იტვირთება

რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი და უსაფუძვლო შეჭრიდან სამ თვეზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში რუსული დეზინფორმაციის წყაროები ყალბი ამბებისა და კონსპირაციების გავრცელებით აქტიურად ცდილობდნენ ომის დაწყების ან მისი გახანგრძლივების პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრონ.

ერთ-ერთი Facebook-მომხმარებელი აქვეყნებს ვიდეოს, რომლის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი 2016 წელს, ამერიკელი სენატორებისა და პოროშენკოს მიერ წინასწარ მომზადდა, როდესაც ისინი დონეცკის რეგიონში ვიზიტისას აზოვის ბატალიონს შეხვდნენ.

სინამდვილეში, გავრცელებულ მტკიცებას, რომელიც რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილ კონსპირაციას წარმოადგენს, სინადვილესთან კავშირი არ აქვს.

2016 წლის 30 დეკემბერს ამერიკელი სენატორები, ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი ქლობუჩარი კიევში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან მართლაც იმყოფებოდნენ. 2017 წლის დადგომას კი მაკკეინი, გრემი და ქლობუჩარი დონეცკის ოლქში, აზოვისპირეთში, სოფელ შიროკინოში უკრაინელ ჯარისკაცებს ერთად შეხვდნენ.

ფრონტისპირა სოფელი შიროკინო, სადაც სენატორები იმყოფებოდნენ, მარიუპოლსა და ოკუპირებულ ნოვოაზოვსკს შორის მდებარეობს. ხოლო სენატორების ვიზიტამდე 15 წუთით ადრე რუსმა ოკუპანტებმა სოფელზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს, რის საპასუხოდაც უკრაინელ ჯარისკაცებთან ადგილზე ჩასულმა მაკკეინმა განაცხადა, რომ პუტინი ვერ შეძლებს უკრაინას დამოუკიდებლობა წაართვას.

გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს, რომ მაკკეინი უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობას უხდის და მიმართავს: “2017 წელს ჩვენ დავამარცხებთ დამპყრობლებს და დავაბრუნებთ იქ, საიდანაც მოვიდნენ. მივმართავ ვლადიმერ პუტინს: თქვენ ვერასდროს დაამარცხებთ უკრაინელ ხალხს, ვერ წაართმევთ მათ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას”.

აღსანიშნავია, რომ კიევში ყოფნისას სენატორებს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც უმასპინძლა.

სენატორების უკრაინაში ვიზიტი 2016 წლის დეკემბრის მიწურულსა და 2017 წლის იანვრის დასაწყისში 7 დღიანი ტურნეს ნაწილი იყო, რომლის განმავლობაშიც ისინი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში იმყოფებოდნენ. სენატორების ტრიომ ტურნეს ფარგლებში 5 ქვეყნის, ბალტიისპირა ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს დედაქალაქები და ორი ფრონტისპირა ხაზი მოინახულეს.

ამერიკელი სენატორების ტურნე 2016 წლის 27 დეკემბერს დაიწყო ტალინში, სადაც ისინი ესტონეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 28 და 29 დეკემბერს, სენატორები რიგასა და ვილნიუსში, ლატვიისა და ლიტვის პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

ამერიკელი სენატორების ტურნეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 2016 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა და ტრამპის გაპრეზიდენტება უძღოდა წინ. ტრამპის მიერ პუტინთან ურთიერთობების დათბობას მაკკეინი თავიდანვე ღიად ეწინააღმდეგებოდა, სენატორებმა კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვიზიტით ისინი დაარწმუნეს, რომ, შეერთებული შტატები რუსული აგრესიის წინააღმდეგ მათ მხარს დაუჭერდა.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მომხმარებლის პოსტი ომის წინასწარ დაგეგმვის შესახებ ყალბი მტკიცების გარდა, კიდევ ერთ ყალბ მტკიცებას შეიცავს, სადაც აზოვის პოლკს ნაცისტებად მოიხსენიებს. მითები უკრიანასა და კერძოდ, აზოვის პოლკის ნაცისტურობის შესახებ აქტიურად მას შემდეგ ვრცელდება, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის მიზეზად "უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” დაასახელა.

სინამდვილეში, აზოვის პოლკი უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალურ დანიშნულებათა ოფიციალური სამთავრობო დანაყოფია, რომელიც უკრაინის შსს-ს კონტროლის ქვეშაა. Ხოლო უკრაინის ეროვნულ გვარდიაში არც ერთი დანაყოფი არ არის რომელიმე იდეოლოგიაზე დაფუძნებული.

ამასთან, პოლკის დამფუძნებელი ანდრეი ბელეცკი იყო, თუმცა პოლკის შექმნასა და შემდეგ მის დაფინანსებაში მონაწილეობას იღებდა ეთნიკურად ებრაელი, უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკიც.

2014 წელს, პოლკის დაარსებისას, დამფუძნებლებს შორის მართლაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ნეონაცისტური წარსული ჰქონდათ, თუმცა ყველა დამფუძნებელს მსგავსი წარსული არ ჰქონია. და, როგორც ნებისმიერ შეიარაღებულ ფორმირებას, რომელიც შეიქმნა ნაჩქარევად, რევოლუციის, ხელისუფლების შეცვლისა და მოულოდნელი ომის პირობებში, აზოვს აქვს თავისი ბნელი მხარეები, თუმცა, ბოლო წლებში ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა. ხოლო, წევრების დაკომპლექტების პრინციპი მნიშვნელოვნად შეიცვალა 2014 წლიდან შედარებით. შესაბამისად, ახლა პოლკის პრიორიტეტი არა იდეოლოგია, არამედ სამხედრო პოტენციალია.

ამავდროულად, რუსული პროპაგანდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, აზოვის წევრების უმრავლესობა წარმოშობით აღმოსავლეთ უკრაინიდანაა, რომელიც უკრაინის პრორუსულ ნაწილად ითვლება. 2014-2015 წლებშიც კი აზოვზე ნაცისტური იდეოლოგიის გავლენა საგრძნობლად გადაჭარბებული იყო, რაც დასტურდება, მათ შორის, არაუკრაინული წყაროებით. მაგალითად, BBC-ის ჟურნალისტი, დინა ნიუმენი, რომელიც კრიტიკულად აფასებდა აზოვის პოლკის რიგებში ნაცისტური იდეოლოგიის არსებობას, აღიარებს, რომ ისინი უმცირესობას წარმოადგენდნენ.

ამდენად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ უკრაინაში ამერიკელი სენატორები და პეტრო პოროშენკო რუსეთზე თავდასხმას “აზოვის ნაცისტურ ბატალიონთან ერთად” წინასწარ ამზადებდნენ, ყალბია. ერთი მხრივ, აზოვის პოლკის ნაცისტურობის შესახებ მითები არ დასტურდება, მეორე მხრივ, უკრაინას რუსეთზე თავდასხმა არ დაუგეგმავს და არც განუხორციელებია. რეალურად, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, 24 თებერვალს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე სწორედ რუსეთმა დაიწყო.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი