გივი მიქანაძე: ქართული პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს. [კანონისა და წესრიგის ინდექსის] მიხედვით, 2021 წელს საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გივი მიქანაძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: გივი მიქანაძის მიერ დასახელებული რეიტინგი საქართველოს 2020 წლის მდგომარეობით აფასებს და იგი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის შესაფასებლად არ გამოდგება. ამასთან, გივი მიქანაძე განცხადებაში ყურადღებას პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე აკეთებს, თუმცა გასულ წელს მომხდარ მასობრივი ძალადობის ფაქტებს კონტექსტს მიღმა ტოვებს. როგორც უკვე ვახსენეთ, 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევას და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო რეაგირების მაგალითს წარმოადგენს.

ანალიზი:

2022 წლის 17 მარტს პარლამენტმა მინისტრის საათის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინა. სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ უსაფრთხოების და წესრიგის კუთხით საქართველოს მიერ წინა წელს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს. ამერიკული ორგანიზაცია „GALLUP“ ინდექსის მიხედვით, 2021 წლის დასასრულს, დეკემბერში, საქართველო, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან - გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

როგორც „კანონისა და წესრიგის ინდექსის“, ასევე „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მოქალაქეთა უსაფრთხოების და არაძალადობრივი გარემოს არსებობის კუთხით, ძირითადად მოწინავე პოზიციებს იკავებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რიგ საკითხებში წინა წლებთან შედარებით როგორც შეფასების, ისე რეიტინგში პოზიციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა. ამ მხრივ, ყველაზე საყურადღებო „კანონის უზენაესობის ინდექსის“ პრობლემების ძალადობით მოგვარებისგან თავის შეკავების ქვეინდიკატორია, რომლის მიხედვითაც 2021 წელს - 2015 წელთან შედარებით, შეფასება 0.06 ქულით, ხოლო პოზიცია 37 საფეხურით გაგვიუარესდა.

რეიტინგებთან ერთად, 2021 წლის საქართველოში უსაფრთხოების საკითხების შეფასებისას მნიშვნელოვანი ადგილი 2021 წლის 5-6 ივლის განვითარებულ მოვლენებსაც უნდა დაეთმოს, რომლებიც ამ ეტაპზე არცერთ ზემოხსენებული ინდექსის საანგარიშო პერიოდში არ მოხვედრილა. 5 ივლისს ძალადობრივმა დაჯგუფებებმა, რომელსაც ორგანიზებას პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფო“ უწევდა, 50-ზე მეტ მედიის წარმომადგენელს სცემეს და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. ამ მოვლენების ფონზე, სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს მედიის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა. ასევე, შემდგომში ჩადენილი დანაშაულის დროში ეფექტური და ჯეროვანი გამოძიება.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გივი მიქანაძის განცხადება არის მანიპულირება. მის მიერ დასახელებული რეიტინგი საქართველოს 2020 წლის მდგომარეობით აფასებს და იგი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის შესაფასებლად არ გამოდგება. ამასთან, გივი მიქანაძე განცხადებაში ყურადღებას პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე ამახვილებს, თუმცა გასულ წელს მომხდარ მასობრივ ძალადობის ფაქტებს კონტექსტს მიღმა ტოვებს. როგორც უკვე ვახსენეთ, 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევას და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო რეაგირების მაგალითს წარმოადგენს.

„კანონისა და წესრიგის ინდექსთან“ დაკავშირებით, „ფაქტ-მერმა“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებაც გადაამოწმა. შესაბამისად, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5311 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი