სოციალური ქსელების აზერბაიჯანულენოვან სეგმენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, 8 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის შენოობიდან გასვლის დროს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს დაუსვა შეკითხვა: „თქვენ თავს თურქად თვლით?“.
ფაშინიანს აღნიშნულ შეკითხვაზე არ უპასუხია და მან სიტყვა „კი“ მხოლოდ ჟურნალისტებისგან გარიდების შემდეგ და მანქანაში ჩაჯდომამდე თქვა. სინამდვილეში, მისი თანხმობა არ მიემართებოდა ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, ის თავს თურქად მიიჩნევდა, თუ - არა.
მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანულენოვანმა მედიებმა ინფორმაცია დამახინჯებულად გაავრცელეს და ვიდეოს სათაურში აღნიშნეს, თითქოს „ფაშინიანმა „აღიარა“, რომ ის თურქია“ (“Paşinyan türk olduğunu etiraf etdi"). ფაშინიანის სიტყვების ამგვარი დამახინჯება Facebook-მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ფაშინიანმა აღნიშნულ კითხვაზე დათანხმებით აღიარა, რომ თურქია. რეალურად, ფაშინიანს არასდროს განუცხადებია, რომ თავს თურქად მიიჩნევს და მსგავსი მანიპულაციები და ყალბი ამბები სომხეთის მოსახლეობის თვალში მის დისკრედიტაციას ემსახურება.
ამასთან, გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ ფაშინიანის „აღიარების“ შემდეგ სომხეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაწყებული, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად ვიდეოში გამოყენებული კადრები, სხვადასხვა დროს გამართული აქციებიდანაა აღებული, ხოლო სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები სხვა საკითხებს უკავშირდება.
ასევე, ფაშინიანის დამახინჯებული ციტატა საქართველოში ერთ-ერთ ადგილობრივ აზერბაიჯანულენოვან გვერდზეც გავრცელდა.
----------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.