2019 წლის ოქტომბერში, როგორც გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე ყველა, 22-ვე სასტუმროს, 9 აბანოს გამოისყიდდა და წყალტუბოს განვითარების ერთიანი გეგმის და კონცეფციის ფარგლებში, მათ სრულ რეაბილიტაციას განახორციელებდა.
განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამდა, სურვილის შემთხვევაში, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე (დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში ჩაშვება) შემდგომი ოპერირებისთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის გადაეცა. „ბუნებრივია ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით“,- აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.
აღნიშნული განცხადების გასაჯაროებიდან 2 წელი და 7 თვე გავიდა. ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში არათუ 22-ვე სასტუმრო, ერთიც არ გამოუსყიდია და შესაბამისად, არც არანაირი რეაბილიტაცია არ დაუწყია.
სამაგიეროდ, როგორც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან გახდა ცნობილი, წყალტუბოს წყალი კერძო ინვესტორისგან სახელმწიფომ დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარად გამოისყიდა.
„მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ ჩვენი და წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე - წყალი, იყო კერძო საკუთრება. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება, თუ მთავარი სიმდიდრე, როგორიც არის წყალტუბოს წყალი, არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება?! ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, ბიზნესმენს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა დაახლოებით 8 მილიონ დოლარად აღნიშნული სიმდიდრე. ეს საკუთრება ახლა უკვე არის ჩვენს ხელში“, - განაცხადა პრემიერმა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ზემოთ დასახელებულ განცხადებაში ხაზს უსვამდა, რომ „სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის“. წლების შემდეგ ასეულობით მილიონის არა, მაგრამ ერთი ათეული მილიონის რესურსის მოძიება წყალტუბოს წყლის გამოსასყიდად სახელმწიფომ მოახერხა.
წყალტუბოს წყლებს ათეულობით წლის განმავლობაში სს „ბალნეოსერვისი“ ფლობდა. სააქციო საზოგადოება საჯარო რეესტრში 1996 წლის თებერვალში არის დარეგისტრირებული. კომპანია 2012 წელს წყლების გამოყენების განახლებული ლიცენზია მოიპოვა, რაშიც 200 000 ლარი გადაიხადა. გადაცემულ ლიცენზიას თან საინვესტიციო ვალდებულებაც ერთოდა, კომპანიას 4.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რაც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განახორციელა კიდეც (წყარო: bm.ge). სახელმწიფომ წყალტუბოს წყლები სწორედ აღნიშნული კომპანიისგან გამოისყიდა.
როგორც პრემიერმა განმარტა, წყალტუბოს წყლის კერძო ინვესტორისგან გამოსყიდვა ინვესტორების მოსაზიდად იყო აუცილებელი. წყალტუბოს წყლები კერძო ინვესტორის მფლობელობაში იყო მაშინაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს „ფართომასშტაბიანი აღორძინების პროექტი“ დააანონსა. საინტერესოა, თუ წყალტუბოში წყლის გამოსყიდვის გარეშე ვერანაირი ინვესტიცია ვერ განხორციელდებოდა, ბიძინა ივანიშვილმა მარტო წყალი მაინც რატომ არ გამოისყიდა, თუ მას წყალტუბოს რეალური აღორძინება/რეაბილიტაცია სურდა.
წყალტუბოს „ბადენ-ბადენად“ ქცევის გეგმა მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა (იხილე „ფაქტ-მეტრის“ სტატია), თუმცა როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს იდეა მოკლა“. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში წყალტუბოში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა აღნიშნულ პროექტებს წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისად წყალტუბო „ბადენ-ბადენად“ ვერ იქცა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოგვიანებით უკვე ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა „წყალტუბოს აღორძინების პროექტი“, თუმცა აღნიშნულიდან 2.7 თვის თავზე პროექტის ფარგლებში რაიმე აქტივობის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გაჟღერებულა და შესაბამისად, პროექტი არც დაწყებულა.
ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად წყალტუბოში ფული სახელმწიფომ ჩადო, რაც იმის მაუწყებელია, რომ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოში ინვესტირების ინტერესი და სურვილი დაკარგა. რა სარგებელს მოუტანს წყალტუბოს წყლის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა წყალტუბოს, მოგვიანებით გამოჩნდება. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ იმის გარდა, რომ დაანონსებული და განუხორციელებელი პროექტები თავისთავად სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად აისახება, ცრუ დაპირებები მოსახლეობაში გადაჭარბებულ მოლოდინებს აჩენს, რაც საბოლოოდ მათი იმედგაცრუებით და მმართველი პარტიისადმი უნდობლობით სრულდება, რაც ყველაზე მეტად ალბათ „ქართული ოცნების“ ინტერესში არ უნდა შედიოდეს.