იტვირთება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესი 2008-დან 2012 წლამდე სრულად შეფერხებული და შეჩერებული იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: საქართველოს მიერ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები, როგორიცაა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე ხელის მოწერა, ვიზალიბერალიზაცია და ნატოსთან თანამშრომლობა, არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის დამსახურებას. საქართველოს მიერ ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის დაკვეთიაა. ეს არის 30-წლიანი უწყვეტი პროცესისა და საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების ქმედებების ერთობლივი შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები ვიწროპარტიულ ინტერესებსა თუ მიღწევებზე მაღლა დგას. კერძოდ, დასავლურ და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციის პროცესში როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე საქართველოს წინა ხელისუფლებებმა („მოქალაქეთა კავშირი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგეს. შესაბამისად, ამგვარი ზეპარტიული საკითხის მხოლოდ მმართველი ძალის მიღწევად წარმოჩენა აბსურდია. გარდა ამისა, დასავლური ინტეგრაციის პროცესი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, არც ერთ ეტაპზე არ შეჩერებულა. ეს პროცესი 2008-2012 წლებშიც აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობდა, მათ შორის იმ მიღწევებს, რომლებსაც ირაკლი კობახიძე მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიღწევებად წარმოაჩენს, საფუძველი სწორედ 2008-2012 წლებში ჩაეყარა.

ანალიზი:

2022 წლის 23 მაისს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რაც შეეხება დასავლურ ინტეგრაციას, სრულიად შეფერხებული და შეჩერებული იყო ეს პროცესი 2008-დან 2012 წლამდე და ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატო-სთან თანამშრომლობა, რაც მანამდე შეჩერებული იყო - ესეც არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები.“

“ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს დასავლურ სამყაროსთან დაახლოებაზე საუბრისას, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები 30- წლიანი პროცესის, სხვადასხვა მთავრობის უწყვეტი მუშაობისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ მრავალჯერ გამოხატული ნების შედეგია. შესაბამისად, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები არ უკავშირდება კონკრეტულ პარტიებს და იგი პარტიულ მიღწევებზე მაღლა დგას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება მმართველი პარტიის სახელმწიფოსთან გაიგივებისა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების დასაკუთრების შთაბეჭდილებას ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირთან ასოცირების პროცესის დაწყება, უვიზო მიმოსვლის შემოღება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ნატოსთან თანამშრომლობის პროცესი და ა.შ. ცალკე აღებული არც ერთი მმართველი ძალის („მოქალაქეთა კავშირი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“) დამსახურება არაა. ამავეს მოწმობს დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოების გრძელვადიანი პროცესი, რომელიც, მმართველი პარტიების ცვლილების მიუხედავად, გრძელდებოდა.

„ფაქტ-მეტრი“, წინამდებარე სტატიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიმოიხილავს დასავლური ინტეგრაციის პროცესში, ერთი მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპებს. აქვე, აღსანიშნავია, რომ მსგავის ტიპის განცხადებები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს წარსულშიც გაუკეთებიათ. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 1991-92 წლებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. კერძოდ, 1992 წლიდან საქართველომ დაიწყო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა – TACIS, რომლის მიზანი იყო ახლად დამოუკიდებელი ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესის ხელშეწყობა. 1996 წელს კი ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA), რომელიც საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად სამართლებრივ საფუძვლად იქნა მიჩნეული. საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტები სწორედ აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ შეიქმნა. გარდა ამისა, 2004 წელს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო ჩაერთო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში, რომლისთვისაც 2006 წელს შემუშავდა საქართველო–ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა.

2008 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე საქართველოს 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოეყო. გარდა ამისა, 2009 წლიდან შეიქმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი - ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგი (HRD). ამავე წელს ხელი მოეწერა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ერთობლივ დეკლარაციას, ხოლო 2010 წლის 16 თებერვალს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ოფიციალური თანამშრომლობა დაიწყო.

ამავდროულად, 2009 წელს საქართველო ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში, რომელსაც ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ინიციატივის როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში. 2010 წელს ბრიუსელში ხელი მოეწერა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” და „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ“ შეთანხმებებს. გარდა ამისა, 2012 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირის მიერ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესი 2008-დან 2012 წლამდე არ ყოფილა „სრულიად შეფერხებული და შეჩერებული“.

ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა, როცა ხელი მოეწერა “საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას. საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ 2012 წელს გაიხსნა, რომლის შემდგომ, 2013 წელს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა. 2016 წელს კი, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარედგინა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ წინადადება. აღნიშნულის საფუძველზე, 2010 წელს დაწყებული ვიზალიბერალიზაციის მოპოვების პროცესი, 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებით დაგვირგვინდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2010 წელსვე დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმებაზე“, რომლის ნაწილიცაა „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც. 2012 წელს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე. 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, რის შემდგომაც, 2014 წლის 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. 2016 წლის 23 მაისს კი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირმა დაასრულა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა, რომლის საფუძველზეც, ამავე წლის 1 ივლისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა. შესაბამისად, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე ხელმოწერა არ წარმოადგენს მხოლოდ 2012 წლის შემდგომი ხელისუფლების მიღწევას, რადგან პირველი ნაბიჯები 2010 წელს გადაიდგა. თავის მხრივ, ამ პროცესს საფუძველი 1992 წლიდან ჩაეყარა, როცა, დასავლური ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით, სხვადასხვა მიმართულებით, მნიშვნელოვანი ქმედებები განხორციელდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2008-2012 წლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და შეჩერების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება წარმოადგენს ყალბ ამბავს. ასევე, იმის მტკიცება, რომ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე ხელმოწერა და ვიზალიბერალიზაციის მიღება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა, არის ტყუილი.

ნატო-სთან თანამშრომლობა

საქართველომ ნატოსთან ურთიერთობაც 1992 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC) (1997 წლიდან ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო EAPC), სადაც პარტნიორი და წევრი ქვეყნები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს განიხილავენ. განხილვებში საქართველო დღემდე აქტიურად არის ჩართული.

აღსანიშნავია, რომ 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) ფორმატში თანამშრომლობა დაიწყო. გარდა ამისა, 2006 წელს ალიანსმა გადაწყვიტა, საქართველოსთან დაეწყო ,,ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე" (ID), რის შედეგადაც საქართველო, ფორმალურად, პარტნიორობის ფორმატიდან ალიანსის წევრობის კანდიდატობის - ასპირანტის ფორმატზე გადავიდა.

საქართველოს მიერ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების საფუძველზე, 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, რაც ნატო-ს მომდევნო სამიტებზე მრავალჯერ დადასტურდა. საქართველოს ნატოსთან დაახლოების გაძლიერებული პროცესი სწორედ ბუქარესტის სამიტიდან იწყება.

ამავე წელს ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად დაიგმო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის ფედერაციის ქმედებები და ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) დაარსების შესახებ, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშემწყობი პოლიტიკური კონსულტაციებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორუმს წარმოადგენს. ამასთანავე, NGC-ის მიზანია, განახორციელოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მონიტორინგი, წარმართოს საქართველოსა და ნატო-ს შორის პოლიტიკური დიალოგი სხვადასხვა დონეზე და იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის კოორდინაციის მექანიზმი. გამართული შეხვედრის მნიშვნელოვანი შედეგი იყო თანამშრომლობის დაწყება საქართველოსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რომელიც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) ფაზაზე მყოფი ქვეყნების და ალიანსის თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2011 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების ბერლინში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად, მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მოკავშირეებმა გამოხატეს ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავე წელს გაიმართა ალიანსის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც საქართველო ფორმალურად ასპირანტ ქვეყნად მოიხსენიეს, მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად. აღნიშნულ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია 2012 წლის 20-21 მაისს ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი, სადაც 28+4 ფორმატში, გაიმართა ალიანსთან ასპირანტი ქვეყნების შეხვედრა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა. აღნიშნული შეხვედრით ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა როგორც ასპირანტი ქვეყნების მისწრაფების, ისე საქართველოს მიერ ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების მიმართ.

ნატოსთან ურთიერთობის კონტექსტში აღსანიშნავია 2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მიღებული უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება "არსებითი პაკეტის" შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს გაწევრიანებისთვის მომზადება და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება. უელსის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-სა და საქართველოს უკვე აქვთ ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან მიიყვანს. გარდა ამისა, უელსის სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად აღიარეს და „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი მიანიჭეს, რაც ნატო-სთან თანამშრომლობის გაფართოებული შესაძლებლობების მიღებას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში, ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესი სრულად შეჩერებული და შეფერხებული იყო, მეორე მხრივ კი ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებად წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც აქვს თავისი, მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი დასავლურ და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციის პროცესში, ირაკლი კობახიძე კონტექსტს მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებებმა ამ გზაზე ასევე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგეს, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ხელისუფლების დროს მომხდარი და სტატიაში განხილული მოვლენები (მათ შორის 2008-2012 წლებში). კერძოდ, საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის მოკლე ქრონოლოგია მოწმობს, რომ მიღწევებს, რომლებსაც ირაკლი კობახიძე მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმატებად წარმოაჩენს, საფუძველი სწორედ 2008-2012 წლებში ჩაეყარა. ეს კი, თავის მხრივ, ადასტურებს ფაქტს, რომ დასავლური ინტეგრაციის პროცესი 2008-2012 წლებშიც აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობდა.

ამრიგად, ირაკლი კობახიძის განცხადება 2008-2012 წლებში საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და შეჩერების თაობაზე, ასევე, იმის მტკიცება, თითქოს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე ხელმოწერა და ვიზალიბერალიზაციის მიღება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებს წარმოადგენს, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი