იტვირთება

რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარეშე დარჩა და თანხები, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებს უნდა მოხმარებოდა, გაყინული იყო. აღნიშნულის მიზეზად მუნიციპალიტეტის მიერ სამინისტროში დაგვიანებით გადაგზავნილი დოკუმენტაცია სახელდებოდა.

„ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, გაერკვია, რა პროცედურული წესი დაარღვია წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა და ამის გასარკვევად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცედურებს და დაფინანსების წესს გაეცნო.

საქართველოს მთავრობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2009 წელს დაამტკიცა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მართული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ქვეპროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მთავრობა სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით, თითოეული სოფელი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იღებს დაფინანსებას - 10 000-დან 20 000 ლარის ოდენობით.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის და დაფინანსების კრიტერიუმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2018 წლის ბოლოს განისაზღვრა.

დადგენილების მიხედვით, თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შემდეგი პრინციპით დგინდება:

• დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა 200 მაცხოვრებელს არ აღემატება, 10,000 ლარი გამოეყოფა;

• დასახლებას, სადაც მაცხოვრებელთა რაოდენობა 201-დან 400 მაცხოვრებლამდე შეადგენს, 12,000 ლარი გამოეყოფა;

• დასახლებას, სადაც მაცხოვრებელთა რაოდენობა 401-დან 1,000 მაცხოვრებლამდეა, 16 000 ლარი გამოეყოფა;

• დასახლებას, სადაც მაცხოვრებელთა რაოდენობა 1,000 აღემატება, 20,000 ლარი გამოეყოფა.

ამ პრინციპის შესაბამისად ხორციელდება მუნიციპალიტეტისთვის მთლიანად გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებაც.

რაც შეეხება პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევას, ამავე დადგენილების მიხედვით, თუ დასახლებაში 500 ამომრჩეველი ცხოვრობს, პროექტის შერჩევა საერთო კრებაზე ხდება, რომლის ჩატარებას მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს. თუ დასახლებაში 501-1,000 ამომრჩეველი არის რეგისტრირებული, პროექტი ამომრჩეველთა კონსულტაციის გზით შეირჩევა, რაშიც მონაწილეობა არანაკლებ 100-მა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს. 100-ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევაში, პროექტები ასევე ამომრჩეველთა კონსულტაციის საფუძველზე შეირჩევა, ოღონდ ამ ჯერზე, 200 ამომრჩევლის მონაწილეობით.

საშუალოდ, ქვეყნის მასშტაბით, ყოველ წელს 5,000 პროექტი ფინანსდება, ძირითადად: სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, გზების, სკოლების, ამბულატორიების, სპორტული მოედნების და სხვა, მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტების ნაწილი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რადგან ზოგჯერ გამოყოფილი თანხა პროექტის განსახორციელებლად საკმარისი არ არის. მუნიციპალიტეტს პროექტისთვის გამოყოფილი თანხის 100%-ის დამატება შეუძლია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში მისი ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იყო, 2012-2016 წლებში თანხა 50 მილიონამდე გაიზარდა. ორი წლის განმავლობაში პროგრამა შეწყვეტილი იყო, 2019 წელს პროგრამა შეცვლილი პირობებით კვლავ განახლდა. თუ 2017 წლამდე თითოეულ პროექტზე ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო და გამარტივებული შესყიდვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გამოიყენებოდა, 2019 წლიდან ყველა პროექტი გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, თუ რატომ შეფერხდა წალენჯიხაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხის ათვისება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას მიმდინარე წლის 1 მაისამდე სრულად ვერ აითვისებს, ასეთ შემთხვევაში დარჩენილი აუთვისებელი თანხის ნახევარი სხვა მუნიციპალიტეტზე ნაწილდება, ხოლო მეორე ნახევრის იმავე მუნიციპალიტეტისთვის დატოვების გადაწყვეტილებას კომისია იღებს (განაწილების წესი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილებით განისაზღვრება).

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წალენჯიხას მიმდინარე წელს 644,000 ლარი გამოეყო. წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავას მიმდინარე წლის 9 მარტის ბრძანების მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სხვადასხვა დასახლებაში საერთო კრების მოწვევის და მოსახლეობასთან შეხვედრის გეგმა-გრაფიკი იყო განსაზღვრული, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის 49-ვე სოფელში შეხვედრები 24 მარტიდან 4 აპრილის ფარგლებში იყო გაწერილი. შესაბამისად, 1 მაისისთვის პროექტების შერჩევა დასრულებული იქნებოდა, თუმცა შერჩეულ პროექტებზე გამარტივებული შესყიდვის განხორციელება აღნიშნულ ვადამდე გაძნელდებოდა. შესაძლოა, სწორედ აღნიშნული გახდა იმის მიზეზი, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს შესაბამისი დოკუმენტაცია დროულად ვერ გადაუგზავნა.

5 მაისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამართული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა სწორედ აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს გელა სალიას მოუსმინეს. იმ დროისთვის წალენჯიხის მერიაში საკითხზე დისციპლინური მოკვლევა მიმდინარეობდა. მოგვიანებით, სწორედ აღნიშნულის გამო წალენჯიხის ვიცე-მერმა ლაშა ზარქუამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თანამდებობიდან გადადგა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გარეშე დარჩენის ალბათობის საკითხი საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია „რუსთავი 2-თან“ თემის კომენტირებისას აცხადებდა, რომ მთავრობაში მიმდინარეობდა გზების მოძიება იმისთვის, რომ აღნიშნულის გამო მუნიციპალიტეტის სოფლები არ დაზარალებულიყვნენ და გამოყოფილი თანხები ისევ მათ საჭიროებებს მოხმარებოდა.

საბოლოოდ, სხვადასხვა სტრუქტურების შეჯერებული პოზიციით გადაწყდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილ თანხას მიიღებს.

ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ცენტრალურმა და მუნიციპალურმა ხელისუფლებამ, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, სწორი კომუნიკაციით და კოორდინაციით, ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული გაუგებრობის აღმოფხვრა მოახერხა. საბოლოო ჯამში, წალენჯიხა - ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მერი ჰყავს, ისედაც მწირი ფინანსური რესურსის გარეშე არ დარჩა.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4150 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი