წელთან შედარებით, რეალური პენსია დაახლოებით 52%-ით არის გაზრდილი, რაც ნომინალურ ზრდას 2.3-ჯერ ჩამოუვარდებოდა. აღსანიშნავია რომ მაღალი ინფლაციის გამო 2021 წელს, ნომინალური პენსიის 20 ლარით ზრდის მიუხედავად, 2020 წელთან შედარებით, რეალური პენსია მცირედით, 0.4%-ით შემცირდა.

ცხრილი 2: ნომინალური და რეალური (2021=100, საშუალო წლიური ინფლაციით) ასაკობრივი პენსიის დინამიკა 2012-2021 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური, ავტორის გამოთვლები

მტკიცება: საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 713 ლარი, 2021 წელს 1357 ლარი

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ანალიზი: 2021 წელს, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასმა 1357 ლარი შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით, 90.5%-ით ზრდას წარმოადგენდა. თუმცა, ხელფასების შემთხვევაშიც, როგორც პენსიის დინამიკის შემთხვევაში, რელევანტურია რეალური ხელფასის დინამიკის განხილვაც, რომელიც ინფლაციის გავლენას გამორიცხავს.

2012-2021 წლებში, რეალური საშუალო თვიური ხელფასი, ისევე როგორც ნომინალური მაჩვენებელი, ყოველწლიურად იზრდებოდა. თუმცა, ბუნებრივია, ნომინალურთან შედარებით ბევრად მცირე ტემპებით. საბოლოო ჯამში, 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, რეალური საშუალო ხელფასი 33%-ით გაიზარდა, რაც ნომინალურ ზრდას დაახლოებით სამჯერ ჩამოუვარდება.

ცხრილი 3: ნომინალური და რეალური (2021=100, საშუალო წლიური ინფლაციით) საშუალო თვიური ხელფასის დინამიკა 2012-2021 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური, ავტორის გამოთვლები

მტკიცება: საგადასახადო შემოსავლები 2012 წელს იყო 6.6 მლრდ ლარი, 2022 წლამდე 13.3 მლრდ ლარი -

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ანალიზი: საგადასახადო შემოსავლები, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ასევე მოიცავს გრანტებს და სხვა შემოსავლებს. მეორეს მხრივ, შემოსავლები შემოსულობების ნაწილია, რაც შემოსავლების გარდა არაფინანსური აქტივების კლებას, ფინანსური აქტივების კლებას და ვალდებულებების ზრდას მოიცავს. შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლების განხილვა არ მოიცავს ბიუჯეტის ზრდის ნაწილს, რომელიც ვალის, გრანტების, პრივატიზაციის და სხვა მუხლების ზრდის შედეგად დგება.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ნაერთი ბიუჯეტის [1] საგადასახადო შემოსავლებს შეესაბამება. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2021 წელს 13.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით 100.5%-ით ზრდას წარმოადგენს. იმ პირობებში, რომ განსახილველ პერიოდში გადასახადები არსებითად არ გაზრდილა, ხოლო აქციზის ზრდა მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის შემოღებით წარმოშობილი დანაკლისის აღმოფხვრით იყო განპირობებული, საგადასახადო შემოსავლების ზრდა ეკონომიკურ აქტივობასთან არის დაკავშირებული. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავის მხრივ, საგადასახადო შემოსავლები ეკონომიკის ნომინალურ (რაც ნაწილობრივ რეალურ ზრდასაც მოიცავს) ზრდას მიემართება. ამ თვალსაზრისით, ფასების ზრდას საბიუჯეტო შემოსავლებზე ორმაგი ეფექტი აქვს. ერთი მხრივ, ბიუჯეტის ნომინალური საგადასახადო შემოსავალი იზრდება და მეორე მხრივ, ბიუჯეტის რეალური მსყიდველუნარიანობა მცირდება, წმინდა ზრდა კი მხოლოდ მაშინ ფიქსირდება როცა შემოსავლების ზრდა ხარჯების ინფლაციურ ზრდაზე მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, ზრდის მაჩვენებელი გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი და ფასების დონის ზრდის გავლენაზე მითითების გარეშე არასწორ სურათს ქმნის.

ცხრილი 4: ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები და საგადასახადო შემოსავლები 2012-2021 წლებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო

მტკიცება: 2012 წლამდე აშენდა 3 საზოგადოებრივი ცენტრი, 2022 წლამდე - 88 საზოგადოებრივი ცენტრი

ვერდიქტი: მანიპულაცია

ანალიზი: საზოგადოებრივი ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცეა, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვადასხვა სერვისების მიღება, უფასო ინტერნეტით და კომპიუტერებით, საკონფერენციო დარბაზით და ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად სულ 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მათგან 3 ცენტრი - 2012 წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს აშენდა, ხოლო დანარჩენი - 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების მმართველობის პირობებში.

საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-ს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ პროექტი, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“, რომლის პირველ ეტაპზეც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია შეიმუშავა, 2011 წლიდან ხორციელდება. მისი ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, 2012 წლამდე, მხოლოდ 3 საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოესწრო, გასაკვირი არ უნდა იყოს.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გარეშე, მშრალი რიცხვების შედარება, ერთგვარი მანიპულაციაა, რომელიც მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის არასწორი წარმოდგენების შექმნას ემსახურება.

მტკიცება: 2012 წლამდე აშენდა 12 იუსტიციის სახლი, 2022 წლამდე - 27 იუსტიციის სახლი

ვერდიქტი: მანიპულაცია

ანალიზი: იუსტიციის სახლების გახსნა საქართველოში ჯერ კიდე წინა ხელისუფლების დროს, 2011 წლიდან დაიწყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბრენდის, „იუსტიციის სახლის“ შექმნით ერთ სივრცეში გაერთიანდა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ეროვნული არქივი, აღსრულების ეროვნული ბიურო, ნოტარიუსთა პალატა, მონაცემთა გაცვლის სააგენტო. ინოვაციური პროექტის მიზანი სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამარტივება და მომხმარებლებისთვის კომფორტული მიწოდება იყო.

წინა ხელისუფლების დროს, 2011-2012 წლებში საქართველოში სულ 12 იუსტიციის სახლი აშენდა, მათ შორის, ყველაზე მასშტაბური, თბილისის იუსტიციის სახლი. 2012 წლიდან დღემდე კი - 15. დღეისთვის ქვეყანაში 27 იუსტიციის სახლი მოქმედებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ მოყვანილი რიცხვები ფაქტობრივად სწორია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იუსტიციის სახლების გახსნა საქართველოში 2011 წელს დაიწყო და წინა ხელისუფლების მმართველობის დასრულებამდე, 2 წლის განმავლობაში 12 ფილიალი გაიხსნა, მთავრობის მიერ მოყვანილი ცარიელი რიცხვების შედარება მანიპულაციურია.

მტკიცება: 2012 წელს ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობა 24,114 იყო. 2022 წლის მდგომარეობით, ანალოგიური მაჩვენებელი 9,481-ია

ვერდიქტი: სიმართლე

ანალიზი: მოცემული განცხადების გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ ქვემოთ გთავაზობთ პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ, ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშის მოკლე მიმოხილვას. ამასთან, სტატიის მიზნებისთვის, „ფაქტ-მეტრმა“ ერთმანეთს თავისუფლება აღკვეთილი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადარა.

2022 წლის 6 იანვარს პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ, ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პენიტენციურ სისტემებში არსებულ მდგომარეობას ეხება. ანგარიშის მიზანია, შეისწავლოს პატიმართა მიმართ არსებული დამოკიდებულება, საპატიმრო სასჯელის გამოყენების თავისებურებები, საპატიმრო დაწესებულებებში აღებული მდგომარეობა და აღნიშნულის საფუძველზე ზოგადი ტენდენციები გამოკვეთოს. ანგარიშში დამუშავებულია პენიტენციური სისტემის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის: პატიმრების რაოდენობა, თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელი, ციხეების გადატვირთულობა, ქალთა და არასრულწლოვანთა წილი ციხეებში, დანაშაულის ტიპები, ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაწეულ ხარჯები და ა.შ. 8 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში მონაცემები 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობითაა დამუშავებული.

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სულ 9,232 პატიმარი იმყოფება, ანუ ყოველ 100,000 მოსახლეზე 232 პატიმარი მოდის. საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის საბჭოს 47 ქვეყანას შორის, მე-3 ადგილზეა და მხოლოდ რუსეთსა და თურქეთს ჩამორჩება. ამასთან, საქართველოს მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე (116.1) 2-ჯერ მაღალია.

ცხრილი 5: ევროპის საბჭოს 100,000 მოსახლეზე პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ათეული

წყარო: პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიში.

საყურადღებოა ისიც, რომ მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, 2010-2021 წლებში, საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე მკვეთრად შემცირდა და შემცირების კუთხით საქართველო მხოლოდ მონაკოს ჩამორჩება. 2010 წელს საქართველოში 100,000 მოსახლეზე 534 პატიმარი იყო. 2021 წელს 2010 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 56.56 %-ით არის შემცირებული. ხოლო თუ 2021 წელს 2012 წელთან შევადარებთ, მაშინ პატიმართა რაოდენობის შემცირების მაჩვენებელი 55.13 % იქნება. რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს 2013-2014 წლებში ჰქონდა, რაც 2012-2013 წლებში განხორციელებული მასშტაბური ამნისტიით შეიძლება აიხსნას.

ცხრილი 6: 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის საქართველოს მაჩვენებელი 2010-2021 წლებში.

წყარო: პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიში; საქსტატი.

რაც შეეხება დანაშაულების სტატისტიკას, საქართველოში გასამართლების უდიდესი წილი - 26 % ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულზე მოდის, შემდეგია - ნარკოდანაშაული (23.5%), ქურდობა (21.1%), თავდასხმა და სხვა ძალადობრივი დანაშაულები (15.9%), მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა (14.1%), ყაჩაღობა (11.7%), გაუპატიურება (1.6%), სხვაგვარი სექსუალური ძალადობა (2.3%), სატრანსპორტო დანაშაული (2.1%).

აქვე, აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს სივრცეში დაპატიმრების ძირითად მიზეზებს შორის ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია და ყველა წევრი სახელმწიფოს ციხის პოპულაციის 18.1%-ს შეადგენს. შემდეგი, ყველაზე გავრცელებული საფუძველი ქურდობა (15%) და მკვლელობაა (13.9%).

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლის მდგომარეობით, 2012 წელთან შედარებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. შესაბამისად, მთავრობის განცხადება არის სიმართლე

[1] საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი – საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4150 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი