ირაკლი ღარიბაშვილი: 3 წელიწადში წყალმომარაგების პროექტები ყველა მუნიციპალიტეტში დასრულდება და ყველა 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერის დაპირება ვერ შესრულდება.
რეზიუმე: სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2020 წლისთვის წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 69% იყო.
2013 წელს ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემა მოსახლეობის 58%-ს ჰქონდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 8-წლიან პერიოდში აღნიშნული მოსახლეობის რაოდენობა 15 პროცენტული პუნქტით გაიზარდა - წელიწადში საშუალოდ 2 პროცენტული პუნქტით. პრემიერის მიერ წყალმომარაგების პროექტების დასასრულებლად დაანონსებული 350 მლნ ლარი (სამ წელიწადში) - წლიურად 117 მლნ ლარის დახარჯვას გულისხმობს. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დასახელებულზე მეტი თანხა ყოველ წელს ისედაც იხარჯებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 15. 6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გაცილებით მოკლე დროში, უფრო ნაკლები ბიუჯეტით - მოსახლეობის 31%-ის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, შეუძლებლად მიგვაჩნია.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერის დაპირება სამ წელიწადში ყველა მუნიციპალიტეტის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის შესახებ, ვერ შესრულდება.
ანალიზი
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ხელისუფლების მიერ შემდგომ სამ წელში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და ცალკეული მიმართულებით დაპირებებიც გასცა.
პრემიერის დაპირებით, 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. „ყველა მუნიციპალიტეტში ბოლო სამ წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს. აღნიშნული პროექტი 350 მლნ ლარით დაფინანსდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წელს, საქართველოს მასშტაბით, ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემა მოსახლეობის 73.4%-ს ჰქონდა. ბოლო წლების სტატისტიკური მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 1: შინამეურნეობების განაწილება სასმელი წყლის ძირითადი წყაროების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სტატისტიკის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემით არის უზრუნველყოფილი, 15.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც წლიურად საშუალოდ 2%-მდე ზრდას შეადგენს.
ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემა თბილისში მოსახლეობის 99.5%-ს აქვს. რაც შეეხება რეგიონებს, 2020 წლისთვის შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: კახეთი - 61.4%, შიდა ქართლი - 52.1%, ქვემო ქართლი - 67.5%, სამცხე-ჯავახეთი - 77.9%, აჭარის ა/რ -77%, გურია - 42.4%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40.7%, იმერეთი -61.2%, მცხეთა-მთიანეთი - 71.1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.3%. მონაცემების მიხედვით, თბილისის შემდეგ, ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემით ყველაზე მეტი მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთში, აჭარის ა/რ და მცხეთა-მთიანეთშია.
სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 25 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 229.2 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.57 მილიონი ადამიანი (68.9 %), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.1%-ით აღემატება.
გრაფიკი 1: წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის. „ქართული ოცნების“ პირობებში, წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა წლიურად საშუალოდ 2%-ით იზრდებოდა. პრემიერი დაპირებაში აცხადებს, რომ 3 წელიწადში უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის 31% არათუ წყლის სისტემაზე მიერთებული, არამედ 24-წყლიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, თანაც აღნიშნულის მიღწევა პრემიერს 350 მლნ ლარად სურს.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ბოლო პერიოდში ყოველ წელს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო გამოყოფილი ( 2016 წელი -166 მლნ, 2017 წელი -184 მლნ, 2018 წელი -195 მლნ, 2019 წელი - 294 მლნ, 2020 წელი - 245 მლნ, 2021 წელი - 330 მლნ). პრემიერის მიერ დაანონსებული 350 მლნ ლარი - წლიურად 117 მლნ ლარის დახარჯვას გულისხმობს. როგორც აღვნიშნეთ, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე დასახელებულზე გაცილებით მეტი თანხა ყოველ წელს იხარჯებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 15. 6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გაცილებით მოკლე დროში, უფრო ნაკლები ბიუჯეტით - მოსახლეობის 31%-ის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, შეუძლებლად მიგვაჩნია.
შესაბამისად, პრემიერ დაპირება, რომ 2025 წლისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, ვერ შესრულდება.