იტვირთება

2022 წლის 6 ივნისს Facebook-მომხმარებელმა ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვახო სანაიას შესახებ მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, „ფსევდო ჟურნალისტი ვახო სანაია“ და „ფსევდო პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი“, რომელთაც საქართველო სძულთ, ომის შესახებ ირონიულად საუბრობენ. პოსტში ვკითხულობთ: „განსაკუთრებით მიუღებელია მათი ირონია და ცინიკური სახეები, როდესაც ამბობდნენ, ევროკავშირი გინდათ და ომი არ გინდათ? ბატონებო, ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმი ომი არ არის“. Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახო სანაია თუ აქამდე ირიბად ითხოვდნენ ომს, დღეს უკვე ღიად ამბობენ, რომ ომი უნდათ და მშვიდობით იმედგაცრუებულები არიან.

სინამდვილეში, პოსტში მოცემული მტკიცება ყალბია. ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ვახო სანაიას ფრაზა: „ევროკავშირი გინდათ და ომი არ გინდათ?“ - არ უთქვამთ. მოცემული ყალბი ციტატის პასუხად, პოსტის ავტორი წერს, რომ ევროკავშირის კრიტერიუმი ომი არ არის, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ვახო სანაიას ღიად ომი სურთ.

5 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის - „კვირის ფორმულა“ - სტუმარი ყოფილი პარლამენტარი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, იყო. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში ჭიაბერაშვილმა ქართული ოპოზიციის ამჟამინდელ მდგომარეობასა და პოზიციებზე ისაუბრა. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვაზე, თუ ვისი ბრალია ის, რომ პოლიტიკური პარტიები [ოპოზიციური] პოლიტიკის ავანგარდში არ არიან - საზოგადოების თუ თავად პოლიტიკური პარტიების, ჭიაბერაშვილი პასუხობს:

„უფრო პოლიტიკური პარტიების, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გაცილებით თამამად უნდა ილაპარაკონ და დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რაც, საბოლოო ჯამში, ავტორიტარული რეჟიმების დანგრევას სჭირდება. პირველი მთავარი არის გამართული მესიჯი. როდესაც პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ არა თავის საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ კობახიძის დაბრალებაზე პასუხის გაცემით... იმ წუთას ოპოზიციის ამომრჩეველი არ გრძნობს, რომ ძალა მოდის“.

აღნიშნულზე ვახო სანაია შემდეგ კომენტარს აკეთებს: „იმიტომ, რომ ჩაიყენეს მდგომარეობაში თავი, როცა ამტკიცებენ, რომ ომი არ უნდათ, ევროკავშირის მომხრე არიან“.

სანაიას რეპლიკას ჭიაბერაშვილი ეთანხმება და აგრძელებს: „სინამდვილეში, როცა გაბრალებენ, რომ აბა ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის, თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს, შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს“.

ვიდეო, რომელსაც Facebook-მომხმარებელი პოსტს ურთავს, მონაკვეთის არასრული ვერსიაა და მასში არაა მოცემული კონტექსტი, თუ რატომ გააკეთეს ეს განცხადება. ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ აკლია ნაწილი, რომელშიც ჭიაბერაშვილი და სანაია ოპოზიციას თავის მართლების პოზიციაში ყოფნის გამო აკრიტიკებენ. სწორედ ამ კრიტიკის ნაწილში ამბობენ, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველს თავისი დღის წესრიგი უნდა წარუდგინოს და არა კობახიძის განცხადებებზე თავის მართლებები. მათი თქმით, ამომრჩეველი ოპოზიციის განცხადებებიდან ძალას არ გრძნობს, რადგან თავის მართლების პოზიციაში არიან, უწევთ ხალხისთვის იმის მტკიცება, რომ ომი არ უნდათ, ევროკავშირი უნდათ და ა.შ. მომდევნო ნაწილში კი ჭიაბერაშვილი ხსნის იმას, თუ რა უნდა აკეთოს ოპოზიციამ თავის მართლების ნაცვლად.

გადაცემაში ჭიაბერაშვილსა და სანაიას არსად უთქვამთ - „ევროკავშირში გვინდა და ომი არ გვინდა?“ შესაბამისად, ავტორის მტკიცება ყალბია. ამასთან ავტორის განცხადება, რომ ომი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმი არ არის, მკითხველს უტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახო სანაია ომის კრიტერიუმად ომს განიხილავდნენ. სინამდვილეში, ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ომის სურვილის დაბრალებაზე სწორი პასუხი იქნება, თუ იტყვი, რომ „თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის, თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა... თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს, შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს“.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ დამახინჯებულ ციტატაზე დაყრდნობით გამოთქმული მტკიცება, რომ ვახო სანაია და ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმად ომს ასახელებენ და მას ღიად ითხოვენ, ყალბია.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი