2022 წლის 5 მაისს პრორუსულმა გამოცემამ - საქინფორმი - არნო ხიდირბეგიშვილის ავტორობით გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „ხიდირბეგიშვილი - რუსეთის წინაშე ზელენსკისა და სააკაშვილის დამსახურების შესახებ“. სტატია არაერთ დეზინფორმაციასა და რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილს შეიცავს.
დეზინფორმაცია #1: ზელენსკი 8 წლის განმავლობაში არ ასრულებდა მინსკის შეთანხმებებს და აიძულა რუსეთი ეომა
„მინსკის შეთანხმებით“ რუსეთის მხარე წლებია, იმ ნარატივის გასამყარებლად მანიპულირებს, რომ უკრაინა ვალდებულებებს არ ასრულებს, რუსეთი კი იძულებული ხდება, ომი აწარმოოს.
2014 წლის სექტემბერში დონბასის რეგიონში ომის დასრულებაზე ეუთო-ს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გერმანიისა და საფრანგეთის მედიაციით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შედეგად, 5 სექტემბერს, ხელი მოეწერა მინსკის 12 პუნქტიან პროტოკოლს. „მინსკის პროტოკოლმა“ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ომის დასრულება ვერ უზრუნველყო. მორიგი მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წლის 12 თებერვალს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის მორიგ ხელშეკრულებას „მინსკი II“. „მინსკის პროტოკოლი“ და „მინსკი II” ერთმანეთის შემავსებელი დოკუმენტებია.
მინსკის პროტოკოლისა“ და „მინსკი II’’-ის დოკუმენტით ორივე მხარეს - უკრაინასა და რუსეთს, ვალდებულება ეკისრებათ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულონ. თუმცა, რუსეთი უარყოფს, რომ კონფლიქტის მხარეა და შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს მხოლოდ უკრაინის მიერ შესასრულებელ პუნქტებად მიიჩნევს. სინამდვილეში, ხელშეკრულებების ტექსტში გვხვდება პუნქტები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის მხარედ ყოფნას ადასტურებს. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მართალია, უკრაინას, ისევე როგორც რუსეთს, მინსკის შეთანხმების ძირითადი პუნქტები არ შეუსრულებია, თუმცა ამის მიზეზი მინსკის შეთანხმებაში დონბასის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების საკითხია. შეთანხმება ამ პუნქტით, სავარაუდოდ, უკრაინის საკონსტიტუციო რესტრუქტურიზაციასაც ითვალისწინებს, რაც დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან „კონსულტაციებით და შეთანხმებით“ უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ბუნდოვანია, ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები დონბასში და სპეციალური სტატუსი ტერიტორიის რა ფართობს მოიაზრებს.
ამასთან, რუსეთი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას - გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. რუსული მხარის მტკიცებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ის კონფლიქტის მხარე არაა და არც გაწერილი ვალდებულებების შესრულება ევალება. სინამდვილეში, რუსეთი კონფლიქტის მხარეა და მინსკის ხელშეკრულების ისეთივე ხელმომწერია, როგორც უკრაინა. „მინსკის პროტოკოლის“ და „მინსკი II“ და მე-10 პუნქტებში მოცემულია ვალდებულება უკრაინის ტერიტორიიდან ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირებების, მათ შორის, დაქირავებული მებრძოლების გაყვანისა და ყველა არალეგალური ჯგუფის განიარაღების შესახებ. ხელშეკრულებაში აღნიშნულ პუნქტზე ხელმოწერით რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირებისა და სამხედრო შეიარაღების გაყვანას ეთანხმება.
ამრიგად, მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობაში მხოლოდ უკრაინის დადანაშაულება და შეთანხმების ვალდებულებებიდან რუსეთის დისტანცირება, მცდარია. მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას არც რუსეთი არ ასრულებს.
ამასთან ყალბია მტკიცება, რომ უკრაინამ მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობით და რუსეთთან დიალოგზე უარის თქმით, ომი გამოიწვია. ომის წარმოებაში ერთადერთი დამნაშავე რუსეთია, რომელმაც სუვერენული უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაარღვია.
რეალურად, რუსეთი უკრაინის ყველა მცდელობასა და მოწოდებას დიპლომატიის გზით გადაჭრილიყო ესკალაცია, უგულებელყოფდა. უკრაინაზე რეალური საბაბის გარეშე სრულმასშტაბიან თავდასხმამდე, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 200 ათასამდე ჯარისკაცი განალაგა და „სამხედრო-ტექნიკური“ საშუალებების გამოყენებით იმუქრებოდა, რაც ძალის გამოყენებით მუქარად შეიძლება შეფასდეს. ეს კი, თავის მხრივ, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათი ათასობით ჯარისკაცი განალაგა, როგორც თავად აცხადებდა „NATO-სგან მომდინარე საფრთხის პასუხად“. შემდგომ რუსეთი ამტკიცებდა, რომ დანაყოფების ნაწილი უკან გაიყვანა. თუმცა ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა მხოლოდ ჯარის მცირე ნაწილი გაიყვანა და უკრაინის საზღვართან დიდი ძალები განლაგებული დატოვა. ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რუსეთმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანას იწყებდა, თუმცა ეს პრაქტიკაში არ განხორციელებულა.
კრიზისის განმავლობაში, ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა და მოლაპარაკება არაერთხელ შესთავაზა - პირველად 2021 წლის აპრილში; შემდეგ 2022 წლის იანვარში ზელენსკი პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვედრას სთავაზობდა, თუმცა არა სოჭში; ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისასაც შესთავაზა; მაგრამ რუსული მხარე ზელენსკის მოწოდებებს შეხვედრისა და მოლაპარაკებების შესახებ არ დაეთანხმა.
უკრაინის საკითხის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები აშშ-ის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და ა.შ., წარმომადგენლებმა (სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე) გამართეს, თუმცა უშედეგოდ - საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. ასევე ზელენსკის რუსეთზე ან დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონში ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდასხმის მუქარას არ განუხორციელებია. იგი მხოლოდ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის მიერ თავდაცვის შესახებ საუბრობდა, რაც გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით გარანტირებულ თავის დაცვის უფლებას წარმოადგენს, და ამ კონტექსტში აცხადებდა, რომ დიდი რისკი იქნებოდა ყველასთვის, ვინც მათი ტერიტორიის ოკუპაციას შეეცდებოდა.
ხიდირბეგიშვილი სტატიაში ასევე ამტკიცებს, რომ ანტირუსული სანქციებით ევროპა ზელენსკიმ ნებით თუ უნებლიეთ „დაღუპა“. აღნიშნული მტკიცებაც შეცდომაში შემყვანია. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთადერთი მიზეზი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის გაუმართლებელი შეჭრა და აგრესიაა. საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება რუსეთის აგრესიის შესახებ იხილეთ აღნიშნულ სტატიაში.
დეზინფორმაცია #2: ზელენსკიმ პუტინი სიცოცხლეშივე წმინდანად აქცია, იმიტომ რომ სტალინის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ერთადერთმა გაბედა და მთელი რუსეთი ნაციზმის წინააღმდეგ ფეხზე წამოაყენა!
კრემლის ანტი-უკრაინული პროპაგანდის მთავარი ნარატივი იმის მტკიცებაა, რომ უკრაინა არის ნაცისტური, ფაშისტური სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეებს ეროვნული ნიშნით ავიწროებს და უკრაინულის გარდა სხვა ენაზე საუბარს უკრძალავს.
თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებაში ამ საკითხზე მკაფიო კონსენსუსია - უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსული პროპაგანდის მიერ წოდებულ „ნაცისტური სახელმწიფოსთან“ და ამას არაერთი მაღალი რანგის ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მოწმობენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცრუ ბრალდებები უწოდა კრემლის გზავნილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ნაციზმთან და ფაშიზმთან ბრძოლას ისახავს მიზნად. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ასევე გამოთქვა საკუთარი აზრი პუტინის მიერ დონბასში გენოციდის შეფასებასთან დაკავშირებით - 2022 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მან ამ ბრალდებებს უბრალოდ „სასაცილო“ (ridiculous) უწოდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომლის მამინაცვალი ჰოლოკოსტის გადარჩენილი ებრაელი იყო, 2022 წლის 17 თებერვალს გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად საბაბს შექმნის „რუსეთმა შეიძლება აღწეროს ეს მოვლენები, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი, მასხრად აიგდებს იმ კონცეფციას, რომელსაც ჩვენ ამ პალატაში ასე მსუბუქად არ ვუყურებთ და არც მე ვუყურებ მსუბუქად ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე“.
უკრაინაში თითქოსდა გენოციდის შესახებ აქტიური რიტორიკის მიუხედავად, რუსეთმა ბრალდებების დამტკიცება ვერ შეძლო. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური განადგურება მოხდა. ეუთოს მისიამ, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს, უკრაინის მიერ დონბასის მოსახლეობის გენოციდის ფაქტის დამადასტურებელი ფაქტი ვერ იპოვა.
არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს მოსკოვის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი ან ეთნიკური რუსი მაცხოვრებლები იდევნებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გენოციდზე. აღნიშნულს ადასტურებს ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები.
უკრაინამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) შეიტანა სარჩელი, რათა გაეპროტესტებინა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრისთვის დასახელებული საბაბი - რომ რუსეთმა უკრაინაში დონბასში უკრაინის მიერ მოწყობილი გენოციდი უნდა დაასრულოს.
2022 წლის 16 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე წინასწარი გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. სასამართლოს დადგენილებით „მოცემულ გარემოებებში გაეროს საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს სამართლიანი უფლება არ იყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე თითქოსდა გენოციდის პრევენციის ან დასჯის მიზნით“. ჰააგის სასამართლომ ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო“ და „ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება“.
აღნიშნულ მტკიცებებთან ერთად, სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, კრემლის აგენტია, რადგან მან „თითქმის იძულებით შეაჩეჩა რუსეთს აფხაზეთი და სამაჩაბლო, კოდორის ხეობითა და შიდა ქართლის ასობით ქართული სოფლითურთ!“ ნარატივი, რომ 2008 წელს სააკაშვილმა რუსეთს ტერიტორიები ჩააბარა, წლებია აქტიურად ვრცელდება. აღნიშნული დეზინფორმაცია კრემლის პროპაგანდაა, რაც აგვისტოს ომში რუსეთის პასუხისმგებლობის ნიველირებას ემსახურება.
2008 წლის ომის საბოლოო პრაქტიკული მომზადება რუსეთმა ჯერ კიდევ 2006 წლის დასაწყისში დაიწყო. 2006 წლის მარტში რუსეთი სამხედრო ბაზის მშენებლობას შეუდგა სოფელ ელბაქითაში, ჯავის მახლობლად. ასევე, 2006 წელს ჯავის რაიონში აშენდა ტანკების საწვავით გასამართი სადგური. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის „სამშვიდობო“ ძალებს ტანკები არ ჰყავდათ. 2007-2008 წლებში რუსეთმა საქართველოში თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას კიდევ ორი ბაზა დაუმატა. ერთი უგარდანთაში (ჯავის მახლობლად) აშენდა, ხოლო მეორე – ქალაქ ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მოგვიანებით, სწორედ უგარდანთას ბაზაზე დროებით განლაგდნენ ომის პირველ დღეს – 2008 წლის 7 აგვისტოს – რუსეთიდან შემოჭრილი სამხედრო ძალები. ბაზის მშენებლობა 2008 წლის ივლისში დასრულდა.
აგვისტოს პირველ დღეებში უკვე დაიწყო ცხინვალის რეგიონში როგორც რუსული ჯარის შენაერთების, ასევე ნახევრად ფორმალური რაზმების მუდმივი შემოდინება, რომელიც 7 აგვისტოსთვის მასშტაბურ შემოჭრაში გადაიზარდა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ, რასაც ასობით მსხვერპლი, ათასობით დაჭრილი და ათიათასობით დევნილი მოჰყვა, 2008 წლის 26 აგვისტოს დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია, რუსეთმა კი ანალოგიური სცენარით 2014 წელს ყირიმის ანექსია და დონბასის ოკუპაცია მოახდინა, 2022 წლის თებერვალში კი მორიგი სრულმასშტაბიანი სამხედრო იერიში მიიტანა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე.
-----------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.