6 მაისს Facebook-მომხმარებელმა ბაკურ სვანიძემ პოსტი გამოაქვეყნა. რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანო გაყალბებული არჩევნების შედეგად აირჩა. ავტორი ამტკიცებს, რომ უკრაინის საარჩევნო პროცესებში 2019 წელს შეერთებული შტატები ჩაერია. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, ის კრემლისტურ პროპაგანდასა და შეთქმულების თეორიას იმეორებს, რომლის თანახმადაც, ყველა დემოკრატიული პროცესის უკან, რომელიც მოსკოვის ინტერესებისთვის მიუღებელია, აშშ და დასავლეთი დგას.

Freedom House-ის ანგარიშების თანახმად, უკრაინა არა სრულად დემოკრატიულ, არამედ ჰიბრიდულ სახელმწიფოდ ითვლება. საერთაშორისო დამკვირვებლები უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებში გარკვეული დარღვევებზე საუბრობდნენ, თუმცა მათი დასკვნებით, არჩევნები არც არალეგიტიმური და არც გაყალბებულად არ შეფასებულა. მათ შორის, 2019 წელს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესებში არსებულ ცალკეულ დარღვევებზე ისაუბრეს, თუმცა მთლიანობაში არჩევნები კონკურენტულად და გამჭვირვალედ შეაფასეს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ანგარიშის თანახმად, მიუხედავად ამომრჩეველთა მოსყიდვის და თანამდებობის მქონე პირების მიერ საკუთარი უფლებამოსილების პირადი სარგებლისთვის გამოყენების მცდელობისა, არჩევნები საერთო ჯამში კონკურენტულ გარემოში წარიმართა და ამომრჩეველთა უფლებები და თავისუფლებები დაცული იყო. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კი არჩევნები „აღსანიშნავ მიღწევად“ შეაფასა. NDI-მ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლების ნების გამომხატველი იყო და უკრაინის კანონებს და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა.

საგულისხმოა ისიც, რომ 2019 წელს უკრაინაში მთავარ პროდასავლურ ძალად პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი პარტიული ბლოკი პოზიციონირებდა. ზელენსკის რუსეთის მიმართ პოროშენკოსთან შედარებით ნაკლებად ხისტი რიტორიკა ჰქონდა და ოპონენტები მას ხშირად პრორუსადაც მოიხსენიებდნენ. პოროშენკოს მარცხსა და ზელენსკის გამარჯვებას, მოსკოვში ბევრი სიხარულით შეხვდა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ისიც კი აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა გაჩნდა.

აქვე, აღსანიშნავია, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას არა შეერთებული შტატები, არამედ კრემლი ცდილობდა. NDI-ს ანგარიშის თანახმად, რუსეთი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდა, რომელიც უკრაინელ ამომრჩევლებს მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღებაში ხელს უშლიდა. რუსული მედიასაშუალებები გარკვეული პარტიებისა და პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ახდენდნენ და თავად არჩევნებს „ცირკს“ უწოდებდნენ.

რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ რამდენიმე თვით ადრე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას. ანალიტიკური ცენტრი Atlantic Council-ს მოხსენების თანახმად, რუსეთი თავად საარჩევნო პროცესისა და სანდოობის დისკრედიტაციას ახდენდა. დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი გზავნილი არჩევნების ლეგიტიმურობას შეეხებოდა. კრემლი ამტკიცებდა, რომ ის აუცილებლად გაყალბდებოდა. რუსული მედიასაშუალებები საერთაშორისო დამკვირვებლების, მაგალითად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა (PACE) და ეუთოს ნეიტრალურ ან პოზიტიურ შეფასებებს უგულებელყოფდნენ და მათ ანგარიშებში არსებულ მცირე შენიშვნებსაც კი აზვიადებდნენ. მათი თავდასხმის მთავარი ობიექტი კი პრეზიდენტი პოროშენკო იყო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ასევე გაჟღერდა მტკიცება, რომ ზელენსკისა და არესტოვიჩს „აზოვის“ პოლკის განზრახ განადგურება სურთ. მარიუპოლში ჩარჩენილი ბატალიონის ლიდერებმა უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებები მართლაც გააკეთეს, თუმცა მათი განცხადებები არა „აზოვის“ განზრახ მიტოვებასა და გაწირვას, არამედ ხელისუფლებისგან უფრო მეტი ძალისხმევისკენ მოწოდებას გულისხმობდა. მაგალითად, აზოვის პოლკის ვიცე-მეთაურმა სვიატოსლავ პალამარმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ პირველ მაისს სამშვიდობოთა დაახლოებით ასკაციანი ჯგუფის ევაკუაციის აღნიშვნა ცინიკური ქმედება იყო და ისინი უკეთესად რომ ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს, მასობრივი ევაკუაცია შესაძლებელი იქნებოდა.

უკრაინის ხელისუფლებამ „აზოვის“ პოლკის ევაკუაციის საკითხზე რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილი ჯერ კიდევ 20 აპრილს გამოთქვა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 10 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს იყენებდა მარიუპოლში ჩარჩენილი სამშვიდობოების და სამხედროების გამოსაყვანად, თუმცა რუსეთი ამ საკითხზე დათმობაზე არ მიდიოდა. მოლაპარაკებებში უკრაინულმა მხარემ ფინეთის პრეზიდენტიც კი ჩართო და 13 მაისს იმედი გამოთქვა, რომ მისი შუამდგომლობით არა მხოლოდ ცოცხალი და დაჭრილი მებრძოლების, არამედ მიცვალებულების გამოყვანაც გახდებოდა შესაძლებელი. 16 მაისს „აზოვის“ პოლკის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ სიცოცხლის გადარჩენისთვის აზოვსტალში გამაგრებული მეომრები უკრაინის მთავარსარდლის მიღებულ გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი საღამოს მიმართვაში აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები და დაზვერვა წითელ ჯვართან და გაეროსთან ერთად მუშაობს მარიუპოლიდან მეომრების გამოსაყვანად. მისი თქმით, „უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.“ 17 მაისს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლის მცველებმა საკუთარი მისია შეასრულეს. განცხადების თანახმად, 53 დაჭრილი მეომარი სამკურნალოდ ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, ხოლო 211 სამხედრო ჰუმანიტარული კორიდორით ოლენივკაში გაიყვანეს. გენერალურმა შტაბმა აზოვსტალის მცველებს „ჩვენი დროის გმირები“ უწოდა და აღნიშნა, რომ მეომრები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთთან გაცვლის შემდეგ დაბრუნდებიან. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ქალაქში ჩარჩენილი დაახლოებით ათასი სამხედროს გამოსაყვანად მუშაობა გრძელდება.

ამდენად, მტკიცება, რომ ზელენსკის მთავრობამ განზრახ მიატოვა „აზოვის“ მებრძოლები, საფუძველს მოკლებულია და სრულად უგულებელყოფს მთლიანად მარიუპოლისა და აზოვსტალის ბლოკადაში დამნაშავე მთავარ მხარეს, რუსეთს. მარიუპოლის აღება კრემლისთვის ომის დასაწყისიდანვე ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა და ქალაქის ბლოკადა კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე, 2 მარტს დაიწყო. უკრაინა ალყაში მოქცეული მეომრების დახმარებას კვირების განმავლობაში აგრძელებდა. ქალაქის გარნიზონისთვის შეიარაღების მისაწოდებლად და დაჭრილების გამოსაყვანად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერტმფრენების გამოყენებით რამდენიმე სარისკო ფრენა შეასრულა, თუმცა ომის შემდგომ ეტაპზე „აზოვის“ პოლკის ამ გზით დახმარება შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოება მარიუპოლში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სწორედ რუსეთს აკისრებს. 4 მარტს მიღებულ გაეროს რეზოლუციაში „უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“, რომელსაც 140 სახელმწიფო უჭერს მხარს, დაგმობილია რუსეთის მიერ მარიუპოლზე თავდასხმა და ქალაქის ალყაში მოქცევა.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.