ირაკლი ზარქუა: რუსთავის 2-ის თემის შემდეგ არაერთხელ დაწინაურდა საქართველო [მედია რეიტინგში] და ევროკავშირის ქვეყნებსაც ვასწრებდით, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ზარქუას განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: ირაკლი ზარქუა რეიტინგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ე.წ. „რუსთავის 2-ის“ საქმის შემდეგ საქართველომ მედიის რეიტინგში წინ წაიწია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება 2019 წლის 18 ივლისს გამოიტანა. საერთო ჯამში, სტატიაში განხილული - როგორც მედია გარემოსთან, ასევე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეიტინგები, აჩვენებს, რომ საქართველოს საუკეთესო შეფასებები ძირითადად 2017-2018 წლებში ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ საქართველოს მდგომარეობა რეიტინგებში მუდმივად უარესდება.
სტატიაში განხილული რეიტინგების უმეტესობაში, საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 2 წევრ სახელმწიფოს, ბულგარეთსა და უნგრეთს უსწრებს. აღნიშნული იმ ფაქტს არ ცვლის, რომ საქართველოს პოზიცია რუსთავის 2-ის საქმის შემდეგ მედიის და მართლმსაჯულების რეიტინგებში გაუარესებულია. შესაბამისად, ირაკლი ზარქუას განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2022 წლის 16 მაისს, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო. პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. დასახელებულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა. ხოლო ე.წ. „ავტომობილის საქმეზე“ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ გვარამიას საქმეს პოლიტიკური მოტივები არ გააჩნია. მისივე თქმით, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ „რუსთავის 2-ის თემის შემდეგ, საქართველო არაერთხელ დაწინაურდა მედია რეიტინგებში და ევროკავშირის ქვეყნებსაც კი ვასწრებდით, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით“.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ზარქუას განცხადება გადაამოწმა და ქვემოთ მედია გარემოსთან და მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეიტინგების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.
„პრესის თავისუფლების ინდექსი“
„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებლობასა და თავისუფლების ხარისხს და მათ მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას აფასებს. ყოველწლიური ანგარიში წინა წლის მდგომარეობას ასახავს. კვლევაში წარმოდგენილი ქვეყნები მედიის თავისუფლების ხარისხის მიხედვით, 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 საუკეთესო შეფასებაა. ეს გულისხმობს, რომ, რაც უფრო მეტი ქულაა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უკეთესია და პირიქით.
„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ რეიტინგში საქართველო 2003 წლიდან არის შეფასებული. 2022 წელს მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველომ 59.3 ქულა მიიღო და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, 89-ე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეფასება - წინ წელთან შედარებით, 12.06 ქულით არის გაუარესებული, ხოლო პოზიციურად საქართველომ 29 საფეხურით დაიხია უკან. საქართველო ამ შეფასებით ევროკავშირის 2 სახელმწიფოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს უსწრებს, ხოლო კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა.
ცხრილი 1: „პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასებები 2003-2022 წლებში
წყარო: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შეფასების გაუარესების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებია. „ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები, ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა“. ასევე, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ინდიკატორის განხილვისას, აღნიშნულია, რომ „ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები ხშირია. აგრესორებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. 2021 წლის ივლისში 50 ჟურნალისტზე სასტიკმა თავდასხმამ და კონტრდემონსტრანტების მხრიდან ლინჩის წესებით მოქმედებამ, საქართველოში ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვნად უკან დახია. ამასთან, მოვლენის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის არარსებობა მეტყველებს იმ დაუსჯელობის შესახებ, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები“.
ირაკლი ზარქუა რეიტინგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ე.წ. „რუსთავის 2-ის“ საქმის მერე საქართველომ მედიის რეიტინგში წინ წაიწია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება 2019 წლის 18 ივლისს გამოიტანა. იქიდან გამომდინარე, რომ „პრესის თავისუფლების ინდექსი“ წინ წლის მდგომარეობას ასახავს, ირაკლი ზარქუას განცხადების შემოწმებისთვის 2020-2022 წლის შეფასებებია რელევანტური. როგორც ცხრილი 1- დან ჩანს, საქართველოს შეფასება 2018 წლის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. 2020 წელს - 2019 წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება 0.39 ქულით გაიზარდა, თუმცა 2018 წელთან შედარებით 1.15 ქულით ნაკლები იყო. შეფასების შემცირების ტენდენცია 2021-2022 წლებშიც გაგრძელდა, ამ ჟამად საქართველოს შეფასება 2018 წელთან შედარებით, 13.36 ქულით, ხოლო პოზიცია 28 საფეხურით არის გაუარესებული. საერთო ჯამში, აღნიშნული მიუთითებს, რომ ბოლო წლებში საქართველოში მედია გარემო მუდმივად უარესდება (“პრესის თავისუფლების ინდექსის“ შესახებ უფრო ვრცლად, იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია) .
„FreedomHouse”
გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, „Freedom House“ ქვეყნებს, თავისუფლების კუთხით, ყოველწლიურად აფასებს. „Freedom House - ის“ ყოველწლიური ანგარიშები წინა წლის მოვლენებს ასახავს. ორგანიზაცია ქვეყნის თავისუფლების დონეს, ორი კატეგორიით - პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით, 100-ქულიანი სკალიდან აფასებს, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ეთმობა. 2022 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2022“, საქართველო 100-დან 58 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნების რიცხვში მოხვდა. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ 22, ხოლო სამოქალაქო უფლებების კუთხით 36 ქულა მიიღო. საქართველოს საერთო რეიტინგი, შარშანდელთან შედარებით, 2 ქულით შემცირდა.
გრაფიკი 1: „Freedom House -ის“ ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს შეფასება 2014-2022 წლებში
წყარო: Freedom House
ანგარიშში საქართველოს დახასიათებისას აღნიშნულია, რომ „ საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები იმართება. მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ 2012-13 წლებში ხელისუფლების ცვლილების პერიოდში, გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა დაიწყო. ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე არსებობს ოლიგარქიული ზეგავლენები. ეს იწვევს საკითხების პოლიტიზებას, რაც თავის მხრივ, კანონის უზენაესობას უთხრის ძირს. ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული“.
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები”
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა; რეგულირების ხარისხი; სახელმწიფოს ეფექტიანობა; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 30-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი ქვეყნების რეიტინგს თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით ქმნის.
„კანონის უზენაესობის” ინდიკატორი ქვეყნებს საკუთრების უფლების დაცულობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის, პოლიციის სანდოობის, კრიმინოგენური ვითარებისა და ძალადობრივი გარემოს კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. 2021 წლის შეფასებაში საქართველომ 61.06 % მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, 0.96 %-ით ნაკლებია. საყურადღებოა, რომ 2018 წლიდან საქართველოს შეფასება მუდმივად იკლებს.
გრაფიკი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-21 წლებში
წყარო: მსოფლიო ბანკი
„კანონის უზენაესობის“ კუთხით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 და 2016 წლებში ჰქონდა. კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს შეფასება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეფასებების საშუალო მაჩვენებელზე 5.23 ქულით ნაკლებია. „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 3 ქვეყანას, იტალიას, ბულგარეთს და უნგრეთს უსწრებს.
„კანონის უზენაესობის ინდექსი“ ( Rule of Law index - WJP)
„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP) ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგში ქვეყნები 8 ძირითადი კრიტერიუმისა და 44 ქვეკრიტერიუმის მიხედვით ფასდება. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების აღსრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს სკალაზე 0-დან 1-მდე აფასებს, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. ინდექსის შესადგენად, WJP ადგილობრივი კომპანიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებს, რომელშიც ყოველი ქვეყნიდან 1000 რესპონდენტი მონაწილეობს. გამოკითხვისთვის, კითხვარს კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივი ექსპერტები და შესაბამის სფეროში მოღვაწე პირები ადგენენ.
ცხრილი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2014-2021 წლებში
წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.
„კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 2021 წელს 0.61 ქულა დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში 49-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება 0.01- ით ქულით გაუმჯობესდა, ხოლო პოზიცია 7 ადგილით გაუარესდა. 2021 წლის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის, მხოლოდ 2 ქვეყანას, ბულგარეთსა და უნგრეთს უსწრებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ შეფასების უმნიშვნელოდ გაუმჯობესების მიუხედავად, პოზიციურად საქართველო 7 საფეხურით დაქვეითდა. ამასთან, 2021 წლის შეფასებით საქართველოს 2017-2019 წლების შეფასებას დაუბრუნდა. საუკეთესო შედეგი საქართველოს 2015 და 2016 წლებში ჰქონდა.
ზემოთ განხილული რეიტინგების გათვალისწინებით, ირაკლი ზარქუას მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ირაკლი ზარქუა განცხადებაში აქცენტს ე.წ. „რუსთავი 2-ის საქმის“ დასრულების შემდგომი პერიოდის (2019 წლიდან დღემდე) რეიტინგებზე აკეთებს. საერთო ჯამში, როგორც მედია გარემოსთან, ასევე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს საუკეთესო შეფასებები ძირითადად 2017-2018 წლებში ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ საქართველოს მდგომარეობა რეიტინგებში მუდმივად უარესდება. განხილულ რეიტინგებში საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 2 სახელმწიფოს, უნგრეთსა და ბულგარეთს უსწრებს.