დავით სონღულაშვილი: მმართველობის 7 წლიან პერიოდებში „ქართული ოცნების“ პირობებში შემოვიდა 2.525 მლრდ დოლარით მეტი უცხოური ინვესტიცია. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ 7-წლიან მმართველობის დროს მოზიდული ინვესტიციები 1,580 მლრდ-ით აღემატება 2004-2012 წლების 9 წლიანი მმართველობის პერიოდს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით სონღულაშვილის განცხადება არის მანიპულირება
განცხადების პირველ ნაწილში, პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს, თუ რომელ 7-წლიან პერიოდებზეა საუბარი (მთავრობების მმართველობის საწყის თუ საბოლოო 7 წლებზე). ორივე შემთხვევაში, ინვესტიციების მოცულობა „ქართული ოცნების“ მმართველობისას მეტი იყო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წლებში, თუმცა არა პოლიტიკოსის მიერ დასახელებული 2.5 მლრდ აშშ დოლარით. რაც შეეხება მტკიცების მეორე ნაწილს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 1.7 მლრდ აშშ დოლარით მეტი ინვესტიციები შემოვიდა, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლის მმართველობის დროს. აღნიშნულ შემთხვევაში, პოლიტიკოსის განცხადება ფაქტობრივ მაჩვენებელს მეტ-ნაკლებად ემთხვევა.
უნდა აღინიშნოს რომ შედარებისას, ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის ანალიზია მნიშვნელოვანი. აღნიშნულ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკეთესი მონაცემები ცალსახად არ ფიქსირდება, რაც პოლიტიკოსის განცხადების პათოსთან წინააღმდეგობაშია. ასევე, პოლიტიკოსს შედარების მიზნით მოჰყავს დიდი, 7-წლიანი დროითი ინტერვალები, რითაც შედარებით წარმატებული 2013-2017 წლების ხარჯზე, მხედველობის მიღმა რჩება 2018-2019 - პრეპამნდემიური წლების დინამიკა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილი იყო და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან სონღულაშვილის განცხადება მანიპულირებაა.
ანალიზი:
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული შედეგები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს შეადარა, მათ შორის - პუი-ს სტატისტიკა, მისი განცხადებით: მმართველობის 7- წლიან პერიოდებში „ქართული ოცნების“ პირობებში შემოვიდა 2,525 მლრდ დოლარით მეტი უცხოური ინვესტიცია. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ 7-წლიანი მმართველობის დროს მოზიდული ინვესტიციები 1,580 მლრდ-ით აღემატება 2004-2012 წლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.
საქართველოსთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი), მუდმივად აქტუალური თემაა. უცხოური ინვესტიციები, საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის მქონე და გარდამავალი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ინვესტორთა სახსრები და გამოცდილება, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გასაფართოებლად და ეკონომიკის განვითარებისთვის ესაჭიროებათ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პუი ქვეყანაში არა მხოლოდ უშუალოდ უცხოური კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს, არამედ ცოდნის, ჰუმანიტარული კავშირების, ტექნოლოგიების დონის და გამოცდილების გაღრმავებასაც, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე. 2013-2021 წლებში, პუი-ს ჯამური მონაცემი 12.6 მლრდ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2004-2012 წლებში - 9.2 მლრდ აშშ დოლარი. შესაბამისად, ქართული ოცნების პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის პერიოდთან შედარებით 3.4 მლრდ აშშ დოლარი პუი შემოვიდა.
2013-2019 წლებში, დაახლოებით 10.8 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციები შემოვიდა, 2004-2010 დროს 7 მლრდ აშშ დოლარი, შესაბამისად, მმართველობების პირველი 7 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მმართველობისას ინვესტიციები დაახლოებით 3.9 მლრდ აშშ დოლარით მეტი იყო. მმართველობის ბოლო 7 წლის (2006-2012, 2015-2021) განმავლობაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისას შემოვიდა 8.2 მლრდ აშშ დოლარის პუი, ხოლო ქართული ოცნების დროს 9.7 მლრდ აშშ დოლარი, ანუ „ქართული ოცნების“ მმართველობისას შემოვიდა 1.5 მლრდ დოლარით-ით მეტი. ცხადია, ორივე შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დროს უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა, ბუნდოვანია, თუ რა პერიოდებს ადარებს პოლიტიკოსი, როდესაც 7 წლიან პერიოდებში 2.5 მლრდ აშშ დოლარის განსხვავებაზე საუბრობს.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 1.7 მლრდ აშშ დოლარით მეტი ინვესტიციები შემოვიდა, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლის მმართველობის დროს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მაჩვენებელი (1.5 მლრდ დოლარი) ფაქტობრივს მეტ-ნაკლებად შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ ორივე მთავრობის მმართველობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი კრიზისები მოხდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს ომი რუსეთთან და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი (2008-2012 წლებში), ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კოვიდ-პანდემია (2020-2021).
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2004-2021 წლებში, მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს %
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მეორე მხრივ, შედარებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებლის განხილვაც, ვინაიდან კონკრეტული ოდენობით რესურსი შესაძლებელია იყოს საკმარისად დიდი მცირე ეკონომიკის პირობებში და იყოს მცირე დიდი ეკონომიკის პირობებში. კონკრეტული სიდიდის ეკონომიკის პირობებში, პუი-ს მოზიდვის „წარმატება“, უშუალოდ ეკონომიკის ზომასთან მიმართებით უნდა განვიხილოთ. მით უფრო, „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური მემკვიდრეობა, „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით უფრო რთული იყო და ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის და ბიუჯეტის ზრდა და ა.შ, რადიკალურ რეფორმებს უკავშირდება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაატარა.
2003-2012 წლებში, პუი-ს მშპ-თან ფარდობის საშუალო მაჩვენებელი 9.7% იყო ხოლო 2013-2021 წლებში 8.4%. მმართველობის პირველი 7 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საშუალო ფარდობითი მაჩვენებელი იყო 9.4%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს 10.6%. შესაბამისად, ფარდობითი ანალიზით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს“ პუი-ს მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო. მეორე მხრივ, 2010 წლამდე და 2010 წლის შემდეგ, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება შეიძლება მხოლოდ საორიენტაციო სახის იყოს, ვინაიდან 2010 წლის შემდეგ, საქსტატის მიერ მშპ-ს მაჩვენებლის გამოთვლა ახალი მეთოდოლოგიით მოხდა, რამაც აღნიშნულ პერიოდში, მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა მოყვა (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხ სტატია). შესაბამისად, შესაძლოა, ფარდობითი მაჩვენებლები ორივე მთავრობის შემთხვევაში მსგავსი იყოს, თუმცა „ქართული ოცნების“ ცალსახა უპირატესობა არ იკვეთება.
პოლიტიკოსი, 7- წლიან დინამიკაზე სავარაუდოდ, 2020-2021 წლის გავლენის უგულებელყოფისთვის საუბრობს, რადგან პანდემიურმა ვითარებამ საინვესტიციო გარემო დააზარალა. თუმცა მეორე მხრივ, დიდი ინტერვალის განხილვისას არ ჩანს ფაქტი, რომ პანდემიამდე, 2018-2019 წლებშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილი იყო და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. სამწუხარო ფაქტია, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო, განეხორციელებინა მთელი რიგი საინვესტიციო პროექტები, როგორც პრეპანდემიურ, ასევე პანდემიურ პერიოდებშიც, მათ შორის - ანაკლიის პორტი, ნამახვანჰესი, სტრატეგიული მნიშვნელობის ჰესები. აღნიშნულმა, გარდა აშკარა ეკონომიკური დანაკარგისა, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი და კლიმატიც დააზარალა. აღნიშნული კონტექსტი, მმართველობის ფართო პერიოდების შედარებისას, არ ჩანს. ამასთან ერთად, აბსოლუტურ მაჩვენებელზე მეტად, როგორც აღვნიშნეთ, ფარდობითი მაჩვენებლების განხილვაა რელევანტური, სადაც „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით, უპირატესობა არ ფიქსირდება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან სონღულაშვილის განცხადება მანიპულირებაა.