ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება
რეზიუმე: საქართველოს მიერ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები, როგორიცაა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე ხელის მოწერა, ვიზალიბერალიზაცია და ნატოსთან თანამშრომლობა, მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის დამსახურებას არ წარმოადგენს. ეს არის 30-წლიანი უწყვეტი პროცესისა და საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების ქმედებების ერთობლივი შედეგი. დასავლურ და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციის პროცესში როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე საქართველოს წინა ხელისუფლებებმა („მოქალაქეთა კავშირი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგეს. შესაბამისად, მიღწეული წარმატებები ყველა მთავრობის და პირველ რიგში - საქართველოს მოსახლეობის, დამსახურებაა.
ანალიზი:
2022 წლის 20 ივნისს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ „სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას - ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი, მეგობრებო, უკავშირდება „ქართულ ოცნების“ მმართველობას“.
საქართველოს დასავლურ სამყაროსთან დაახლოებაზე საუბრისას, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები 30- წლიანი პროცესის, სხვადასხვა მთავრობების მიერ უწყვეტი მუშაობისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ მრავალჯერ გამოხატული ნების შედეგია. შესაბამისად, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები კონკრეტულ პარტიებს არ უკავშირდება და იგი ვიწროპარტიულ ინტერესებსა თუ მიღწევებზე მაღლა დგას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ განცხადებები მმართველი პარტიის სახელმწიფოსთან გაიგივებისა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების დასაკუთრების შთაბეჭდილებას ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირთან ასოცირების პროცესის დაწყება, უვიზო მიმოსვლის შემოღება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავება და ა.შ. ცალკე აღებული არცერთი მმართველი ძალის („მოქალაქეთა კავშირი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“) დამსახურება არაა. ამავეს მოწმობს დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოების გრძელვადიანი პროცესი, რომელიც მმართველი პარტიების ცვლილების მიუხედავად, არ შეწყვეტილა. აქვე, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს წარსულშიც გაუკეთებიათ. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2 .
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებები, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი განსახილველ განცხადებაში იწონებს თავს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი - მთავრობების ცვლილების მიუხედავად, გრძელდებოდა. მაგალითად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმებაზე“, (AA) რომლის ნაწილიცაა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც“ (DCFTA), მოლაპარაკებები 2010 წლის 15 ივლისს დაიწყო და ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო და 2017 წლის 28 მარტს დასრულდა.
ზემოხსენებული მაგალითები აჩვენებს, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, მთავრობების ცვლილებების მიუხედავად, გრძელდებოდა, ხოლო მიღწეული შედეგები ყველა ამ ხელისუფლების მუშაობის შედეგია. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება. იგი ევროკავშირთან დაახლოებაში მიღწეული წარმატების მისაკუთრებას და აღნიშნულის მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებად წარმოჩენას ცდილობს.