2022 წლის 4 მაისს ანტიდასავლური მედია „ალტ-ინფოს“ გადაცემის „დღის კომენტარი 13:00 საათზე“ მიწვეული სტუმარი, ვანო ბიბილეიშვილი, გადაცემის წამყვან მაცაცო გახოკიძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე საუბრობდა. გადაცემაში აღნიშნეს, რომ NDI-ს მიერ აპრილში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 82% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, საზოგადოების რეალურ აზრს არ ასახავს. გახოკიძის თქმით, NDI კვლევის დამკვეთისგან იღებს ნომრების რამდენიმე ათასკაციან ბაზას და სასურველი შედეგის მისაღებად გამოკითხვას საკუთარ აქტივისტებს შორის ატარებს .
რეალურად, „ალტ-ინფოს“ გადაცემაში გაჟღერებული მტკიცება დეზინფორმაციაა. NDI-ის აპრილში გამოქვეყნებული კვლევაში მონაწილე რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ და კვლევა ოკუპირებული ტერიტორიების გარდა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია.
„ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს,“ (CRRC) რომელმაც NDI-ის დაკვეთით 2022 წლის თებერვალსა და მარტში სატელეფონო ინტერვიუები ჩაატარა. CRRC Georgia-ის წარმომადგენლის განმარტებით: „კვლევაში შერჩევის მეთოდად გამოყენებულია ნომრების შემთხვევითი ციფრული გენერირების მეთოდი (RDD). პროგრამა Stata-ს რეპლიკაბელური კოდის გამოყენებით შემთხვევითი წესით გენერირდა 6-ნიშნა ნომრები, რომლებიც განაწილდა არსებული მობილური ოპერატორების ინდექსებზე (სამნიშნა ინდექსები, რომლებსაც იყენებენ მობილური ოპერატორები საქართველოში), ასევე შემთხვევითი წესით. გენერირებული ნომრების დიდი ნაწილი არ არის რეგისტრირებული აბონენტზე და არავინ გვპასუხობს, თუმცა ნომრების გარკვეული ნაწილი არსებული ნომრებია და მათზე გვპასუხობენ აბონენტები.“
CRRC Georgia-ს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვლის გამოკითხვისას კვლევისთვის 24921 ნომერი დაგენერირდა 18955-ზე დაირეკა, 2413-თან შედგა კონტაქტი და დაიწყო ინტერვიუ, დანარჩენი ნომრები ან არ არსებობდა, ან არ პასუხობდნენ, ან უარი თქვეს, ან ინტერვიუს ენა არ იცოდნენ, ან არ აკმაყოფილებდნენ კვლევის კრიტერიუმს (არასრულწლოვანი, შერჩევის გარეთ მცხოვრები, ნომერი ეკუთვნის ორგანიზაციას). ჯამში 2036 ინტერვიუ დასრულდა. 2022 წლის მარტის გამოკითხვისას კი პროგრამამ 24930 ნომერი შეადგინა, რომთაგანაც 18653-ზე დარეკეს და 2348-სთან შედგა კონტაქტი. მარტის გამოკითხვამ 2024 დასრულებული ინტერვიუ მოიცვა.
აღსანიშნავია, რომ ნომრების შემთხვევით ციფრული გენერირების მოდელი შემთხვევის შერჩევის საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. აღნიშნულ მიდგომას სატელეფონო ცნობარის გამოყენებასთან შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან ნომრების შემთხვევით ციფრული გენერირების მოდელის გამოყენებისას შერჩევაში ცნობარში არ აღრიცხული ნომრებიც შეიძლება მოხვდეს.
ამრიგად, მტკიცება, რომ NDI-ს გამოკითხვისთვის რესპონდენტების სია წინასწარ აქვს განსაზღვრული და ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა საზოგადოების აზრს არ ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
---------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.